მულტიმედია
“დაკარგული და ნაპოვნი სამოთხე” იმერეთში (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

ახალგაზრდებს მკვლელობის გამოძიება დაევალათ. მკვლელობის, რომელშიც ჩართული იყო მრავალი მხარე - სახელმწიფო მოხელეები, მაღალი სასულიერო პირები, ხალხი.

 


მოკლულია 33 წლის ახალგაზრდა, სასჯელის ფორმა - ჯვარცმა.

მოქმედება ბანაკში ხდება, იმერეთის სოფელ ვარციხეში. დრო - ერთი კვირაა.

 

ბანაკი ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ ხუთი წლის წინ დააფუძნა. აქ ახალგაზრდებს ყოველწლიურად ახალ სლოგანს და გეგმას ახვედრებენ - როგორ გაატარონ ზაფხულის ერთი კვირა რაც შეიძლება მრავალფეროვნად.

„ცხელ კვალზე“- ეს იყო  სლოგანიც და დავალებაც. მოზარდები, ერთი კვირის განმავლობაში ცხელ კვალზე მიდევნებით „ქრისტეს საქმეს“ უნდა გაცნობოდნენ და გაერკვიათ,  რატომ აცვეს ჯვარს იესო ნაზარეველი, შეესწავლათ მისი ცხოვრება და გამოეკვეთათ დამნაშავე მხარე. ამ თამაშით მათ საშუალება მიეცათ ახალი კუთხით დაენახათ ქრისტეს განვლილი გზა და სხვაგვარად გაეაზრებინათ მისი ჯვარცმის მნიშვნელობა. გამხდარიყვნენ ამბის უშუალო მომსწრე და 21-ე საუკუნის გადასახედიდან შეეფასებინათ ორიათასი წლის წინანდელი მოვლენა.

საქართველოში ეს ერთადერთი ქრისტიანული ბანაკი არ არის. ის 1994 წლიდან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ყოველ ზაფხულს (ივლისი-აგვისტო) იღებს 10-დან 17 წლამდე ბავშვების რამდენიმე ნაკადს.

ვარციხეში ბანაკი კერძო ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც ევანგელისტურ-ბაბტისტურ ეკლესიას ხუთწლიანი იჯარით აქვს აღებული.

მსურველმა ვარციხის ბანაკამდე რომ მიაღწიოს, ბაღდათისკენ მიმავალი ცენტრალური გზიდან უნდა გადაუხვიოს. გადალახოს არცთუ კეთილმოწყობილი გზა, გაიაროს ვრცელი მინდვრები, საძოვრები, დამუშავებელი ან დაუმუშავებელი მიწები, სადაც გზის ბოლოს მიადგება ოაზისს უდაბნოში, თავისი ხელოვნური ტბებით, ნავებით, კოხტა კოტეჯებით, დეკორატიული მცენარეებითა და პატარა ხიდებით. ბანაკი ფორმითაც სხვა სამყაროს ჰგავს. აქ მოზარდები თითქოს „დაკარგულ სამოთხეში“  ხვდებიან.








ბანაკი ქრისტიანულია, თანაც პროტესტანტი ქრისტიანების დაფუძნებული, თუმცა, აქ კარი ყველასთვის ღიაა. როგორც სხვა მიმდევრობის ქრისტიანებისთვის, ისე განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებისთვის.

ბანაკში არ ქადაგებენ რომელიმე მიმდინარეობას, იქ შეისწავლიან, ეცნობიან ბიბლიას. სააზროვნო და სადისკუსიო სივრცეში შეიძლება კითხვების დასმა, ეჭვების შეტანა, რაღაცის შეფასება და გადაფასება. ბევრი იმ სახელის, მოვლენის, ზეიმის გააზრება, რაც მოზარდებს ხშირად ესმით, თუმცა მათი მნიშვნელობა არ იციან. მათ ეძლევათ არჩევანის საშუალება და თავისუფლება.  ამიტომ იქ ყოფნა არავის უჭირს.


გასულ წლებში ვარციხის ბანაკს ფერეიდნელი  მუსლიმი ქართველები სტუმრობდნენ.

„ფერეიდნელებს ძალიან წყურიათ თავისუფლება, უნდათ სხვაგვარი სახელმწიფო ჰქონდეთ. სხვა ღირებულებებზე დაფუძნებული. ეს ბავშვებშიც იგრძნობა. მათთვისაც საინტერსო და მისაღებია დასავლური ღირებულებები, რომელიც დიდწილად ქრისტიანობამ განსაზღვრა. ამიტომ, მათთვის საინტერსო იყო ბიბლიის შესწავლაც“, - ამბობს ბანაკის თანამშრომელი, თეოლოგი, მერაბ ტაბატაძე.

