ბლოგები
ფილმი "მარტო სახლში" "ქართულ ოცნებას" რომ გადაეღო...
FaceBook
კრის კოლომბუსის "მარტო სახლში" , ალბათ,  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო-საახალწლო ფილმია. 

მართალია, შობასა და ახალ წელზე საუბარი ზაფხულის დასაწყისში სრულიად უადგილოა, მაგრამ "მარტო სახლში" შეიძლება უფრო მეტს ამბობდეს, ვიდრე რომელიმე სხვა ტიპიური საშობაო შოუ და ეს  სათქმელი ყველა სეზონზე ერთნაირი წარმატებით მუშაობდეს. 

მივყვეთ ამბავს, რომელიც ფილმის „მარტო სახლში" მთავარ გმირს, რვა წლის კევინ მაკალისტერს თავს გადახდა.

მშობლებსა და და-ძმებზე განაწყენებული კევინი შობის მიჯნაზე ისურვებს ოჯახის გაქრობას და ოჯახიც "ქრება".  მისი ოჯახის წევრები კევინის გარეშე საფრანგეთში სამოგზაუროდ მიდიან, კევინი კი სახლში მარტო "რჩებათ". ოჯახის "გაქრობასთან" ერთად მაშინვე ჩნდება საფრთხეები. არაკეთილმოსურნეები, რომლებიც მარტო დარჩენილი კევინის დამორჩილებას და სახლის გაძარცვას შეეცდებიან. 

რვა წლის კევინი მარტო გაუწევს წინააღმდეგობას და ხელს შეუშლის მძარცველებს განზრახვის სისრულეში მოყვანაში.

კომედიის, საახალწლო და გასართობი ჟანრის მიუხედავად ფილმი ბევრ, ამერიკელისთვის მნიშვნელოვან კოდს და გზავნილს შეიცავს. ოჯახის სიწმინდე, სახლი, როგორც ციხესიმაგრე, საკუთრება, რომელიც ხელშეუხებელია, ჩანაფიქრები, რომლებიც სრულდება, ამერიკელი ბავშვი, რომლიც არ იბნევა და ყოველთვის მოიფიქრებს გამოსავალს, სამართლიანობის აღსრულება და ყველაფრის ჰეპი-ენდით დასრულდება.

ფილმში ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების, განწყობების, რწმენა-წარმოდგენების მთელი თაიგული იკვრება. 

კევინის გაბედულება დაფასდება, თუმცა კევინს პასუხისგება მოუწევს იმაზე, რომ ოჯახზე უარი თქვა. რადგან ოჯახი წმინდაა, ოჯახი ბურჯია, ოჯახი გადამრჩენელია. ამას ამტკიცებს ყოველი მეორე ჰოლივუდური ფილმი, ამის სჯერათ ამერიკელებს (და არა იმის, რასაც მატყუარა მეუფეები ქადაგებენ ამბიონებიდან).

სჯერათ ადამიანის ნების და მისი დიდი შესაძლებლობის. ამ ნების წყალობით ამარცხებს კევინი მასზე  უფროსებს და ბევრად ძლიერებს. 

ამერიკელი ბავშვი არ თმობს მის ტერიტორიას, სივრცეს, მშობლიურ ადგილს, თუ განვაზოგადებთ სამშობლოს. 

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ "მარტო სახლში" "პატრიოტული" ფილმია. იგი იმ ბურჯებს ამაგრებს რაზეც და ვისზეც დგას ამერიკის სახელმწიფო. 

კევინის ამბავი დღევანდელ საქართველოში რომ გადმოვიტანოთ და წარმოვიდგინოთ, რომ მის ქართულ ვერსიას„ოცნების“ ხელისუფლების დაკვეთით იღებენ, სულ სხვა სურათს მივიღებდით.
სიუჟეტი, პერსონაჟები იგივე დარჩებოდა, მაგრამ ღირებულებები სხვაგვარად გადანაწილდებოდა.  

ფილმის რეჟისორი იქ თუ კრის კოლომბუსი იყო, აქ გოგა ხაინდრავა იქნებოდა, კომპოზიტორი იქ თუ თანამედროვეობის გამორჩეული მუსიკოსი ჯონ უილიამსი გახლდათ, ქართულ-სახელისუფლო ვერსიაში "უცნობი" მოგვევლინებოდა.

ქართულ „მარტო სახლში“თავიდან ყველაფერი ისე აეწყობოდა როგორც ამერიკულშია.

