მულტიმედია
სახელმწიფო ,,კედლის იქით"
FaceBook

რაჭა–იმერეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებობს უნიკალური მღვიმე, რომლის შესახებაც წლებია იციან უცხოელმა სპეციალისტებმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი არაფერი სმენიათ.


უწყების "არცოდნა" კითხვებს ბადებს, რადგან ქუთაისელი მოგზაურები, უკვე ექვსი წელია, მღვიმის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით ავრცელებენ და სამთავრობო დაწესებულებებშიც  გზავნიან. 

უფლებამოსილი ორგანიზაციების ამგვარ პასუხს სპელეოლოგთა წრეებშიც ცოტა თუ ენდობა. მით უფრო მაშინ, როცა ამერიკელი მკვლევარები მღვიმის ნაღვენთი ფორმების უნიკალურობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მტყუან–მართალის გარჩევაში გაწელილი დრო მღვიმის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მსოფლიოში უიშვიათესი ფორმის სტალაქტიდები თანდათან ვანდალურად ნადგურდება. სახელმწიფო კი მღვიმეს ბუნებრივი ძეგლის სტატუსს არ ანიჭებს. შედეგად, რაჭა–იმერეთი მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტს კარგავს. ხოლო საქართველოს ხელიდან ეცლება სულ მცირე, 100 ათასი წლის ბუნებრივი ძეგლი.


ამ ფოტოზე "მურადის მღვიმის" დარბაზს ხედავთ. მომნუსხველი, საოცარად სიმეტრიული ბურთის ფორმის სტალაქტიდებით. 

მღვიმესთან მისასვლელი გზა გასაიდუმლოებულია.
მისი აღმომჩენებისთვის ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ბუნებრივი სიმდიდრის დასაცავად, რადგან სახელმწიფო საჭირო ზომების მიღებას არ ჩქარობს. საუბარია, მინიმუმ მღვიმის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებასა და რეინჯერის მიმაგრებაზე.


,,მრავალი წელია სახელმწიფოს ვთხოვთ დაიცვან მღვიმე. უპატრონობის გამო, რამდენჯერმე უკვე დააზიანეს უცნობმა პირებმა ნაღვენთი ფორმები. ასე თუ გაგრძელდა, ზღაპრული, ბუნებრივი ძეგლი საბოლოოდ დაკარგავს ღირებულებას და განადგურდება", – არჩილ გეგენავა ერთ–ერთი იმ მოგზაურთაგანია, რომელმაც ,"მურადის მღვიმის" უცნობ დარბაზს მიაკვლია.

აღმოჩენის ისტორია


მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" წევრები 2014 წლის ზამთრის ერთ სუსხიან დღეს, რაჭაში მორიგ ექსპედიციაში მიდიოდნენ, როცა გზად სოჩხეთელ მწყემსს, მურად ცნობილაძეს შეხვდნენ.

მწყემსმა ბიჭებს შესვენების დროს მის მიერ აღმოჩენილი და მისივე სახელობის ,,მურადის მღვიმის" დათვალიერება ურჩია.

,,როცა გვითხრა ამ მღვიმედან ცივი ჰაერი უბერავსო, დაუფიქრებლად გავემართეთ დასათვალიერებლად", – მოგზაურებმა მიწის ქვემოთ, 200 მეტრამდე სიღრმეში ბევრი იარეს და მღვიმის ერთ კუთხეში, ერთი ჩრდილი დაინახეს, ფანრები მოიმარჯვეს და ჯერ ადამიანისთვის ფეხდაუდგმელი, უცნობი გასასვლელიც იპოვეს.

,,სხვა არანაირი აღჭურვილობა არ გვქონდა. უნდა გაგვერისკა. გასავლელში პირველად მთამსვლელი, გიორგი ენუქიძე გადაძვრა", – კედლის აქეთ დარჩენილი ბიჭებისთვის საუკუნედ გაიწელა ლოდინის ის 20 წუთი, მღელვარებით სავსე იყო  დუმილიც, რასაც  მღვიმეში ყოფნის დროს უსაფრთხოება მოითხოვს.

