ბლოგები
პროტესტი - წლის მთავარი კულტურული მოვლენა
FaceBook
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

2023 წელი იქცა აქციების წლად, სადაც ბოიკოტის რეჟიმის და საპროტესტო მსვლელობების ტალღამ მოიცვა ხელოვანთა ჯგუფები, ხელოვნების თითქმის ყველა დარგიდან.

ნამდვილ ხელოვნებას წელს კიდევ უფრო გაუმყარეს ჩარჩო ან გააძევეს ოფიციალურად მისთვის გამოყოფილი სივრცეებიდან.

შესაბამისად, წლევანდელმა პეტიციებმა, საპროტესტო პოსტებმა და ლოზუნგებმა სიმრავლით ლამის გადააჭარბეს წელს დაწერილ მხატვრულ ტექსტებს.

ყველაზე დრამატული მოვლენების ადგილი ისევ ქუჩა და გამზირი გახდა. დიდი თუ პატარა ქალაქების პარლამენტის, სამინისტროების,თეატრების, კინოცენტრის, ოქროს ჩარდახის შენობების მიმდებარე ტერიტორიები.

წლის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში, ბევრად მნიშვნელოვანი, უფრო დრამატული, ნამდვილი, ცოცხალი და მომვალზე გათვლილი იყო ის, რაც გარეთ ხდებოდა, ვიდრე ამ შენობებში.

ხელოვნებას ოფიციალური კულტურის ტერიტორიაზე წაერთვა უფლება ყოფილიყო ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკური.

შესაბამისად, ეს ტრადიცია იქცა ხელოვანების მთავარ სათქმელად და მოთხოვნად. ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გახდა წინააღმდეგობის აქტი, მცდელობა, ბრძოლის ველი, რომ კულტურამ არ დატოვოს მისივე სახელობის ინსტიტუციები.

კულტურამ "არ დატოვოს" ისტორიულ-კულტურული ძეგლებიც და არ იქცეს ევრორემონტიან შენობებად, როგორც "ოქროს ჩარდახის" შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ან უკვე მოხდა გელათის შემთხვევაში.

ხელოვნება არ იქცეს ხელოსნობად. რესტავრაცია - რემონტად.

კულტურამ არ დატოვოს თეატრი, კინო, ლიტერატურა, საამისოდ კი ისევ და ისევ უნდა მიეცეს შესაძლებლობა იყოს ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკური.

სწორედ პოლიტიკური, "ისტორიული", დროის ადეკვატური. რადგან ზოგჯერ ყველაფერს ეს წყვეტს - ისტორიის რომელ მხარეს დგას ხელოვანი. 

ხელოვნების (ხელოვანების) პოლიტიკიდან გამიჯვნა, თვითცენზურა, დიდი მორალური კრიზისების ფონზე ისტორიული მოვლენების არშემჩნევა, დაიგნორება, და პროპაგანდის ჩარჩო-შეთანხმებაზე მორგება თვითმკვლელობას ემგვანება. რაც ხელოვანის ყველა მოძრაობას მცდარად აქცევს და წარმოდგენილ პროდუქტს - კონიუნქტურად.

ჩარჩოზე მორგების ეს მცდელობები განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება თეატრში. შეიძლება იმიტომ, რომ სპექტაკლი ცოცხალი პროცესია, ახლა და ამ მომენტში მიმდინარე აქტი, ამიტომ სხვებზე მეტად ითხოვს ავტორებიდან "დროის ნიშნის ამოცნობას" და ეპოქის კონტექსტის გააზრებას.

მიუხედავად ამისა, მაინც, ისტორიიდან განდგომა და „მაღალ მატერიებთან“ შეფარება გადაწყვიტეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში წლის განმავლობაში წარმოდგენილ რამდენიმე სპექტაკლში.

შეიძლება ამ არჩევანმაც განაპირობა ის, რომ ევრიპიდეს "მედეა" ევროპაში გამგზავრებული პროვინციელი მედიკოს დრამად იქცა და არა კოლხი მედეას ტრაგედიად.



