ბლოგები
მითვისებული ჰაერი და ნეტარი სიჩუმე - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
ეკლესიებთან ჩავლას პირჯვრის წერით აღნიშნავენ. ეს რიტუალი საგზაო ნიშანივით გახდა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირჯვრის კოლექტიური წერა გიჩვენებს, რომ ახლომახლო რომელიმე რელიგიური ნაგებობაა. რატომ იწერენ პირჯვარს ეკლესიებთან? ამ საკითხის სასულიერო პირებიდან განმარტების ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, იგივე მრევლის წევრებს ვკითხე. თუმცა აღმოჩნდა, რომ კითხვაზე პასუხი მაინცადამაინც არც მათ ქონდათ, გარდა ბუნდოვანი განმარტებისა - თაყვანისცემას გამოვხატავთო.

მათგან განსხვავებით, საბჭოთა კინოს მორწმუნე პერსონაჟებმა კარგად იცოდნენ რატომაც იწერდნენ პირჯვარს მაშინ, როდესაც რაიმესი ეშინოდათ, ან "ეშმაკის" განდევნა სურდათ. ამიტომ, სანამ ეკლესიებთან პიჯვრისწერის ტრადიცია დამკვიდრდებოდა, არსებობდა საბჭოთა კინო, რომლის მაყურებელიც ბავშვობაში გახლდით და რომელიც სხვა ინფორმაციას მაწვდიდა პირჯვრის წერის მნიშვნელობაზე. რადგან ვერავინ ამიხსნა რელიგიური შენობების დანახვაზე ყოველ ჯერზე პირჯვრის გადაწერას რა საკრალური მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ძველი ინფორმაცია ამუშავდა, გავლენა მოახდინა შთაბეჭდილებასა და ასოციაციებზე და დაასკვნა, რომ პირჯვარს შიშის გამო იწერენ. ამიტომ სამარშრუტო ტაქსში ან ავტობუსში ამოძრავებული ხელები მიმანიშნებენ, რომ რაღაც საშიშ ადგილს ვუახლოვდები, ადგილს, რომელსაც უნდა ვერიდო.

ამ განცდას მიძლიერებს ბოლო დღეებში სასულიერო პირთა ქმედება, რომელიც პირდაპირ მოითხოვს მათგან მორიდება, განრიდება, დამალვას.

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულმა სამონასტრო კომპლექსმა მიიერთა საცოცი პარკი, რის გამოც მეკლდეურები იძულებულნი გახდნენ პარკის დემონტაჟი გაეკეთებინათ.

გარდა იმისა, რომ მონასტერმა ტერიტორია მიიერთა, ჟრიამულსა და მხიარულებაზეც აკრძალვა დააწესა. "მხიარულება და ჟრიამული, რომელიც თან სდევს სპორტს და ტურიზმს შეუთავსებელია სამონასტრო ცხოვრებასთან, (კომპლექსმა) თანდათანობით შეზღუდა საცოც პარკზე წვდომა და ბოლოს შეუძლებელი გახადა მისი გამოყენება (ფიზიკურად)", -წერია სამთო გამყოლთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასულიერო პირებმა მათგან განრიდება მოითხოვეს და ჟრიამული აკრძალეს.

ხმა, ბგერა მოგესხენებათ ჰაერში ვრცელდება. რხევითი მოძრაობით ატმოსფეროს გადაკვეთს. რადგან ხმაურს კრძალავ, გამოდის საჰაერო სივრცეს იცავ. ამით კი იმაზე მიმანიშნებ, რომ არა მხოლოდ შენობები და მიწებია ეკლესიის, არამედ - ჰაერიც. შესაბამისად, ბგერებმა არ უნდა გადაკვეთონ მონასტრების „საჰაერო სივრცე“.

ალბათ, სასულიერო პირები მათ " საკუთრებაში" მყოფ საჰაერო სივრცეს "იცავდნენ" ზაჰესშიც, როდესაც საერთაშორისო ფესტივალის „Tbilisi JAM! Fest 2016-ის-ფარგლებში მიმდინარე როკ/მეტალ კონცერტი შეაჩერეს. ისინი ვერ დაუშვებდნენ ულტრაბგერების მათ "კონტროლირებად" ატმოსფეროში გავრცელებას.

ბგერებთან ერთად კონტროლდება სუნიც, რომელიც ასევე ჰაერში ვრცელდება.

მაგალითად, წლების წინ ქუთაისში ეკლესიის ახლოს ბენზინგასამართი სადგური ააშენეს. სადგურის აშენების მოწინააღმდეგენი ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებდნენ, რომ ეკლესიასთან ბენზინგასამართი სადგური მკრეხელობაა, ბენზინის სუნი შეაწუხებს ნეტარ ყნოსვასო. თუმცა, მერე სასულიერო პირებს ჯიპები აჩუქეს და ყველა გაჩუმდა. აღმოჩნდა, რომ ამ სუნიანი ბენზინის გარეშე ჯიპი არ მოძრაობს.

აი, როკ-მუსიკას, მეკლდეურთა ჟრიამულს და სიხარულს ჯერჯერობით არ მოეძებნა ასეთი საყოფაცხოვრებო/მომხმარებლური ფუნქცია, ამიტომ მარგინალებად დარჩნენ და არ დაეთმოთ "საჰაერო სივრცე".

თუმცა, ჰაერის კონტროლი მაინც რთულია. უკეთესი გამოსავალი უჰაერობაა. ბგერა მხოლოდ ვაკუუმში არ ვრცელდება, სმენასაც არაფერი შეაწუხებს. ალბათ ამიტომ ცდილობს ერიც და ბერიც საქართველო "ვაკუუმად" აქციოს. ვაკუუმში არც სიღარიბის ხმა გავრცელდება, არც უსამართლობის, არაფერი შეაწუხებს სმენას. ნეტარებაც ესაა - საყოველთაო სიჩუმე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.