ბლოგები
სიჩუმე თეატრში, როცა ხმაურის დროა
FaceBook
ხალხი დაიღალა პრობლემებით, ამიტომ მაყურებელს ვთავაზობთ ისეთ სპექტაკლს, რომელიც გაართობს და პრობლემებს დაავიწყებს, -  ეს მიზეზი არაერთხელ ქცეულა  მოტივად ქუთაისის მესხიშვილის თეატრში კონკრეტული სპექტაკლის დადგმისას. 


ქართულ საზოგადოებაში არსებობს ბევრი პრობლემა, ხოლო თეატრი თავაზობს ამ პრობლემების დავიწყებას და ყურადღების გადატანას.

ბოლო პერიოდში მესხიშვილის თეატრი უმეტესად ამ საქმიანობითაა დაკავებული. პოლიტიკით დაღლილი მაყურებელი დაასვენოს, მოადუნოს, მოთენთოს კომედიით, ზღაპრით, მიუზიკლით, აბსურდით. მაყურებელი პოლიტიკიდან, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან  მაქსიმალურად რომ დისტანცირდეს და სხვა რეალობაში გადავიდეს, სადაც გაერთობა ან  მოისმენს საუბრებს ზემაღალ მატერიებზე. 

არსებული მძიმე რეალობა და მისი გამოწვევები თეატრისთვის უმეტესად საინტერესო არ არის. 

ის ცდილობს ამ რეალობაზე მაღლა დადგეს, სადმე ოლიმპოს მისადგომებთან.

გარეთ რუსეთ-უკრაინის ომია, საქართველოში დემოკრატიას სერიოზული უკუსვლა აქვს, ავტორიტარიზმი მოძლიერდა, სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნა, სიღარიბემ საზოგადოების დიდი ნაწილი მოიცვა, საქართველოდან ემიგრაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად იმატებს, მაგრამ თეატრი ამაზე არ რეაგირებს. 

აწმყოს ნაკლებად წყალობს, სამაგიეროდ უყვარს წარსული და ქართული თეატრის დიდ ისტორიასა და ტრადიციებზე აპელირება.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ სწორედ თეატრის ისტორია არ აჩვენებს მათ სასარგებლო სურათს.  მესხიშვილის და ბევრი სხვა თეატრის დღევანდელი სარეპერტუარო პოლიტიკის შემქმნელებს  მოკავშირეებად ნაკლებად გამოადგებათ ქართული თეატრის კორიფეები. 

რადგან ქართული პროფესიული თეატრის წარსული სხვა ისტორიას ყვება.

როგორც ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე გუბაზ მეგრელიძე მის კვლევაში "ქართული თეატრი და ეროვნული მოძრაობა" აჩვენებს, დროის ნიშნის გამოცნობა, რეალობიდან არგაქცევა და ისტორიული პროცესებისადმი მგრძნობელობა, თეატრის ლამის მთავარ მისიად გამოჰყავდათ ქართული პროფესიული თეატრის დამფუძნებელ მამებს.  რაც მათ საშუალებას აძლევდა ყოველ ჯერზე ისტორიის სწორ მხარეს მდგარიყვნენ.

თუკი ქართული თეატრის  ათვლის ადგილად  - ერეკლე მეორეს კარს, ხოლო დროს  - მე-18 საუკუნის ბოლოს მივიჩნევთ,მაშინ  აქედან მოყოლებული თეატრი მის საქმიანობას ისტორიულ მოვლენებთან აქტიურ კავშირში განიხილავდა. უფრო მეტიც,  ქართველი  თეატრალები მაგალითს იძლევიან თუ როგორი უნდა იყოს მსახიობი მოქალაქე. მსახიობებს, რომლებიც გმირებს სცენაზე თამაშობდნენ, ცხოვრებაში მოუხდათ იგივეს გაკეთება. 1795 წელს,მაჩაბლის თეატრის მთელი დასი გმირულად დაიღუპა აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას კრწანისის ბრძოლაში. სამას არაგველთან, 500 ბორჩალოელ მუსლიმთან ერთად, ქართველი თეატრალებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე. ეს ფაქტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამაღელვებელი ამბავია მსოფლიო თეატრის ისტორიაში.

