ოქროს კოშკები ვერა, მაგრამ  ჭიათურაში მარგანეცის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად ხალხს გაუჩნდა დაბზარეული სახლები, შუაზე გაყოფილი ხეები, შეცვლილი გზები, მცოცავი სასაფლაოები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებს.


შუქრუთში 290 ოჯახი ცხოვრობს. ისინი, ვინც აქ გაიზარდნენ, თავიანთი სოფლის გზის ცნობა უჭირთ. შეიცვალა საკარმიდამო ნაკვეთებიც.  ხალხი იძულებული გახდა მიეტოვებინა სახლები. ვინც დარჩა, დახმარებას ითხოვს.

79 წლის ლიანა ნეფარიძეს მეუღლესთან ერთად ამ ნახევრად დანგრეულ სახლში უწევს ცხოვრება.



ღამით  დაძინების ეშინიათ.  არ იციან როდის ჩამოენგრევათ სახლი თავზე. მეორე სართულზე წლებია  ვერ ადიან. ყველა ნივთი პირველ სართულზე  აქვთ ჩამოტანილი, რადგან ზევით ასვლა სიცოცხლისთვის საშიშია.

„ორი მოხუცი ვცხოვრობთ ასეთ დანგრეულ სახლში. რა წუთში დაინგრევა არ ვიცით და მუდმივ შიშში გვიწევს ყოფნა. სად წავიდეთ? წასასვლელი არსად გვაქვს“, - ამბობს ლიანა ნეფარიძე.

ცოცხლების გარდა პრობლემა შეეხოთ მიცვალებულებსაც. მცოცავი მიწის გამო,  ადგილობრივებმა,  გარდაცვლილი ნათესავები და ოჯახის წევრები სხვაგან  გადაასვენეს. ინგრევა ახალაშენებული ეკლესიაც.

სოფელში ვერ ნახავთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. შექმნილი ვითარების გამო,  მამაკაცებს ბავშვები და მეუღლეები სხვადასხვა ქალაქში ჰყავთ გახიზნული და იქ ქირით აცხოვრებენ.

პრობლემის მიზეზად მოსახლეობა მარგანეცის მოპოვებით სამუშაოებს ასახელებს, რომელიც  შუქრუთში  სამი წელია რაც განახლდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში მადნის მოპოვება საბჭოთა პერიოდში დაიწყეს, თუმცა, პროცესი დასახლებული პუნქტისთვის  საფრთხისშემცველი აღმოჩნდა და მალევე შეწყვიტეს.

„რაღაც რაოდენობა მარგანეცი რომ დატოვეს კომუნისტებმა, იმას ეზიდებიან ახლა ესენი. კომპანია გვეუბნება არ ვაწარმოებთ სამუშაოებსო, არადა,  ყველას გვესმის აფეთქებების ხმა მიწიდან“, - ამბობს ბექა ნეფარიძე.

სწორედ ამ მიზეზით ჰქონდათ პიკეტირებული კვირაზე მეტხანს შუქრუთის მცხოვრებლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელობაში არსებული მაღაროების შესასვლელი. მოსახლეობა ზარალის კომპენსაციას ითხოვდა. მათ აქციები მას შემდეგ  შეწყვიტეს, რაც  კომპანია  სახლების აღწერას და კომპენსაციის გაცემას დაჰპირდა. შუქრუთელები არ არიან დარწმუნებილი, რომ კომპანია დანაპირებს შეასრულებს და ამბობენ, რომ  თუ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ისინი კვლავ მოატყუა, აქციებს გააგრძელებენ.


„ჯორჯიან მანგანეზში“ უარყოფენ ადგილობრივების ბრალდებას შუქრუთში მიწის ქვეშ მოპოვებითი სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე და ამბობენ, რომ სახლებზე გაჩენილი ბზარები და შუაზე გაპობილი მიწა კავშირში ვერ იქნება მათ მიერ წარმოებულ სამუშაოებთან. კომპანიაში
სახლების დაზიანების შესაძლო მიზეზად 90–იან წლებში მომხდარ მიწისძვრასაც არ გამორიცხავენ, რასაც ადგილობრივები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მათ სახლებზე ბზარებმა ბოლო  სამი წელია რაც იმატა.

კომპანიის თქმით,  პრობლემის გამომწვევ მიზეზებს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი შპს „საინჟინრო კვლევების ცენტრი იკვლევს“, რომლის შუალედურ დასკვნას უახლოეს მომავალში ელოდებიან.

მწვანე ალტერნატივას აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ  რადგან მარგანეცის მოპოვების ლიცენზია „ჯორჯიან მანგანეზს“ აქვს ნაყიდი, სწორედ ის არის ვალდებული სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„კომპანია ვალდებულია მაღაროები ადამიანებისთვის უსაფრთხოდ შეინახოს. რაც შეეხება იმას, ეს დაზიანებები კომუნისტების დროინდელია თუ მიწისძვრის, რომელიც მე ბოლო წლებში არ მახსოვს და ფაქტია, რომ დაზიანებები მიმდინარეა, აუცილებელია ეს საკითხი არა „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაქირავებულმა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ გამოიძიოს“, - ამბობს ნინო გუჯარაიძე.

იმავეს ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პროგრამების დირექტორი, კოტე ერისთავი. მისი თქმით, მსგავსი კვლევები სახელმწიფოს მიერ შექმნილმა კომისიამ უნდა ჩაატაროს და არა "ჯორჯიან მანგანეზის"  მიერ დაქირავებულმა კომპანიამ,  რადგან კერძო შპს–ს  ლოგიკურია არ სურს, რომ მისი ბრალეულობა გამოიკვეთოს.  დასკვნის შესაბამისად უნდა გადაწყდეს კომპენსაციის გაცემის საკითხიც.

„თუ ამას იწვევს მაღარო, ხალხმა უნდა მიიღოს კომპენსაცია, რადგან მათ წარმოუდგენელ სტრესში უწევთ ცხოვრება“, - ამბობს კოტე ერისთავი.

ჩაერთვება თუ არა სახელმწიფო ამ საკითხში და ჩაატარებს თუ არა კვლევას, ჯერჯერობით უცნობია. ქუთაისიპოსტმა ამ კითხვებით წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, თუმცა, არც ერთ უწყებას  პასუხი არ აქვს და დუმილს ამჯობინებს.

სოფლის რწმუნებული, პაატა ტყემალაძე აღნიშნავს, რომ შუქრუთში შახტური წესით მარგანეცის მოპოვება, დაახლოებით, სამი წელი დაიწყო, რაც ემთხვევა მოსახლეობის ნათქვამს.

„ფაქტია, რომ დაზიანებულია სახლები. რაც შეეეხება კომპენსაციის გაცემა-არ გაცემას, კომუნისტების დროსაც კი  არ ექნება  ყველა ოჯახს ეს თანხა მიღებული და მითუმეტეს ახლა იმის ზუსტად თქმა, ვის ეკუთვნის და ვის არა, ძნელია. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ბევრი ახალი სახლი აშენდა და იმის დადგენას ვინ იმსახურებს კომპენსაციას კვლევა სჭირდება", - ამბობს პაატა ტყემალაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სანამ კომპანია და სახელმწიფო მიზეზების ძიებითაა დაკავებული, ყოველდღიურ საფრთხეში უწევთ ცხოვრება. ისინი სახლების ჩამონგრევასა და ფეხქვეშ მიწის გამოცლას ყოველ წუთს ელოდებიან.
მსგავსი სიახლეები

თხილი, ეთილის სპირტი, ყურძნის ნატურალური წვენი - ეს სასოფლო
სამეურნეო პროდუქტებს შორის ტოპ სამი პროდუქტია, რომელიც ევროპის
ბაზარზე ბოლო სამი წლის  განმავლობაში მოთხოვნადია.
14:56 / 20.09.2019


თხილი, ეთილის სპირტი, ყურძნის ნატურალური წვენი - ეს სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს შორის ტოპ სამი პროდუქტია, რომელიც ევროპის ბაზარზე ბოლო სამი წლის  განმავლობაში მოთხოვნადია.

იმერეთის ამ სოფელში
წვიმას არავინ ნატრობს. მეტიც, მისი ეშინიათ. დიდი ხანია აქ
საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებაზეც აღარავინ ზრუნავს.
13:16 / 23.08.2019

იმერეთის ამ სოფელში წვიმას არავინ ნატრობს. მეტიც, მისი ეშინიათ. დიდი ხანია აქ საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებაზეც აღარავინ ზრუნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.