მულტიმედია
ხუთი თვე 600 მეტრისთვის (ფოტო ამბავი)
FaceBook
ქუთაისში, სულხან–საბას ქუჩაზე ათეულობით კორპუსის მობინადრეს დახურული ფანჯრის მიღმა უწევს ცხოვრება. 

დაპირებული გზის ნაცვლად, ხუთი თვის წინ დაწყებული, შემდეგ კი შეჩერებული სამშენებლო სამუშაოებიდან, აქ ახლა მხოლოდ მტვერი დარჩა.

მტვერს, რომელიც ,,ქარიან ავანგარდს" ისედაც არ აკლდა, სამშენებლო ნარჩენებით გამოწვეული ბუღიც ემატება და ადგილობრივებს გაუსაძლის პირობებს უქმნის.

სულხან-საბას ქუჩის მცხოვრებლები გზის საფარის დაგებას ხუთი თვეა ელოდებიან. 

შემსრულებელმა კომპანიამ თვეების წინ გადათხრილ ქუჩაზე მხოლოდ ძველი ასფალტის აღება და ბორდიურების ნაწილობრივ მოწყობა მოახერხა. ხოლო, გზის საფარი ჯერ კიდევ ვერ დააგო.  შედეგად, ავანგარდში მცხოვრებლებს ყოველდღიურად გადათხრილ ქუჩაზე სიარული და სამშენებლო მტვერის სუნთქვა უწევთ. ამას გარდა, გზებზე მძღოლებს უზიანდებათ ავტომანქანები.

სულხან-საბას ქუჩაზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია , ადგილზე კი უფუნქციოდაა დატოვებული ტექნიკა

ჯერ ისევ ტროტუარზეა სამშენებლო მასალები
ქარიან ამინდში კი ქუჩაზე ასეთი მტვერია


"ზამთრის შემდეგ ასეთ დღეში ვართ. გადათხრილია ქუჩა და არ დაადგა საშველი ასფალტის დაგებას. ერთი პატარა შესახვევია, ამდენი ხანი რად უნდა ამის გაკეთებას? დაიმტვრა მანქანები, საშინელი მტვერია და ვეღარ ვსუნთქავთ",
- ამბობს ადგილობრივი, მევლუდ კაცაძე.



მევლუდის მსგავსად, შეწუხებულია ნანა შონიაც, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ ვერ დასრულდა 5 თვეში 600 მეტრიანი გზის მშენებლობა. 

,,ჯერ პანდემია იყო მიზეზი, შემდეგ სიცხეს იმიზეზებდნენ, არ დადგა მაგათთვის სასურველი დრო და ამინდი. პანდემიამ გააზარმაცათ, თუ რა ხდება არვიცი, ამასობაში ამოვიგუდეთ დახურულ ფანჯრებში. ვერც სარეცხი გაგვიფენია, ვერც სუფთად გავსულვართ და დავბრუნებულვართ. სახლის კარიდან სამსახურამდე ნაგვით ვივსებით. აღარ დაგვადგა საშველი. ვითხოვთ დაუყონებლივ მოგვაქციონ ყურადღება".



სულხან-საბას  ქუჩაზე გზის სარებილიტაციო სამუშაოებს "გზამშენი XXI" ახორციელებს.

კომპანიამ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი წლის დასაწყისში კონკურენციის გარეშე, 372 327 ლარად მოიგო.

19 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მერიამ 600 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის ხუთთვიანი ვადა განსაზღვრა. ზუსტად ამდენივე დროა მოსახლეობას გადათხრილ გზებზე უწევს საირული.

რატომ გაწერა მერიამ ქუჩის შესახვევის რეკონსტრუქციისთვის ხუთთვიანი ვადა, ამაზე პასუხი არ აქვთ. ადგილობრივ თვითმმართველობაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ სამუშაოების დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის და ცდილობენ პროცესი იმაზე ადრე დაასრულონ, ვიდრე ეს ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

თავად  "გზამშენი XXI" -ის დირექტორი, იაშა ახალაძე თავს იმით იმართლებს, რომ ობიექტზე სამუშაოები რთულად შესასრულებელია, რის გამოც რეკონსტრუქციას დიდი დრო სჭირდება. კომპანიის ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ ქუჩაზე ასფალტის დაგება  8 ივლისიდან დაიწყება.

"ბორდიურები იყო რთული გასაკეთებული და ამიტომ დასჭირდა დიდი დრო. ყველა ობიექტზე სხვადასხვა სირთულის სამუშაოებია. ახლა უკვე გაკეთებულია ბორდიურები და ჩამკეტები. ხვალიდან დავიწყებთ ასფალტის დაგებას. ეს ყველაზე მარტივი სამუშაოა და ალბათ, 3-4 დღეში მოვრჩებით", - ირწმუნება იაშა ახალაძე.

"გზამშენი XXI" - თან ხელშეკრულების გაფორმებიდან ამ მომენტამდე, დოკუმენტში ცვლილება სამჯერ შევიდა. თავდაპირველად, მერიამ პანდემიის გამო თავად შეაჩერა სამუშაოები, თუმცა, ხუთი მაისიდან კომპანიას რეკონსტრუქციის გაგრძელების უფლება მიეცა.

ხელშეკრულებაში შესული ბოლო ცვლილების მიხედვით, "გზამშენი XXI" - ს სამუშაოების შესრულების ვადა მიმდინარე წლის 29 აგვისტომდე გაუხანგრძლივდა.

პროცესის განხლებიდან ორი თვის შემდეგაც, ქუჩა გზის საფარის, მოსახლეობა კი ნორმალური საცხოვრებელი გარემოს მოლოდინშია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
როცა
საყოველთაო კარანტინის დროს, ჩაკეტილ კარს მიღმა ცხოვრებასთან
გამკლავებას ყველა თავისებურად ცდილობდა, ჟურნალისტმა ხვიჩა
ვაშაყმაძემ, ხსნა ხატვაში იპოვა.
16:03 / 04.08.2020
როცა საყოველთაო კარანტინის დროს, ჩაკეტილ კარს მიღმა ცხოვრებასთან გამკლავებას ყველა თავისებურად ცდილობდა, ჟურნალისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ, ხსნა ხატვაში იპოვა.
სოფელ ნაგარევში 300–მდე ადამიანს სუფთა
ჰაერი წაართვეს. მიზეზი – დასახლებასთან ახლოს
არსებული ქათმის ფერმაა, რის გამოც მოსახლეობა უკვე ათი წელია დახურულ ფანჯრებს
მიღმა ცხოვრობს.
17:33 / 01.08.2020
სოფელ ნაგარევში 300–მდე ადამიანს სუფთა ჰაერი წაართვეს. მიზეზი – დასახლებასთან ახლოს არსებული ქათმის ფერმაა, რის გამოც მოსახლეობა უკვე ათი წელია დახურულ ფანჯრებს მიღმა ცხოვრობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.