რეჟისორმა გოგა თავაძემ კოლხი მედეადან თანამედროვე ემიგრანტი ქალი გაგვაცნო. სხვის მიწაზე მოხვედრილი კოლხი ასული, რომელიც არ მიიღეს ცივილიზებულმა ბერძნებმა. თავაძის სპექტაკლი საქართველოდან არალეგალურად ჩასული ემიგრანტი ქალის ისტორიაა, რომელსაც ბარბაროსად აღიქვამენ ევროპელი დამსაქმებლები. რის შემდეგაც მაყურებელი ბრაზდება ევროპაზე  და მედეას ტრაგედიაზე პასუხისმგებლობაც მას აკისრებს

ასე იქცა ანტიკური მედეა, დაღლილ ემიგრანტად, დასავლეთზე გამწყრალი რეჟისორის ხელში. გოგა თავაძე განუდგა ევრიპიდეს, სამაგიეროდ, სრულად უპასუხა ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელსაც აქტიურად მიმართავდა ხელისუფლება.

უფრო შორს მესხიშვილის თეატრში წარმოდგენილი ვერც სხვა სპექტაკლების ავტორები წავიდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ ცდილობდნენ არც სამინისტროს "ჩარჩო-შეთანხმება" დაერღვიათ და მთლად არც ხელოვნებას მოსწყვეტოდნენ, სადღაც შუაში ემოძრავათ - ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ამან კი სრულიად გააბუნდოვანა მათი სათქმელი, „პოლიტიკური“ ბრეხტი აპოლიტიკურად აქცია, ინტელექტუალური დრამა მელოდრამად, რომელსაც ვერ ფარავს სპექტაკლის განსხვავებული და კარნავალური ფორმა (მაგალითად, სპექტაკლი "დაფდაფები ღამით").



მაყურებლისთვის დამაბნეველია გაურკვეველი მიზანსცენების და მეტაფორების მორევი, რომელსაც სპექტაკლში "შელოცვა რადიოთი" გვთავაზობენ, სანამ მაყურებელი ამ დრამატურგიული რებუსების გამოცნობის პროცესშია, ქრება ემოცია.

არადა ნიკო ლორთქიფანიძის ტექსტები სწორედ მძაფრი ემოციით გამახსოვრდება.



უემოციო, ნეიტრალური განწყობა შეიძლება სადმე კარგი მოკავშირე იყოს, მაგრამ არა მხატვრული პროდუქტის აღქმის შემთხვევაში.

და მითუმეტეს ვერ იქნება კარგი მოკავშირე მორალური კრიზისების და დიდი ისტორიული მოვლენების დროს. რომელმაც მთლიანად მოიცვა მთელი საზოგადოება 2023 წელს და რომელსაც საერთოდ არ გამოეხმაურა მესხიშვილის თეატრი. 

შეიძლება ამის გამოძახილი იყო სოციალური თეატრის დაფუძნება ქუთაისში. იგი ჟურნალისტების, ახალგაზრდა მსახიობების და მუსიკოსების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. 



ალბათ, სოციალურმა თეატრმა უნდა შეავსოს ის დიდი სიცარიელე, რასაც სადღეისოდ სიცოცხლე და დამოუკიდებლობაწართმეული ოფიციალური კულტურის კერები ვერ აკეთებენ. თქვას ის, რასაც ვერ ან არ ამბობს დრამატული თეატრი. და ამით აღადგინის ჩატეხილი ხიდი ისტორიასა და ხელოვნებას, რეალობასა და მხატვრულ სინამდვილეს შორის.

სანამ ეს არ მოხდება, მანამ ქუჩის აქციები იქნება წლის მთავარი მოვლენა უკეთესი დრამატურგიით, უკეთესი მონაწილეებით და სრულიად გაცხადებული სათქმელით, ის რომ ხელოვნება არის ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკური.


ფოტო: მესხიშვილის თეატრი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი
თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
10:02 / 04.06.2024
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის)
ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების
12:25 / 08.05.2024
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის) ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების" გამარჯვებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.