მულტიმედია
ძაღლების ,,ბებო“
FaceBook
ბომბორა, პუსკა, ჭრელა, შავკუდა, უკუდო და კიდევ სხვა ათეულობით უპატრონო ძაღლი, ყოველ დილით ერთ ბებოს ელოდება.

მათი შეხვედრის ადგილი ქუთაისის ცენტრალური ქუჩებია, დრო, დილის რვა საათი.

ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ქალაქში, 82 წლის მარტოხელა მინდარა ნორაკიძე, ხელჯოხით და ორი მძიმე ცელოფნით გამოდის. გზად შემხვედრ მშიერ ცხოველებს საგულდაგულოდ მოხარშულ, ალაგ-ალაგ ხორცშერჩენილ ძვლებს ურიგებს და შემდეგ, თითოეულს ეფერება.

,,ისე ვანაწილებ ჩემს პენსიას, მშიერი არც მე დავრჩე და არც უპატრონო ძაღლები. ზოგჯერ საშაურმეების მეპატრონეებიც მეხმარებიან, უსასყიდლოდ მაძლევენ ძვლებს. როცა აღარც ფული და არც ძვლების ნარჩენებია, მაშინ საკვები მაღაზიიდან მომაქვს სესხად".

ძაღლების დაპურებასთან ერთად, მინდარა ცხოველების ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. მაგალითად, თუ რომელიმე ავად ხდება, ვეტერინართან მიჰყავს, წამლებსაც ყიდულობს. 

მინდარა ბებო უკვე 5 წელია რაც უპატრონო ძაღლების პატრონია. მართალია, ცხოველები ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ახალგაზრდობის წლები მთლიანად ოჯახს, მეუღლეს დაუთმო.

,,არასდროს მიმუშავია, თუმცა პროფესიით ფილოლოგი ვარ. ჩემი მეუღლე საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მწვრთნელი, ანატოლ-გიგა ნორაკიძე იყო. ფეხბურთი
არ მიყვარდა, მაგრამ ყველა მატჩს ვესწრებოდი ქმრის სიყვარულით. განვიცდიდი ქუთაისის წაგებას, თუ მოგებას. ახლა ყველაფერი ტკბილად მაგონდება და მინდა ბევრი სიკეთე ვაკეთო".

ზოგჯერ წინააღმდეგობრივია მინდარასთვის კეთილი საქმის კეთება, რადგან ცხოველების მიმართ არაკეთილგანწყობილ ადამიანებს მისი გაგება უჭირთ. უფრო მეტიც, ხშირად, ამის გამო აგრესიულად ეპყრობიან.

"ალბათ, ძაღლების ეშინიათ და ასე ამიტომაც იქცევიან. მე კი გული მწყდება, შეურაცხყოფას რომ მაყენებენ, სულელს მეძახიან".

სამაგიეროდ, მინდარასი კარგად ესმის ცხოველების მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანებს და ერთ ყველაზე გამორჩეულად ჭკვიან ,,ბობმბორას".

,,ბომბორა კავკასიური ნაგაზია. ვფიქრობ ოდესღაც თავისმა პატრონმა სახლიდან გააგდო და ისიც ,,თეთრ ხიდის" ტერიტორიაზე დასახლდა. როცა დამინახავს, სიხარულით  დარბის, თამაშობს, ყეფს. ერთხელ ახალი პატრონი გამოუჩნდა, წაიყვანეს, თან ჰყვებოდნენ, მაგრამ სახლიდან იპარებოდა და ისევ ხიდზე ბრუნდებოდა".


ბომბორასავით ქუჩაა სახლი დარაჩენი უპატრონო ცხოველებისთვისაც. მათ მძიმე ცხოვრებას კი ზოგჯერ მხოლოდ მინდარა ბებოსნაირი ადამიანები ამსუბუქებენ.


ქუთაისის ქუჩებში გაშვებული ძაღლები

ცენტრალური უბნების გარდა, ქუთაისში, უპატრონო ძაღლებს თითქმის ყველა ქუჩაში იპოვით.

"მოსეირნე" ასობით ცხოველს დაახლოებით ერთნაირი ისტორია აქვს. ზოგი ასაკოვანია, რომელიც მრავალწლიანი ერთგულების შემდეგ, პატრონმა უმაქნისად ჩათვალა და გააგდო, ზოგი თავიდანვე ქუჩაში დაიბადა.

ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებზე პასუხისმგებლობა, ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ ,,სპეციალურ სერვისებს" ეკისრება.

ორგანიზაციის სტაფილოსფერ პიჯაკიანი თანმშრომლები ქუჩაში ძაღლებს იჭერენ, თავშესაფარში მიჰყავთ, ასტერილებენ, ცრიან და 10 დღის განმავლობაში კვებავენ.  შემდეგ ზოგიერთ იღბლიან ცხოველს, თუ მსურველი გამოუჩნდება აშვილებენ, თუ არა, ისევ ქუჩაში აბრუნებენ.

,,სპეციალური სერვისების" პრესსამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე თვლის, რომ მათი მუშაობის მიუხედავად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების პრობლემა კვლავ აქტუალურია.

,,სტერილიზაციითა და კასტრაციით, უპატრონო ძაღლების პოპულაციის შემცირებას ვცდილობთ, თუმცა ვაღიარებთ, რომ შედეგი თვალშისაცემი არ არის".

ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი 2017 წელს გაიხსნა. ხსენებული ობიექტის მშენებლობისთვის, თავის დროზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარი დაიხარჯა. ამჟამად იქ 120 ძაღლი ცხოვრობს.

დღეის მდგომარეობით, ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების რაოდენობაზე  ,,სპეციალურ სერვისებში" ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა თავშესაფრის გახსნამდე, ქალაქში 2000 - მდე ე.წ. მაწანწალა ძაღლი იყო აღრიცხული. 

ძაღლებისთვის საჭირო რაოდენობით თავშესაფრების მოწყობასა და შესაბამისი პირობების არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებენ ცხოველთა უფლებადამცველები.

,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" ხელმძღვანელის თეიმურაზ წიქორიძის აზრით, ქვეყანაში პრობლემის მოგვარებას ხელისუფლების გულგრილობა უშლის ხელს.

"ეს სფერო უკონტროლოა. სახელმწიფო საკითხის მოგვარებით დაინტერესებული არ არის. არანაირი პროგრამა არ არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქუჩის ცხოველთა პოპულაციის შემცირება. ამის მოგვარებისთვის ჩვენ ვმუშაობთ. მალე კანონიც გვექნება, რომელიც ცხოველის წარმომავლობას, რაოდენობას და საკუთრებას განსაზღვრავს".

ვიდრე მიუსაფარ ძაღლებს ქუთაისსა და მთელს საქართველოში კანონი დაიცავს, ქალაქში, სადაც ზოგჯერ ცხოველების სიცოცხლითაც ,,ერთობიან”, ბომბორა, პუსკა, ჭრელა, შავკუდა, უკუდო და კიდევ სხვა ათეულობით უპატრონო ძაღლი ისევ მინდარა ბებოს იმედზე რჩება.

ამავე თემაზე:

ძაღლები თავშესაფრიდან (ვიდეო)

ქუჩაში გაშვებული ძაღლები მეპატრონის მოლოდინში (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
როცა
საყოველთაო კარანტინის დროს, ჩაკეტილ კარს მიღმა ცხოვრებასთან
გამკლავებას ყველა თავისებურად ცდილობდა, ჟურნალისტმა ხვიჩა
ვაშაყმაძემ, ხსნა ხატვაში იპოვა.
16:03 / 04.08.2020
როცა საყოველთაო კარანტინის დროს, ჩაკეტილ კარს მიღმა ცხოვრებასთან გამკლავებას ყველა თავისებურად ცდილობდა, ჟურნალისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ, ხსნა ხატვაში იპოვა.
სოფელ ნაგარევში 300–მდე ადამიანს სუფთა
ჰაერი წაართვეს. მიზეზი – დასახლებასთან ახლოს
არსებული ქათმის ფერმაა, რის გამოც მოსახლეობა უკვე ათი წელია დახურულ ფანჯრებს
მიღმა ცხოვრობს.
17:33 / 01.08.2020
სოფელ ნაგარევში 300–მდე ადამიანს სუფთა ჰაერი წაართვეს. მიზეზი – დასახლებასთან ახლოს არსებული ქათმის ფერმაა, რის გამოც მოსახლეობა უკვე ათი წელია დახურულ ფანჯრებს მიღმა ცხოვრობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.