,,არ შეიძლება იყვირო, ამიტომ გიორგის ვერც ვეძახდით. არც ის ვიცოდით იქით რა ხდებოდა. ნელ-ნელა ავნერვიულდით, შემდეგ სხვებიც გადავიდნენ, მაგრამ უკან არცერთი ბრუნდებოდა, ბოლოს, ყველა სათითაოდ გადავძვერით კედლის იქით", –  ექსპედიციის ერთ-ერთ წევრს, არჩილ გეგენავას, დანარჩენი ,,თეთნულდელების" მსგავსად, მღვიმის უცნობი დარბაზის აღმოჩენით მიღებული ემოცია დღემდე მოყვება.

,,ეს არის სხვა სამყარო, ბუნების ხელით, ზუსტად და სიმეტრიულად ნაძერწი მშვენიერება. მონუსხულები ვიყავით, ვერ ვლაპარაკობდით. იმ დღეს ყველამ ნამდვილი შოკი მივიღეთ“.


მღვიმის სიღრმიდან დღის შუქზე დაბრუნებულმა მოგზაურებმა, შვიდი საათის განმავლობაში ერთგულად  მომლოდინე მურადს ფოტოები გამოუტანეს. მწყემსი თვალებს არ უჯერებდა, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ამგვარი სილამაზე იმალებოდა თავის დროზე მის მიერ აღმოჩენილ მღვიმეში, კედლის იქი
თ.

გიორგი დვალიშვილის ვიდეო

ბუნებრივი "სასწაული" ბუნების ანაბარად

ქართველი და უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ,,მურადის მღვიმე" მსოფლიოში ფორმებით იშვიათია, საქართველოში - ერთადერთი.

სპელეოლოგ გიორგი ონიანის აღფრთოვენებას ბურთისებრი, ექსცენტრული ნაღვენთები იწვევს, რადგან მისი ანალოგი არცერთ სხვა მღვიმეში გვხვდება.

ეს უნიკალური ბურთები მეცნიერების აზრით, ელექტროლიზის პრინციპითაა ჩამოყალიბებული.

"სულ 80-მდე ბურთია მღვიმეში. ისინი ასე ვთქვათ, წყლის ნამუშევარია. თუ დააკვირდებით ბურთებს, ყველას ფოლაქივით აქვს ყელზე, თანაც ზუსტად და სიმეტრიულად", – მეცნიერი ირაკლი ჯულაყიძე, რომელიც ამავდროულად მღვიმის უცნობი დარბაზის აღმოჩენაში მონაწილეობდა, ნაღვენთი ფორმებით უცხოელი სპეციალისტების დაინტერესებაზეც საუბრობს.

,,ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, სპელეოლოგები და National Geographic – ის საქართველოს წარმომადგენლობა გამოგვეხმაურა. ლევან ბუთხუზის დახმარებით, პრეზენტაცია გავმართეთ, რომელის შემდეგ National Geographic-ის ასოცირებულ პროფესორ, არტურ პალმერთან გადაგვამისამართეს. პალმერის ემოცია სურათების ნახვის შემდეგ ასეთი იყო - ამ ზომისა და ფორმის სიმეტრიები უბრალოდ საოცრებაა", - ამერიკელი მეცნიერი ირაკლის მღვიმის კონსერვაციისა და მოვლის აუცილებლობაზე ესაუბრა.


გამოყენებულია გიორგი დვალიშვილის ვიდეო:

მღვიმის უნიკალური დარბაზის აღიარებისა და დაცვისათვის, კლუბმა „თეთნულდმა“ საკუთარი რესურსებით 28-მდე ექსპედიცია მოაწყო: სამეცნიერო, სამთავრობო, თუ მედიის წარმომადგენლებისთვის. მღვიმის პოპულარიზაციისთვის რეჟისორ გიორგი დვალიშვილის დახმარებით უანგაროდ შექმნეს დოკუმენტური ფილმი. მოგზაურებმა ბუნებრივი ძეგლისთვის სტატუსის მისანიჭებლად ასევე მიმართეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

