ბლოგები
როცა ჟურნალისტი ტყუის!
FaceBook
თავად ჟურნალისტის წერილების ეს სერია პასუხის ძიება იქნება კითხვებზე - როგორია ჟურნალისტიკა საქართველოში? რა გავლენას ახდენს ქვეყნის ცხოვრებაზე? რატომ და როდის ტყუის ჟურნალისტი?

მაშ ასე, საუბრები ჟურნალისტიკაზე, წერილი პირველი.

იყო დრო, როცა სამუშაო დღის ბოლოს საბჭოთა მოქალაქე შინ დაღლილი ბრუნდებოდა და საფოსტო ყუთში გაზეთები ელოდა, სახლში კი ტელევიზია უმასპინძლდებოდა ახალ-ახალი ამბებით. გაზეთებში სტატიათა უმრავლესობას, როგორც წესი, კითხულობდნენ, უკანასკნელ ცნობებსაც (ასე ეძახდნენ მაშინ ახალ ამბებს), განსაკუთრებით მის პირველ ნაწილს ისმენდნენ.

საქმე იყო – ხალხიც ჩაფლულიყო თავის ყოველდღიურ საქმიანობაში. გვიან გულის გადასაყოლებლად გაზეთებს ათვალიერებდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. არავინ არაფერს აპროტესტებდა, რადგან არავის სურდა ზედმეტად გადაეტვირთა თავი აზროვნებით.

ის კი ყველამ საუკეთესოდ იცოდა, რომ ტელევიზიაც და გაზეთიც სიმართლეს არ ეუბნებოდა. არც თვითონ იკლავდნენ მაინცა და მაინც თავს სიმართლის ძიებაში.

ამ მოსაწყენი ყოველდღიურობისგან ხდებოდა ხოლმე გადახვევაც, ასე ვთქვათ, განტვირთვაც - გაჩნდებოდა პრესაში რაღაც კრიტიკული სტატია და მთელი ქვეყანა გადაერთვებოდა, თავით გადაეშვებოდა მოცემული პრობლემის გარშემო.

ზომიერება დაცული იყო, წესიერებაც ასე თუ ისე შესაბამისად...

წესის დამრღვევი ნაზი შამანაური საგიჟეში გამოამწყვდიეს. ამ თანაგრძნობისთვის თვით ჟურნალისტებიც მადლიერები იყვნენ, მეტის მეტს რომ არ ითხოვდნენ მკითხველები.

"ვგრძნობდი და გრძნობდას" იდუმალი ურთიერთობა გაბმულიყო ჟურნალისტებსა და მკითხველებს შორის. ასე მაგალითად: "ჯაყოს ხიზნების" ტელესპექტაკლად დადგმამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თავის დროზე; სოლიკო ხაბეიშვილის დაპატიმრების შემდეგ ქართული მასმედია წალეკა ათასგვარმა გამოხმაურებამ; "თვითმფრინავის ბიჭების" საქმემ ლამის შეაზანზარა მძლეთამძლე შევარდნაძის ტახტი; აბაშის ამბებმა საკავშირო სკანდალი გამოიწვია; კონსტიტუციის მიღებამ ლამის სისხლისღვრამდე მიიყვანა საქმე, მაგრამ - ყველაფერი იყო და არც არაფერი იყო.

ერთის სიტყვით ჩამოყალიბდა მყარი სტერეოტიპი მკითხველისა და ავტორების ურთიერთგაგებისა. ყველამ ვიცოდით, რომ ესა თუ ის მოვლენა შესაბამისი სცენარით უნდა წარმართულიყო, რადგან სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. ერთგვარი გართობაც იყო და თანაც დაფიქრებაც - ყოფიერებაზე.

ყოველთვის იყო მზად იდეოლოგიური მანქანა ადამიანთა ტვინები გაკვალულ რელსებზე შეეყენებინა და სადაც წაიყვანდა, ეს უკვე არც თვითონ იცოდნენ. ვცხოვრობდით დღეის დღით, ხვალე კი ზრუნავდა ხვალისთვის. მასებს არ სურდა ცვლილებები, კმაყოფილდებოდნენ უზრუნველი დღევანდელობით.

ასე გამოვიარეთ გვირაბი და გვირაბის ბოლოს, შუქი რომ ჩანდა კომუნიზმის, უფსკრული აღმოჩნდა მისი დამასამარებელი და ყველანი ერთად მასში ჩავიჩეხეთ.

რეალობაში ვეძებდით იმ წარსული კეთილდღეობის ნამსხვრევებს, მაგრამ ვერ კი ვპოულობდით - ერთი გაზეთი ამა თუ იმ მოვლენას ერთი თვალსაზრისით აშუქებდა, მეორე გაზეთი სხვანაირად, კიდევ სხვა - თავისებურად. აზრები მკითხველ საზოგადოებაშიც იხლიჩებოდა და თანაც ისეთი სიმძაფრით, რომ სახეზე სამოქალაქო დაპირისპირება მივიღეთ.

მტკივნეული გამოდგა ჩვენთვის ე.წ. დემოკრატიული მასმედიის პირველი ნაბიჯები. თუმცაღა, სხვა ვითარება შენარჩუნდა ტელევიზიებთან მიმართებაში - სახელმწიფომ თავისი ცენზურა სწორედ მათზე დაამყარა, რათა იდეოლოგიის უმთავრესი რუპორი შეენარჩუნებინა. აზრობრივმა გაორებამ მკითხველში ინდიფერენტულობა გამოიწვია, ამან კი დაუკარგა პრესას თავისი მნიშვნელობა.