ბანაკში ქრისტიან თანატოლებთან ერთად ზაფხულს ატარებდნენ  ადიგენელი მუსლიმი მოზარდებიც სოფელ ზანავიდან და გომაროდან.

„ადიგენთან კონტაქტები მანამდე დამყარდა, რის შემდეგაც შევთავაზეთ ბავშვების ქრისტიანულ ბანაკში გამოგზავნა. სიამოვნებით დათანხმდნენ. ბანაკში ადიგენელი ბავშვების სტურობამ ბევრი მათგანის ცხოვრება შეცვალა. თითქოს საკუთარ მოწოდებას მიაგნეს. აქედან წასულებმა დააფუძნეს სპორტული კლუბი და შემდეგ სპორტული დარბაზის აშენებაშიც დაეხმარნენ ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციები. დარბაზი ერთ-ერთი საუკეთესოა იმ მხარეში. ბავშვებში ჯანსაღი ცხორების წესი მოდური გახდა.  ბევრი იქაური ბავშვი დაკავდა სპორტით“, - ამბობს მერაბ ტაბატაძე.

ვარციხის ქრისტიანულ ბანაკში დილა სპორტული ვარჯიშებით იწყება. სპორტული თამაშები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. ასევე, ბევრია სააზროვნო სავარჯიშოები, შეხვედრები, ბიბლიის განხილვები.

 

ბანაკი ფასიანია - ერთი კვირა ერთი მონაწილისთვის ასი ლარი ღირს. ფასი ნახევრდება სოციალურად დაუცველებისთვის. „ვცდილობთ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მოხვდნენ აქ ბავშვები, რომ გაატარონ ერთი ბედნიერი კვირა ამ გარემოში“, - ამბობს ბანაკის ხელმძღვანელი  ლაშა ივანიძე.

ლაშა ივანიძეც ყოფილი ბანაკელია. იგი ცხრა წლის ასაკში მოხვდა იქ და ძლიერი შთაბეჭდილებების გამო, ისევ მოუნდა ძველ გარემოში დაბრუნება. მომდევნო წლებში ლიდერად, მოგვიანებით კი ხელმძღვანელადაც მოევლინა ვარციხის ბანაკს.

ლაშას მსგავსი ბევრია, რომელთაც ბავშვობა ბანაკში გაატარეს და ზრდასრულ ასაკში მოხალისეებად დაბრუნდნენ.

ანაზღაურებას აქ არავინ იღებს. ბანაკის მონაწილეების მიერ გადახდილი თანხა ძირითადად მათ კვებას ხმარდება.

ბანაკში არის ფსიქოლოგიც, რომელიც სოციალური პრობლემების გამო ტრავმირებულ ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს.

ბანაკში აკრძლვაც მოქმედებს. მოზარდებს ტელეფონის გამოყენებისა და სოციალურ ქსელში შესვლის უფლება მხოლოდ ერთი საათით აქვთ. ბანაკის მესვეურთა სურვილია, მოზარდებს რაც შეიძლება მეტი დრო დარჩეთ ერთანეთისთვის. შეიგრძნონ რეალობა, ცოცხალი, ცვალებადი გარემო და გააცნობიერონ მისი უპირატესობა ვირტუალურ რეალობაზე.

ბანაკის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვებს ცოტა ხანში თავად უქრებოდათ ტელეფონთან და ინტერნეტთან ურთიერთობის სურვილი, რადგან არავირტუალური ცხოვრებაც მრავალ საინტერესოს თავაზობთ.


სლოგანი, თემა და გეგმა ბავშვების აზრის გათვალისწინებით შეირჩევა, კითხვარის საშუალებით, რომელიც ბანაკის მონაწილეებს ურიგდებათ. კითხვარის პასუხებზე დაყრდნობით დგინდება მომდევნო წლის სამუშაო გეგმაც.


ამ გზით შეირჩა 2019 წლის სლოგანიაც - „იყავი ასპროცენტიანი ქრისტიანი - მოიხსენი ნიღბები“.  ბავშვების კითხვარების გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ სიყალბე აწუხებთ, რამაც რელიგიაშიც მყარად მოიკიდა ფეხი. ამიტომაც აერიათ ორიენტირი და მოუნდათ გაგება, როგორია სინამდვილე.

ახლა ვარციხის “დაკარგულ სამოთხეში” სწორედ  ამ “ნიღბებს იხსნიან”, მათ მიერ გაცნობიერებული სიყალბეების წინააღმდეგ ეძებენ სწორ გზებს. ამის მერე ბავშვები უნდა მიყვნენ ცხელ კვალს და  თავად გაარკვიონ, რომელია ვირტუალური, რეალური, ყალბი და ნამდვილი.

ავტორები: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.