ზღვის წყალი მლაშე იყო და შიშის გემო ჰქონდა. ყვირილი არ შეეძლო,
ხვდებოდა, მალე დანებდებოდა. წყალი ფსკერისკენ ითრევდა.
გონება მაშინ დაკარგა, როდესაც მოახლოებულ შავ სილუეტს მოჰკრა თვალი.
ქვებზე დაწვენის დროს გამოფხიზლდა. ის ვინც წყლიდან ამოიყვანა თავზე
ედგა. წამოდგომა ვერ შეძლო. ვერც მადლობის თქმა.
ტალღებს დანებებული ნინო 15 წლის იყო. მაშველი ზურა ნოღაიდელი 18-ის.
იმ დღეს სიკვდილისგან პირველად იხსნა ადამიანი.
სახეზე ზღვის რუჯი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს. მთელს ზაფხულს მზის
გულზე ატარებს. ზღვის დარაჯად. სულ ვარჯიშობს და ცურავს. ზოგჯერ
გაყინულ წყალში.
სხვების დასვენების დრო მაშველებისთვის ყველაზე რთული პერიოდია.
ამიტომაც ზაფხულს ფიზიკურად ძალიან ძლიერი უნდა შეხვდეს. ოთხი წელი
მაშველი ზურა ნოღაიდელისთვის უკვე ორას გადარჩენილ სიცოცხლეს
ნიშნავს.
39 წლის მაშველი, რომელმაც ზღვას ათასჯერ აჯობა აჩიკო ქარჩხაძეა.
კეთილი თვალები და დაკუნთული ხელები აქვს. ხუთ ბალიან შტორმში ამ გამოცდილი
ხელების იმედით შედის. ამ ხელების იმედი აქვთ დასახრჩობად
განწირულებსაც. იცის ეს საქმე რომ მუდმივად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე
გადის. თუმცა სხვანაირად არ შეუძლია. ზღვა მისი ნაწილია.
იმისთვის, რომ გადარჩე, უნდა იცნობდე ზღვას. ქობულეთელებს სჯერათ, რომ
ეს უკიდეგანო ლურჯი სივრცე ცოცხალი ორგანიზმია. სუნთქავს, გააჩნია
საკუთარი ენა, აქვს ხასიათი, უბრალოდ, მისი წაკითხვა უნდა შეგეძლოს.
ზღვა არ გწირავს, ყოველთვის გაძლევს თავის გადარჩენის დროს.
ზღვისპირა ქალაქში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არცერთი მაშველი
რომ არ დაღუპულა, არც ცურვის განსაკუთრებული ტექნიკის და არც სათანადო
აღჭურვილობის დამსახურებაა. ბიჭები იცნობენ ზღვას.
მეთორმეტე ტალღა ზღვის მიერ გადმოგდებული მაშველი რგოლია. შტორმში
ბიჭები სწორედ მას ელიან, - მშვიდსა და დაბალს. მაშველები ზღვის
ტალღების ფაზების მიხედვით მოქმედებენ და ზღვის მსხვერპლი ნაპირზე
ზღვის დახმარებითვე გამოჰყავთ.
გადასარჩენად, ორბალიან შტორმში, უფროსის ბრძანებით შედიან, ხუთ-ექვს
ბალიანში კი საკუთარი ნებით. იმედიც საკუთარი თავის აქვთ, კიდევ
ერთმანეთის და ზღვის. სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა მაშველების
მოკავშირე არ არის. არ არსებობს და იმიტომ.
"ამ ბიჭებს რთული სამსახური აქვთ. გმირები არიან, წყლის მეგობრები,
ისინი არ ცურავენ, არამედ წყალზე დადიან. თუმცა, მაშველების
ანაზღაურება ბევრად ჩამორჩება მათი შრომის ფასს. სახელმწიფომ
განახორციელა ცვლილებები და უკეთესობას ველოდებით,"- ამბობს საგანგებო
სიტუაციების მართვის ქობულეთის სამსახურის უფროსი მამუკა ხაბაზი.
ცვლილება -სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასვლას
გულისხმობს, იმედი - საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას.
მაშველები სიცოცხლის გადასარჩენად ზღვაში ზოგჯერ კუსტარული
ეკიპირებით, მეტწილად კი შიშველი ხელებით შედიან.
თორმეტსაათიანი სამუშაო დღე და არცერთი დასვენება ხუთი თვის
განმავლობაში, მუდმივად მობილიზებული ყურადღება და რისკი, -
მაშველების ამ შრომას სახელმწიფო 500 ლარად აფასებს, საზოგადოება კი
ზოგჯერ "მადლობადაც" არა.
წელს სანაპიროზე მათი რაოდენობა გაორმაგდება. 80 მაშველი 30
საგუშაგოზე გადანაწილდება. სტანდარტის მიხედვით,ისინი სანაპირო ზოლზე
ყოველ ას, საუკეთესო შემთხვევაში, სამოცდაათ მეტრში უნდა იდგნენ,
ქობულეთშიკი ეს მანძილი 150 მეტრი იქნება. შარშანდელ 300-თან
შედარებით დიდი წინსვლაა, თუმცა, დარჩება ადგილები რომლებსაც
მაშველები "ვერ დაფარავენ". ქობულეთის თოთხმეტკილომეტრიანი სანაპირო
ზოლიდან ათვისებული თორმეტია.
ნაპირზე წითელი და თეთრი ალმები ბანაობის აკრძალვის ან დაშვების
ნიშანია. ხშირად ეს გაფრთხილება წყალში იყრება და სიკვდილის
სტატისტიკად იქცევა.
შვიდ დაღუპული და 43 გადარჩენილი - ეს ოფიციალური, საგანგებო
სიტუაციების მართვის ცენტრალური სააგენტოს ინფორმაციაა.
2017 წლის ამ მონაცემებში მეთორმეტე ტალღის ბიჭების დამატებით 199
გამარჯვება შეყვანილი არ არის. ქობულეთში ეს შემთხვევები ცხელ ხაზზე
არ დაფიქსირებულა და არც რიცხვებში ასახულა.
წლევანდელ სეზონზე ქობულეთში 200 ათასზე მეტ ტურისტს ელოდებიან.
შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტს, რაც მაშველისთვის გაორმაგებულ
შრომას ნიშნავს. არ იცვლება მხოლოდ რეჟიმი 15 მაისიდან 15 ოქტომბრამდე
და ანაზღაურება.
...
19 წლის ნინო დაბადების დღეს ორჯერ აღნიშნავს. მეორედ ოთხი წლის წინ
დაიბადა. იმ დღეს მისი მხსნელი გადასარჩენად წყალში პირველად შევიდა.
მაშინ მადლობა ვერ უთხრა. შესაბამის სამადლობელ სიტყვებს ვერც დღეს
პოულობს.
როდესაც ზურამ გოგონა წყლიდან გამოიყვანა სანაპიროზე ასობით ადამიანი
შეკრებილიყო. "ცოცხალია", სადღაც შორიდან მოესმა და მიხვდა, რომ
პირველი გამოცდა ჩააბარა.
ქუთაისის საკრებულოს რიგით 36-ე სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ
"ოცნების" დეპუტატებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველი პარტიის
გამარჯვების მილოცვით დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები