ბლოგები
თითქოს, პატრიარქი გასაბრაზებლად მოემზადა...
FaceBook
სიცოცხლე ღირს ასეთი წუთებისათვის...
შემთხვევით ჩავრთე ტელეფონი და მეუფე საბას შეტყობინება დამხვდა, სულ ოთხად ოთხი სიტყვა, - საღამოს 9 საათზე უწმინდესი გელოდებათ!

დატრიალება მაშინ უნდა გენახათ. დედულეთში მივდიოდით, იქ სუფრა და 17 წლის უნახავი ბებია მელოდებოდა.

გზიდან მოვბრუნდით. ოთხ საათში თბილისში უნდა "ჩავფრენილიყავით".
უკვე შეღამებული იყო, საპატრიარქოში რომ შევედით...

სიჩუმის მეფობა შეგიგრძვნიათ? ეს დედაოებიც ისე ჩუმად, ფეხაკრეფით დადიან, გეგონება, მიწას არ ეხებიან.
ძმებს გადავხედე... მეუღლესაც... დაძაბულობა და მოლოდინის რიდი მათშიც დავინახე.

ხელებს იფშვნეტენ, დასჯილი ბავშვივით, გაუნძრევლად არიან ჩასვენებულნი სავარძლებში.
გაუსაძლისი რომ გახდა ეს სამარისებული სიჩუმე, ფეხზე წამოვდექი და ირგვლივ, გარემოს დათვალიერება დავიწყე. კედელზე, ფერწერული ტილოდან უწმინდესი იმზირება...

თვალები წყლიანი აქვს? თუ სევდიანი?

ზარმა შემოკრა... იქვე, სამი ნაბიჯის შორი-ახლო, სრულიად მოულოდნელად ლიფტი გაიღო და... ახალგაზრდა ბიჭის ხელზე ჩამოყრდნობილი, ფეხაკრეფით, წელშიმოხრილი გამოვიდა... უნეტარესი.

რომ არ გაეღიმა ჩემთვის, ალბათ, გული წამივიდოდა...

ყველანი საპატრიარქოს ეზოს შუაგულში გავედით... 16 სექტემბრის საღამო იყო და შესაბამისად, თბილოდა და გრილოდა. უკეთეს საღამოს ვერ ინატრებდი.

უწმინდესის ტახტრევანს მივუახლოვდით.
ბიჭებმა, ქორალმა, გალობა დაიწყო...
"შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული, ნორჩი კეთილი..."

თავით ვეშვები ამ საგალობელის სიღრმეში, მილიონჯერ მოსმენილი არ მწყინდება და უცბად... საგალობელის ბოლო სიტყვებს რატომღაც სხვა ახსნას ვუძებნი: "სამოთხეს ამოსული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინა გჯობს ქებული"...

და თუ არა, ვინ უნდა იყოს ღმერთისგან შემკული, თუ არა მისგანვე გამორჩეული... პატრიარქად.

როგორი პეწით ეპყრობიან პატრიარქს... პლედი შემოახვიეს მხრებზე, ბებერი ძვლების უკეთ გასათბობად. მისი არსებობით მთელს საქართველოს ათბობს და... ალბათ, ჩვენ ვერ ვპასუხობთ იგივე სითბოთი... ათასი ჯურის ტელე-გადაცემებში თავს ვესხმით "ენჯიოშნიკები" თუ სოროს-კმარელები...

ლოცვა დაიწყო, ხშირად წამოეშველებიან წამოდგომაში და მისი ჩუმი ხმა ზედ მალამოდ ედება ჩემი უსამშობლოობის მოუშუშებელ იარებს, ჭრილობათა ნაპრალებს. მედავითნე დაბალ ხმაზე იწყებს ტროპარ-კონდაკების კითხვას და...

ამ დროს მიხმობენ პატრიარქთან.

მივეახლე და დავუჩოქე... ვეამბორე. ადამიანი, განსაკუთრებით თუ ის ზედმეტად მგრძნობელია, ყოველთვის არჩევს სიწმინდეს...

თავზე ხელი დამადო და არ აუღია.

დავბრუნდი-თქო, ვეუბნები, უძღები შვილი დაგიბრუნდი-თქო.

"გვიან, მაგრამ, მთავარია არ დაგავიწყდიო" - დაუფიქრებლად მპასუხობს.
შემდეგ, - ეს რა მომიტანეო... - ჩემს ხელში დახვავებულ, ჩემივე ავტორობით გამოცემულ წიგნებზე მეკითხება.

ჩემი უცხოეთში ყოფნის გასასამართლებელი საბუთებია-მეთქი, ვეუბნები და სათითაოდ ვაწოდებ. ინტერესდება ერთ-ერთის გარეკანით, მეკითხება, ეკლესიას ანგრევენო?