საზოგადოებამ მიაგდო გაზეთი და გაზეთთან ერთად წიგნიც, რამაც მასობრივი უწიგნურობა გამოიწვია.

ყველაფერი ხელში ჩაიგდო ტელევიზიებმა და რასაც დაუკვეთავდა მთავრობა, იმას აკეთებდა, ანუ ტელეჟურნალისტებისთვის პირობითად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ერთი ცენტრალური ტელევიზიის ნაცვლად გაჩნდა რამდენიმე და კონკურენციისათვის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ უცხოური შოუ-პროგრამების გადმოღებაში. საკუთარსა და ორიგინალურს არავინ სთავაზობდა მაყურებელს, ამ უკანასკნელისთვის კი ეს შოუ-პროგრამები უცხო ხილი იყო და სიამოვნებით ეწაფებოდნენ.

ტელესერიალებმა კი სავსებით მოადუნა ხალხის აზროვნება და მიაჯაჭვა ყოველდღიურ უაზრობათა და უზნეობათა ავანტიურას, რაც ცხოველურ აზარტში გადაიზარდა საბოლოო ჯამში.

მკითხველის დაჩლუნგებამ თავისთავად გამოიწვია მწერლისა და ჟურნალისტის დეგრადაცია. თუ მწერალმა იოლად შეაფარა თავი ფანტაზიას, ჟურნალისტი (და განსაკუთრებით პრესის ჟურნალისტი) მწარე რეალობის წინაშე დადგა, რასაც ჰქვია გაკოტრება.

ჟურნალისტების ზნედაცემულობა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მწერლობასაც გადაედო. ზეიმობდა სრული უმეცრება და დაგვცინოდა ყველა - მტერიც და მოყვარეც. იქნებ ღირსებიც ვიყავით – მკითხველიც და ჟურნალისტიც, მაგრამ გულსატკენია თვით ფაქტი.

იმისათვის, რომ არსებობა შეენარჩუებინათ, ისინი დიდ ჰოლდინგ-კომპანიებს შეერწყნენ. წამგებიანი პრესის ქონება ვერაფერი ხეირია - ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელი მყვირალ-მყვირალა სათაურებით, უშინარსო და არაფრისმომცემი სტატიებითა და ინტერვიუებით ჟურნალ-გაზეთები თავს ვერ ირჩენენ, ვერც შოუ-ბიზნესის მყვირალა სახელების სათაურად გამოტანით და მათი პიკანტური ამბების სკანდალად მონათვლით ჰოლდინგ-ბრენდებს ვერ მოხიბლავ.

ეს, რა თქმა უნდა, რაღაც ხნით ითამაშებს მკითხველისა და ბოს-პატრონების გასაბრიყვებლად. ბოლოს და ბოლოს დამშეული, თუ ნახევრად დამშეული მკითხველისთვის შვებისმომგვრელი კი არა, გამაღიზიანებელი ფაქტორია მხოლოდ და ვერც ვერაფერი ნუგეშია საზოგადოებისთვის ესა და ეს მომღერალი აქ გაერთო, თუ იქ წავიდა დასასვენებლად, ვინ ვის რა საჩუქარი გაუკეთა, ვინ ვის დაუდგა საყვარლად, ვინ როდის გათხოვდება და ვინ როდის შეირთავს ცოლს, ვინ არის შეყვარებული და ვინ - განქორწინებისთვის ემზადება.

ასეთი მდორე ხარისხის მასალით რედაქციები აგებენ თავიანთ საგამომცემლო პოლიტიკას და ბევრსაც აგებენ, რადგან ყალბი რეკლამა ამა თუ იმ "ცნობადი სახეებისა" მეტისმეტად აღიზიანებს მკითხველს.

როგორია - შენ დღეს ლუკმას ეძებდე და ამ დროს წაიკითხო გაზეთში მსხვილ-მსხვილი ასოებით დაბეჭდილი მოკლე ტექსტური შეტყობინება – ესა და ეს არ კადრულობს ამა და ამ რესტორანში, ან კაფე-ბარში, ან ღამის ბარში სიარულს და მას ურჩევნია მოკრძალებულად პარიზის რომელიღაც სასადილოში დროის გატარება.

გამოდის, ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა ადამიანთა ფსიქიკაზე თამაშობს მხოლოდ იმისთვის, რომ დამკვეთის ყველანაირი კაპრიზი შეასრულოს, ხოლო ეს დამკვეთი იგივე რესპოდენტია, ან ჟურნალის მორიგი ნომრის სტუმრად მოვლენილი "ცნობადი სახე".

ასეთი დაკვეთები არც პროფესიონალიზმის მაჩვენებელია, არც ინტელექტის, უბრალოდ სრული პროვინციალიზმი მეფობს ყვითელ პრესაში. ყვითელი პრესისგან სხვას რას უნდა ველოდოთ, მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის ყველა გაზეთი და ჟურნალი მთელს ქვეყანაში ყვითელ პრესად ქცეულა და ვერ ნახავ აზრიან გაზეთს, სანთლით რომ ეძებო, მაინც. 

(გაგრძელება შემდეგ წერილში. დაელოდეთ...)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.