ბლოგები
როგორ ვუშველოთ ქუთაისს?
FaceBook
აიო, ამდენი წლის შემდეგ რომ ჩახვედი შენს ქუთაისში, რა მოგეწონა, რას შეცვლიდიო? - უკვე იმდენმა დამისვა ეს შეკითხვა, რაღა დაგიმალოთ და დავფიქრდი კიდეც...

არადა, ისეთი შეკითხვა არაა, უცბად რომ გასცემ პასუხს და მოიცილებ აბეზარ მკითხველს.
ქუთაისის ხსენებაზე გულის სიღრმიდან თუ ამოვიხვნეშებ…

უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას, მის ქუჩებში ბევრჯერ მიფიქრია ამა თუ იმ დეტალზე, თუ როგორ მოიხდენდა ამას ქუთაისი… ქალაქის რომელ ნაწილს, რომელ უბანს თავისი თვითმყოფადობის გათვალისწინებით რა დეტალი და დიზაინური წყობა დაშვენდებოდა.

ქუთაისმა თავისი სულიერი მისია რომ დაიბრუნოს ქვეყნის წინაშე, პირველყოვლისა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოებრივი საქმე: ქუთაისში უნდა გადმოვიდეს თეატრალური ინსტიტუტი. ქალაქს არც პარლამენტის, სასამართლოების და არც ბანკების გადმოტანა არაფერში წაადგება. ქუთაისს სჭირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბრუნოს კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქცია.

შეიძლება ყველა ინსტიტუტი გადმოიტანო ქუთაისში, ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ააშენო, მაგრამ მათი გადმოტანა თუ გახსნა ასე ზედმიწევნით საჭირო არ იქნება არც ქუთაისისთვის და არც მთლიანი საქართველოსათვის ისე, როგორც ეს თეატრალური ინსტიტუტის გადმოტანით მოხდება. ვერც სხვა ქალაქი მოირგებს ისე ამ სასწავლებელს თავის თავზე, როგორც ეს ქუთაისს დაშვენდება.

ამით თავის ოდით ფუნქციას დაიბრუნებს ქუთაისი, ბუნებრივ კალაპოტში ჩადგება. თეატრალური ინსტიტუტის გადმოტანა გამოიწვევს უამრავი ახალგაზრდის მოზიდვას ქუთაისში. გაჩნდება მრავალი კულტურული კერა როგორც თეატრალური, ასევე მუსიკალური; აღარაფერს ვამბობ სამწერლო სალონებზე, ეს იმთავითვე მომენტალურად მოხდება ამ სასწავლებლის ქუთაისში გადმოტანით. დაიხვეწება და გამდიდრდება ლიტერატურული ცხოვრება და რაც მთავარია, მოსახლეობის სულიერებაზე უდიდეს როლს ითამაშებს ეს ეროვნული ღონისძიება.

მათ კურსდამთავრებულთა ბაზაზე უნდა შეიქმნას ქუთაისში არათუ მხოლოდ პატარ-პატარა კინოსტუდიები, არამედ ქუთაისი უნდა გადაიქცეს კინოინდუსტრიის სრულიად ეროვნულ ცენტრად, ჩამოყალიბდება რა ეროვნული კინო-კონცერნი ჰოლივუდის მსგავსად.

არ შეშინდეთ, კინოსტუდია "ქართული ფილმი" თავისთავად იარსებებს, თავისთავად იარსებებენ თბილისური თეატრებიც, მაგრამ მათთან ერთად იარსებებს კინოსა და თეატრის ქუთაისური სკოლაც - მზა კადრებით თბილისს მაინც დასავლეთ საქართველო მოამარაგებს დაწმენდილსა და განსწავლულს და არა სპონტანურად და უწესრიგოდ თბილისში შეყრილ ყველას, ვისაც კი გზა აბნევია.

ამით, ქალაქის შენობებიც გათავისუფლდება ჩინოვნიკურ-სამოხელეო ფუნქციური დატვირთვისაგან. თუნდაც, მერიის შენობაში შეიძლება განთავსდეს თეატრისა და კინოს აკადემია, ქალაქის ბულვარიც, სტუდენტებით აღსავსე, თავისთავად გადაიქცევა ღია თეატრად.

თავისთავად მოხდება ქალაქის ფერიცვალებაც. ქალაქის ცენტრი იქცევა "არაჩვეულებრივ გამოფენად". ქალაქში თემატურად გაიბნევა პიპინიას და ბონავენტურის, აგულისა და გლაფირასი, ხუთივე ბავშვის აკიმის მეთაურობით ძეგლები. სამხატვრო გალერეის სკვერში შეიძლება დაიდგეს პოროსის მარმარილო და ევგენის, ტოესტ ზაურის, ზეაღმართული ძეგლი.

აი, თუნდაც წარმოიდგინეთ, სადაც ამჟამად შრომის დიდების მემორიალია (მერიის გვერდით), მის ნაცვლად რომ აიგოს ცისფერყანწელთა მემორიალი მიწიდან ამომართული თორმეტი ცისფერი ყანწით, თითოეული ცისფერყანწელის სახელითა და ბარელიეფური გამოსახულებით.

ამასთანავე ეს ყანწები სიმბოლურად რომ განასახიერებდეს თითოეულის ბედს და ბედისწერას. ყანწების მეორე მხარეს თითოეული მათგანის ლექსებიდან თითო სტროფი რომ დაიწეროს საკუთარივე ავტოგრაფის გამოსახულებით. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს მემორიალი უნდა იქნეს შექმნილი ან ცისფერი მეტალისგან ან ცისფერი ქვისგან. ამ შემთხვევაში წარმოსახვა ცისფერისა მემორიალისათვის მომგებიანი არ იქნება. გასაოცარი ეფექტი ექნება მას თუ ვიზუალური მხარე რეალურად დაუკავშირდება წარმოსახვითს.

მთელს ამ ფერიცვალებას დააგვირგვინებდა თვით ბაგრატ მესამის გრანდიოზული ძეგლი ბაგრატის ტაძრის გალავანში, საიდანაც ხელისგულივით ჩანს მთელი ქალაქი.

აგრეთვე, ქალაქს აქვს პოტენციალი, წარმოქმნას ახალი ცენტრი ქალაქის შუაგულში და თუნდაც მაკდონალდსი იქ ააშენოს. თავისუფლად შეიძლება მიწისქვეშა მაღაზიებით დიდი მოედანი წარმოიქნას ისე, რომ ქალაქის მთავარი გამზირები - აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, ირაკლი აბაშიძის გამზირები და ბუხაიძის ქუჩა ერთმანეთს დაუკავშირდეს.

როგორი უნდა იყოს ქუთაისი ტურისტებისთვის?
ამაზე ჩემს შემდეგ ბლოგში ვისაუბროთ!
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.