ბლოგები
ქუთაისის ფენომენი "ჩემი ცოლის დაქალებში"
FaceBook
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" 50-იანი წლების ქუთაისი გააცოცხლეს. ამ სერიას ბლოგი მიუძღვნა ამერიკაში მოღვაწე ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ.

წუხელ "ჩემი ცოლის დაქალებში" 1960-იანი წლების ქუთაისი მოინატრეს.

ამ რამოდენიმეწუთიან კადრებში, გადამღებმა ჯგუფმა შეძლო სიღრმისეულად ჩაწვდომოდა ქუთაისის ხასიათს და ამ ახალი ეპოქის ბავშვებისთვის დაეხატა ქუთაისი...

ისეთი, როგორიც გვახსოვს...

ისეთი, როგორიც გვენატრება...

და არა ისეთი, ყვითელი მიკროფონით რომ გაიელვო ასეთი სულის ქალაქში მის დღეობაზე და არ მოძებნო კოლორიტები; თაობებს არ გადასძახო, რომ ქუთაისი სიყვარულია.

და რატომაა სიყვარული?!

საერთოდ, ასეთ მცირე ბიუჯეტიან სერიალებს კი არა, ჰოლივუდურ ფილმებსაც უჭირს ძველი კადრების ზუსტად დადგმა, ძველი წლების გაცოცხლება ახალ ეკრანზე - გაციფრულება.

და რა მაგარია, რომ ამას ზედმიწევნით შეძლებ - მისხალი არ შეგეშლება -
საფიჩხიის ცენტრში, ზუსტად ტაძრის წინ გამოფენ საბჭოთა საქართველოს დროშებს;

კადრისთვის, საგანგებოდ შეარჩევ ფერს, რომელიც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც შენს მეხსიერებაშია შენახული;

კოლხოზნიკიც ისეთი იქნება, შენს მეზობელ ვახტანგის რომ აკითხავდა;

ჩემოდანიც, - დიდედას, საშა ბებიას რომ ჰქონდა, - ერთი ხელი საცვლებით, ჩითის კაბით, სატინის ჩულქით და კორვალოვის სუნით სავსე;

ჩაცმულობა? მაკმანიანი კაბები, შლაქსი თუ ტრაპეცია შარვლები, მოწკიპული ულვაშები და ელვის პრესლის ბაკეები... ხელში სიგარეტი "გონიოს" კოლოფი. "გაის" მანქანა და მხოლოდ ქუთაისში შეხუმრებული მილიციელი? ნაყინის ურიკა და მენაყინის თეთრი ქუდი (მაშინდელი სანეპიდსადგური რომ ითხოვდა და დღეს არავის ახსოვს);

ცაცხვებთან, პურის მაღაზია და 24 ნომერი ავტობუსი... მაშინდელი ნოლ-შესტი, სამკუთხედი ფანჯარა რომ ეღებოდა წინ... ხრინწიანი რადიო...

და გადასარევი, სანიმუშო, ხაროგოულში თითით საჩვენებელი ჯემალიკო, რომელსაც ურიგებენ განაწილებით ჩამოსულ, ცქრიალა მანანიკოს.

და სახელები? ვალიკო, ციცო ბიცოლა, დარიკო, ციალა... იროდიონი და გეოლოგებთან მოკითხული, გარდაცვლილი მამა ჟორჟიკა...

იმერული მჭადის ორთქლს დააკვირდით? როგორ გადატყდა ხელში, თავისთავად?

მაგრამ მთავარი აქ სხვა რამე იყო...

დრომ ყველაფერს უცვალა ნირი, აღარც ისეთი "კალიასკები" გამოდის, კადრში რომ დავინახეთ; ბორჯომის ბოთლებიც გაათანამედროვეს, ლაღიძის სიმღერასაც აღარ ამღერებენ გამრეკელს...

თუმცა, ოდნავადაც არ შეცვლილა ერთი რამ - მენტალიტეტი!

ციცო ბიცოლას მენტალიტეტი...

და ახალგაზრდა დარიკოს მენტალიტეტი...

გეგონება, ეს 60-იანი წლების ქუთაისში კი არ იყო, აგერ, წუხანდელ ამბავს მოყვნენ:
ყურმილის იქიდან ციცო ბიცოლას კაპასა ხმა ისმის, სახლში დაგვიანებულ მანანიკოს რომ საყვედურობს: "არ გრცხვენია? დაღამდა უკვე, ხალხი რას იტყვის? ან მანდ რას იტყვიან ან ქუჩაში გამვლელებიო".

ეს არაფერი, დღესაც დარიკოებითაა სავსე ქუთაისი, რომლებიც იშვიათი სიზუსტით გაგიმეორებს ამ სიტყვებს:
“- არ შემომყვა სანაყინეში.
- სად სანაყინეში? ქვეყნის სალაპარაკო გინდა გოგო გახადო?“

ამ სცენარს ნიჭიერი გოგონა, ქეთი დევდარიანი წერს. რომ იტყვიან, დღევანდელ მაჯისცემაზე აქვს ყური მიპყრობილი, - ეს სერიალი ეხება ყველა მტკივნეულ თემას და ასე იყო, ალბათ, დღესაც -
დაგვანახეს, რომ ქვით მოკირწყლულ ქუჩებში, მანქანას მიყუდებულები აღარ მღერიან ბაფთიანი გიტარით;

არც ღამის ქუთაისია ისეთი უსაფრთხო, რომ ათას ჩაცუცქულ ბიჭში ისე ამაყად, მხრებგამართული ჩამოიარო - ნელი, ნარნარი ნაბიჯებით მიმავალ ასულთან ერთად...

აღარც ქუთაისის სადღეგრძელოს ტოვებენ ჩურჩულით...

ოო, პაემანზე თეატრში ხომ აღარავინ მიდის და არც "მოგწონს ქუთაისით" იწყებენ საუბრის აგებას ქალთან თავმოსაწონრად.
აი, სანაყინეში შესული ქალის თავისმოჭრა კი, დღესაც შეუცვლელი ფენომენია და წლები ვერაფერს აკლებს.

„ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი, შენ იყავი ერთადერთო, როცა გულში მაისი და სიყვარულის ცეცხლი გვენთო“ - ეს სიტყვები ქუთაისზე ყოფილა და დღეს მივხვდი.

P. S. ხო, შენი რჩეული, ზუსტად ისე უნდა მოგიხდეს, როგორც ქუთაისს - გაზაფხული უხდება!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.