წიგნის, "წაშლილი სამშობლოს" გარეკანზე ეკლესიის ერთ მხარეს გლდანის ეპარქიის ურალის მანქანით დარბევის სცენა მაქვს ჩასმული... ხოლო მეორე მხარე, სადაც ხალხი ეროვნული გმირების, - ზვიადის, მერაბის, ქაქუცას სურათებით შედის ეკლესიაში, - ნათელშია და ფერებში ჩანს. იქვე ვერიკოს "მონანიების" სცენას ვაჩვენებ 7 ნოემბრის მიტინგის დამრბეველ პოლიციელებთან ერთად - უმოწყალოდ რომ სცემენ მშვიდობიან მოსახლეობას.

ამოიხვნეშა... თეთრი ქათქათა ცხვირსახოცით ცრემლი მოიწმინდა. გვერდით მდგარი ბიჭები მოგვიახლოვდნენ, ეგონათ რომ გადაიღალა და ვაწუხებდი... ვიფიქრე, დამთავრდა, გაცლას მომთხოვდნენ... პატრიარქმა რაღაც ანიშნა და ისინი სამუდამოდ გამეცალენ.

გავგულიანდი, ვიცი უკვე, რომ დროში შეზღუდული არ ვარ და პატრიარქი ჩემია.

შემდეგ მეორე წიგნი, ტრილოგია "სატახტო ქალაქი" ჩაიხუტა გულში. პატარა ბავშვივით მკითხა, მოუთმენლობით, რა ხდება ამ წიგნშიო.

მცხეთა, ქუთათისი და ტფილისი - ალაპარაკებული ლიტერატურული გმირები არიან და თვითონ ყვებიან თავის ისტორიას და სათქმელს-მეთქი.

რა კარგიაო, რომ ქალაქის გულისთქმას ყური დაუგდეო.

გავოცდი. ის კი არ მითხრა, რომ რა კარგი ჰქენი, ქალაქები აალაპარაკეო, - არამედ დამეთანხმა, რომ ქალაქები სულიერი არსებები არიან, ტკივათ, უხარიათ...

ამერიკაში აქამდე დაკარგულ საფლავებს ვეძებ და დღემდე 250-მდე ვიპოვე-თქო, 15 წელია ემიგრაციაში ქართულ ჟურნალს გამოვცემ-თქო, - წავიტრაბახე...

უკვე მეორედ მომეფერა, თავზე გადამისვა ხელი. საერთოდ, პატრიარქი როცა თავზე ხელს დაგასხამს, გლოცავს. მაგრამ, მე ვიგრძენი, რომ ეს დალოცვის გარდა, მოფერებაც იყო.

17 წელი არ მენახა სამშობლო-თქო, ახლა ჩამოვედი, პარიზში შევიარე, ქართულ ტაძარში ჯვარი დავიწერე და ახლა თქვენი დალოცვის გამოთხოვაც მსურს-მეთქი.

გეგონებოდა, თითქმის გასაბრაზებლად მოემზადაო, ხმა შეუკრთა და ამიტომაც დაბალ ხმაზე მკითხა: ხომ ქართველი შეირთეო?

აი, მაშინ მივხვდი, რომ ეს ქორწინება არათუ მხოლოდ დიდი ნაბიჯი იყო, არამედ ცხოვრების ყველაზე სწორი და მართალი გადაწყვეტილება.

ამასობაში, მედავითნე კონდაკის წაკითხვას მორჩა, პატრიარქს უნდა გაეგრძელებინა და წამოდგომა გადაწყვიტა. ხომ გახსოვთ, ის ბიჭუნები ჩამოგვეცალნენ-მეთქი. ახლოს აღარცერთი იდგა. მხოლოდ მე ვიდექი მის წინ.

ხოდა, უსაზღვრო მოწიწებით ვისურვე ხელი შემეშველებინა და... გავუწვდინე.

უნდა გენახათ, როგორი სიყვარულით მომხვია ხელი და წამოდგა. სიახლოვის უზარმაზარი და უძლიერესი ჯაჭვი შეიკრა-თქო, მეგონა.

გვერდზე, განზე გავდექით... და სულ რამოდენიმე წუთში მამა დავითის ხელით პატრიარქმა დაჭრილი ხილი მოგვართვა...

იქიდან რომ წამოვედით, ვერც ჩვენი ფეხის ხმას გაიგონებდით... სიხარულით დავფრინავდით, სიმსუბუქით დავფრინავდით და უკვე აღარ გვიკვირდა, თუ როგორ დადიოდნენ ფეხაკრეფით დედაოები ან რატომ მეფობდა სიჩუმე იქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.