სახლში მარტო დარჩენილი ბიჭი შეეცდებოდა მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ, ქართულ ვერსიაში მშობლები დროზე მოუსწრებდნენ და ამ "მავნე" სურვილს, წინააღმდეგობა გაუწიო მტერს,  გადააფიქრებინებდნენ - ვინძლო ამით ბანდიტები არ გაეღიზიანებინათ. ისინი მიმართავდნენ სტრატეგიულ დათმობას.

მაგრამ რადგან მტერთან არგღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს, ავისმზრახველი მძარცველები მაინც არ მოეშვებოდნენ  და შეიჭრებოდნენ მაკალისტერების (რამე ქართულ გვარს მისცემდნენ) სახლში.

ბიჭი ისევ ეცდებოდა მათთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ მშობლები მძარცველებს შეატყობინებდნენ ყველა იმ მახის შესახებ, რომელიც ბიჭმა ქურდებს მოუწყო. ბიჭს კი, არდამორჩილების გამო სახლის მესამე სართულზე გამოკეტავდნენ. ხელში მისცემდნენ ვაჟა-ფშაველას კობახიძის მიერ ადაპტირებულ „სტუმარ-მასპინძელს“, კედელზე კი გაუკრავდნენ ბანერებს  წარწერით „მონობა თავისუფლებაა“ და „დათვი თუ მოგერია ბაბაია დაუძახე“. 

ბანდიტები ჯერ ტექნიკას და ძვირფასეულობას მოითხოვდნენ, მშობლები მისცემდნენ (ისევ და ისევ არგაღიზიანების მიზნით), მაგრამ ბანდიტები ამაზე არ შეჩერდებოდნენ, ისინი უფრო მეტზე გამოცხადებდნენ პრეტენზიას და ბოლოს სახლიდანაც არ წავიდოდნენ, დაიკავებდნენ ერთ ოთახს, მერე - მეორეს.
მშობლები არ შეიმჩნევდნენ და „დღეს სტუმარია ეს ჩემის“ ძახილით დააშოშმინებდნენ აღშფოთებულ ბავშვებს. 

ამ ხმაურითა და ღრიანცელით შეწუხებული მეზობლების მიერ გამოძახებულ პოლიციას მშობლები კარს არ გაუღებდნენ. 

მეზობლებს დააბრალებდნენ სხვის საქმეში ჩარევას, პოლიციას კი უფლებამოსილების გადამეტებას (მათ ხომ კარზე დაკაკუნების უფლება მისცეს თავს). 

მშობლები სასამართლოს მიერ კრიმინალებად აღიარებულ მძარცველებთან გააგრძელებდნენ თანამშრომლობას. 

ამ დროს გაირკვეოდა, რომ ამ მძარცველებმა მეზობლებიც გაქურდეს. 

მაგრამ უფროსი მაკალისტერები (რამე ქართული გვარით) მათ ბინაში ქურდების შეჭრას თავად  მეზობლებს დააბრალებდნენ. მდიდარმა მეზობლებმა გამოიწვიეს და მათი კეთილდღეობით თვალი მოსჭრეს პატიოსან ბანდიტებს. 

ამ ვითარებაში ყოფნა გაუჭირდებოდათ შვილებს და ისინი ემიგრაციაში წავიდოდნენ. კევინის ქართულ პროტოტიპს კი მშობლები გამოკეტილს დატოვებდნენ. მშობლები უმღერებდნენ, უცეკვებდნენ და  ელარჯებს გაუწელავდნენ ქურდებს...

თუმცა საბოლოოდ სახლს გადაუფორმებდნენ მძარცველებს თუ არა ეს ფილმში არ ჩანს, ღიად რჩება...

მტერთან ურთიერთობის დღევანდელი, სახელისუფლო მოდელი ასეთია და მის ჭრილში იცვლება პატრიოტული შინაარსის ყველა ფილმის, წიგნის, სპექტაკლის, აფორიზმის, ლექსის სტროფის, თამადის ნათქვამის გაგება. იცვლება ისტორია, იცვლებიან გმირები და ანტიგმირები. ვისაც აინტერესებდა ქართველობის დაკარგვა რა არის აი, ეს არის - ფუნდამენტის მორყევა, მტრის მსახურება და ღირსებაზე უარის თქმა.

როცა ამათ კარგავ, რჩები მარტო, სახლის გარეშე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.