მღვიმის აღმოჩენიდან ოთხი წლის განმავლობაში, მოგზაურებმა ვერცერთი უფლებამოსილი ორგანიზაციიდან პასუხი ვერ მიიღეს. ყურადღების მიქცევის მცდელობა აშკარად არ ამართლებდა. ასევე მოჩვენებითი აღმოჩნდა, წინასააარჩევნოდ გაჟღერებული დაპირებებიც, როცა მღვიმე მთავრობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმაც მოინახულეს. მათ შორის, ერთ-ერთი ფიგურანტი მაშინდელი მხარის გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე იყო.

წარსული გამოცდილება დღესაც მეორდება, რადგან ინტერესს ,,მურადის მღვიმის" დაცვისთვის ინტერესს არც ამჟამინდელი მთავრობის წევრები იჩენენ.


ხელისუფლების უყურადღებობის პარალელურად, ,,მურადას მღვიმის" გადასარჩენად, უცხოელი სპეციალისტები აქტიურობენ. ამის დასტური ჩეხეთიდან ჩამოსული მეცნიერთა ჯგუფია, რომელმაც მღვიმეში მიკროკლიმატის შესასწავლი აპარატურა უსასყიდლოდ დაამონტა.

,,რადგან მღვიმე გამოშრობის საფრთხის წინაშეა, ეს აპარატი გვაძლევს დაკვირვების საშუალებას და ყოველ ერთ საათშია შესაძლებელი ტენიანობის, ტემპერატურის შემოწმება", -
მეცნიერი და მოგზაური ირაკლი ჯულაყიძე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს,
საწყის ეტაპზე მღვიმე და მის მიმდებარედ არსებული ტყე დაცულ ტერიტორიად გამოაცხადონ, რათა ბუნებრივი ძეგლი დაზიანებას გადარჩეს.


ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, გადაწყვეტილებებს ვერც ადგილობრივ დონეზე იღებენ. ამბროლაურის მერიაში, აცხადებენ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ისინი მღვიმის ბედს თავად ვერ გადაწყვეტენ.

„ჩვენი ინფორმაციით, მღვიმე დაზიანებული არ არის. ის მოსახლეობისგან მიუდგომელია, თუმცა რადგან ამბობენ, რომ ზიანდება, კიდევ ერთხელ ვნახავთ და მივიღებთ ზომებს“
, - გვპირდება  ამბროლაურის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ დალაქიშვილი.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, რომ მღვიმე ტერიტორიულად იმერეთის რუკაზე არ ფიქსირდება. ამიტომ, არც მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მღვიმეს ბუნებრივი ძეგლის სტატუსი რომ მიენიჭოს, ამისათვის ჯერ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უნდა მიმართონ.
სამინისტროს პრესსამსხურის წარმომადგენლის, ბექა ბარამიძის თქმით,  კვლევის სამსახურში ასეთი მიმართვა არ იძებნება და არც ,,მურადის მღვიმის" ბუნებრივი ძეგლის შესახებ ფლობენ ინფორმაციას.


თუმცა მომართვაც აპრიორში არ ნიშანავს იმას, რომ მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ. კრიტერიუმი შეიძლება იყოს მისი ისტორიული, მემორიალური, არქეოლოგიური ღირებულება“.


ამ პასუხებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, უცნობია ,,მურადის მღვიმე" დაიკავებს, თუ არა კუთვნილ ადგილს იმერეთის, ან რაჭის (რაჭა - იმერეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარრეობის გამო) დაცულ მღვიმეებს შორის.


შესაბამისად, ვიდრე მთავრობის წარმომადგენლები ბუნებრივი ძეგლით დაინტერესდებიან და მის დაცვაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, უნიკალური მღვიმე არსებობას ისევ სტატუსის გარეშე, განადგურების საფრთხის ქვეშ განაგრძობს.


შედარებით დამაიმედებლად ჟღერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ის განმარტება, რომლის თანახმადაც, უკვე დამტკიცებულია 10 წლიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა, რომელიც დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებას ითვალისწინებს. 

