ბლოგები
ქალი მტაცებელი და კეკლუცოფობია - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
ყოველთვის საინტერესოა რა ტიპის ადამიანები ხვდებიან ფილმების დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების სიაში?

თუმცა, ისიც საკითხავია, რატომ იწყებ დადებითისა და უარყოფითის ძებნას?

ალბათ, იმიტომ, რომ რომელიღაც ტოტალიტარულ სისტემაში გიცხოვრია და ამ "დამპალ" მემკვიდრეობას ვერაფერს უხერხებ. თუმცა, სხვა მხრივ მაინც საინტერესოა რა ტიპის პერსონებს აცხადებდა სისტემა აუტსაიდერებად.

რამდენიმე დღის წინ რომელიღაც არხზე ქართულ საბჭოთა ფილმს "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" უჩვენებდნენ. ფილმს, რომელიც სავსეა იდეოლოგიური პასაჟებით, შესაბამისად, მოეძევება თავისი დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები. სურათი სავსეა მისაბაძი საბჭოთა მშრომელებით, თუმცა ყავს რამდენიმე მავნე ელემენტი. მათგან ორი ქალია – რუსუდან კიკნაძის გმირი, ტატა და ერთ-ერთი პერსონაჟის დედა, რომელსაც ღმერთი გაუწყრა და მეორედ გათხოვდა.

და რა დააშავა ტატამ? ტატა მშრომელ პატიოსან გერასიმეს (გრიგოლ წიტაიშვილი) მთელი საბჭოთა სერიოზულობით უყვარდა. ტატა კი მის გრნობებს მსუბუქი ფლირტით პასუხობდა. ტატა ქერა ქალი იყო, მხიარული, მოკისკისე და ცხოვრებისთვის მსუბუქად მომზირალი. სხვა კაცი მოსწონდა, თუმცა უარს არ ამბობდა გერასიმესთვისაც დაეხვია თავბრუ. ფილმში გვიმტკიცებენ, რომ ტატა უღირსი ქალია და გერასიმეს ის უყვარდა, ვინც არ უნდა ყვარებოდა. ასეთი სიყვარული კი ისჯება. გერასიმე უბედური შემთხვევის გამო იღუპება და ამის მიზეზი რა თქმა უნდა ტატა ხდება.

მომღიმარი და სექსუალური ტატა არატიპიური სახელით და გარეგნობით ფილმის უარყოფითი პერსონაჟია. და უარყოფითია იმიტომ, რომ - კეკლუცია. იგი არის სიკვდილის ანგელოზი, რომელიც უბედურ გერასიმეს გამოეცხადა, თავი შეაყვარა და დაღუპა. ფილმის მორალი - სიკეკლუცე კლავს.

კეკლუცი ქალი უარყოფითი პერსონაჟის სახით არაერთ ქართულ საბჭოთა ფილმშია. ისინი მრავალნაირი მავნებლობით გამოირჩევიან. მაგალითად, "სხვისი შვილების" პერსონაჟი ბავშვები ლამაზი ქალის აგრესიულმა სექსუალობამ დააობლა. ქალი მათი უბედურების მიზეზი შეიქნა - მამა მოსტაცა და ისინი დეიდა ნატოს შეატოვა.

მაყურებლის მტრული განწყობა მიმზიდველი ქალისკენაა მიმართული, იმიტომ რომ იგი უკვე ისეთი სასტიკი გამხდარა, რომ ბავშვებსაც არ ინდობს. საბჭოთა კინოში "გუდიანი კაცის" ქალური ვარიანტი გაჩნდა, ბუა-ქალი, რომელიც ბავშვების ნაცვლად მამებს იტაცებს.

თუმცა, კაცებს მანამდეც იტაცებენ ფილმების "ყვავილი თოვლში", "ნინო", "აბეზარა"-ს მოკისკისე და ორგული კეკლუცები, რომლებიც მათი მომხიბვლელობით სრულიად დაუნდობლები არიან კონკურენტების მიმართ.

ამიტომ ქართულ საბჭოთა კინოში იკიცხებოდა კეკლუცი და ვნებიანი ქალები. მათ სჯიდა საზოგადოება, იდეოლოგია, ნაწარმოებების ავტორები. ასევე, სერიოზული, ქართული საბჭოთა უმანკოებით აღვსილი დადებითი ქალი პერსონაჟები, რომლებიც იმარჯვებდნენ კეკლუცებზე.

მოგვიანებით, ქაართულ კინოში მიმზიდველები და მომხიბვლელები სხვა სახით შემოდიან. იქამდე, მათ მიბაძვას იწყებენ მშრომელი ქალები (მაგალითად, "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" სოფიკო ჭიაურელის გმირი), თუმცა ბევრი არაფერი გამოსდით. თანაც მაყურებელში "ქალური" ქალების მიმართ აგრესია უკვე მყარადაა ფეხმოკიდებული.

და მაშინაც კი, როდესაც ფილმის ავტორი თავის პერსონაჟისკენაა, უკვე კულტურა განაწყობს უარყოფითად და მაყურებელი მზა აგრესიას აგებებს ატიპიურ ქართველ ქალს. მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის "დიდი მწვანე ველის" პერსონაჟი, ლია კაპანაძის გმირი, ალბათ ქალის ყველაზე საინტერესო და დრამატული სახე ქართულ კინოში, მაყურებლმა არ მიიღო. ქალის ძიებებს, არჩევანს, მისი სიცოცხლის მცდელობას და მოჯადოებული წრიდან გასვლის სურვილს დანაშაული ეწოდა, ქალურ მომხიბვლელობას - გარყვნილება.

საქართველოში ქალის სხვა ტიპები და მაგალითებია მისაღები. პერსონაჟები, რომლებიც ცივ უმანკოებას აფრქვევენ. ოთარაანთ ქვრივი, რომელიც შეუვალია მეწისქვილის გრძნობების მიმართ, ამავე ნაწარმოების კესო, რომელსაც ერთი ქალური იმპულსიც არ აღმოაჩნდა გიორგის სიყვარული რომ შეიგრძნოს და "ქართლის დედა", რომელიც საერთოდ თვითკასტრაციას იტარებს. თვითკასტრირებულ სივრცეში შეხების,ან შეუხებლობის, მიმიკის, პლასტიკის ეროტიკა ისე გაიშვიათდა და კეკლუცოფობია იმდენად გაჯდა, რომ როდესაც ვიღაცას მისი საჭიროება შეექნა, აღარც ეროტიკა გამოვიდა და აღარც პორნოგრაფია.

"სიყვარული ვანახში",ალბათ, ყველაზე "ფრიგიდული ფილმია" ქართულ კინოში. ეროტიზმის მოძიება გაჭირდება ქართული ტელე-შოუებიდან დაწყებული "მის მკერდით" დასრულებულ სანახაობებში. სიკეკლუცის ეროტიკა და ზოგადად, ეროტიკა, კვლავ აუტსაიდერია და ანდერგრაუნდს ეფარება. სამაგიეროდ, საჯარო სივრცე ეთმობა ციხეში გაუპატიურების სცენებს და პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც ხალხს, რატომღაც, პორნოგრაფია გონია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.