,,სააგენტო მუშაობს ამ მიმართულებით, რომ მიმდინარე წლისთვის განსაზღვრული დაცული ტერიტორიების დაარსების პარალელურად, მოხდეს პოტენციური ბუნების ძეგლების შესწავლა. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად "მურადის მღვიმეს", სტატუსის მინიჭების საკითხი მისი შესწავლის შემდეგ განისაზღვრება
“, - ამბობს სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნიკო თევდორაშვილი.

დაკარგული ტურისტული პოტენციალი

მაშინ, როდესაც მსოფლიოში მწვანე და ექსტრემალუტრი ტურიზმი სულ უფრო მიმზიდველი ხდება, საქართველოში ამ მხრივ ინტერესი არ ჩანს. არადა, "მურადის მღვიმეს" უნიკალურობის გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე სწორედ ექსტრემალური ტურიზმის განვითარების პოტენციალი გააჩნია.

,,თუ ამ მღვიმესა და ტერიტორიას მოუვლიან, შესაძლოა რაჭისა და იმერეთის (მღვიმის მდებარობიდან გამომდინარე) რეგიონს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტი შეემატოს. რაც მინიმუმ სახელმწიფოს შემოსავალს გაუზრდის, ქვეყანას კი ბუნებრივ ძეგლს შეუნარჩუნებს. მაგალითად, მღვიმესთან ულამაზესი მდელოა, სადაც კემპინგი შეიძლება მოეწყოს, იქვეა კანიონი, საიდანაც თოკით დაშვებაა შესაძლებელი, შაორის ტბა, სადაც სათევზაო ტურიზმი შეიძლება განვითარდეს. ვიღაც ცხენს გააქირავებს, ვიღაც პროდუქტს გაყიდის, ვიღაც ტურისტს ღამეს გაათევინებს", - კლუბ ,,თეთნულდის" მოგზაურები იმასაც აღნიშნავენ, რომ მღვიმეების მიმართ საქართველოში ტურისტების ინტერესი არ იკლებს.


მოგზაურების არგუმენტებს მღვიმეებით დაინტერესების თაობაზე, სტატისტიკაც ამყარებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იმერეთში, სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს ყოველწლიურად, 270 000 ვიზიტორი სტუმრობს.

2018 წელს, ეკოტურისტული სერვისებიდან
საქართველოში მიღებულმა შემოსავლებმა სულ 8 436 125 ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (4 504 473 ლარი) 87%-იან ზრდას ნიშნავს.


ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 2018 წლის განმავლობაში
98%-ით გაიზარდა პრომეთეს მღვიმეში, რადგან 2017 წელს შემოსავალმა  1 887 064 ლარი,  ხოლო 2018 წელს - 3 737 605 ლარი შეადგინა.


ტურიზმის სფეროში მღვიმეების მიმართ აქტიურ ინტერესზე ყვება საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა ბერეკაშვილიც. ის ამბობს, რომ ეკონომიკური სარგებლის გარდა, მთავრობისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ბუნებრივი ძეგლების დაცვის საკითხი.


,,სწორედ ადგილობრივმა მოხალისემ გადაარჩინა ,,პრომეთეს მღვიმე" თავის დროზე დაზიანებას და იგივე ხდება ,,მურადის მღვიმესთან" დაკავშირებითაც. სახელმწიფო უნდა ცდილობდეს ახალი მარშრუტები, ადგილები გაჩნდეს ქვეყნის ტურისტულ რუკაზე, რათა განმეორებით ტურიზმს შევუწყოთ ხელი. ,,მურადის მღვიმე" შეიძლება იყოს ამის მაგალითი, და სამწუხაროა,რომ  ეს ასე არ ხდება".


დღეს ვითარება ასეთია:  კედლის იქით აღმოჩენილი სიმდიდრე აღიარებას და გადარჩენას ითხოვს, ხოლო სახელმწიფო  კი კვლავ ,,კედლის მიღმა" რჩება...  

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.