როგორც მეგრელიძე აღნიშნავს, ამ ამბების შემდეგ ქართული პროფესიული თეატრის აღდგენა მხოლოდ  1850 წელს მოხერხდა. როცა გიორგი ერისთავმა, 1850 წლის 2 (14) იანვარს, თავისივე პიესა  "გაყრის" დადგმით ქართული პროფესიული თეატრი დააბრუნა. სწორედ იმ გიორგი ერისთავმა, რომელიც რუსეთის კოლონიური უღლის წინააღმდეგ 1832 წლის ცნობილი აჯანყების შეთქმულთა შორის იყო. შეთქმულებაში მონაწილეობის გამო გიორგი ერისთავი გადაასახლეს. თეატრი გადასახლების შემდეგ დააფუძნა. 

მალე ასპარეზზე ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები ჩნდებიან და  ისინი თეატრს  საერთოდ  ტრიბუნად მიიჩნევენ ეროვნული იდეალების და იდენტობის გასაცნობიერებლად.

"თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის. მაგის მეტი ნაციონალობის ნიშანწყალი ჯერ-ჯერობით ჩვენ არა გვაქვს რა. ეგ ერთი  ადგილია, როცა ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს. ესეც საკმაოა, რომ კაცმა თავი გადადოს..."- ამბობდა ილია.

ამ სულისკვეთებით იყო შედგენილი XIX საუკუნის 80-იან წლებში თეატრის რეპერტუარი. მათი უმეტესობა ისტორიულ-პატრიოტული ნაწარმოები იყო,  რომელიც ცდილობდა საზოგადოებაში გაეცოცხლებინა ეროვნული განწყობები და ხელი შეეწყო ხალხის სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესისთვის. 

მეგრელიძის ნაშრომში საუბარია ლადო მესხიშვილზეც, რომელიც თეატრის სცენას ტრიბუნად იყენებდა. იგი არ უშინდებოდა რუსულ ცარისტულ ცენზურას და მის მოქალაქეობრივ პოზიციას ხმამაღლა აჟღერებდა. უფრო მეტიც, მას ხედავდნენ ბარიკადებზე რუსული ცარიზმის წინააღმდეგ სახალხო მოძრაობების მხარდამჭერთა რიგებში. 

"ჩვენ თუ დავიხოცებით _ ქვეყანა წარმოშობს ისეთ გმირებს, რომელნიც უეჭველ გამარჯვებას მიანიჭებს ხალხს,"- ამბობდა მესხიშვილი. 

ბარიკადებზე, უფრო ზუსტად სანგრებში აღმოჩნდნენ ქართევლი მსახიობები 1921 წელს რუსული საბჭოთა ოკუპაციის დროს. 10 თებერვალს რეჟისორ სანდრო ახმეტელის  სპექტაკლის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"პრემიერა გაიმართა და 16 თებერვალს კი მთელი დასი დაიშალა, მსახიობთა გარკვეული ნაწილი ეროვნული არმიის რიგებში შევიდა.

ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლთა შორის იყო თავად სანდრო ახმეტელიც. მეგრელიძის კვლევის მიხედვით საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ახმეტელი არალეგალურ მუშაობას განაგრძობდა. წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა ბოლშევიკებს. რა მიზეზითაც იგი პირველად  1923 წელს  დააპატიმრეს. 

1923 წელს ახმეტელთან ერთად დააკავეს აკაკი ხორავაც.  მეგრელიძის მოკვლეული დოკუმენტების მიხედვით აკაკი ხორავა მენშევიკური გვარდიის შტაბის ყოფილი უფროსი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ ისიც ეწეოდა არალეგალურ ანტისაბჭოთა მუშაობას, რისთვისაც დააპატიმრეს.

როგორც დოკუმენტში იყო მითითებული ხორავა "საბჭოთა ხელისუფლების მიმართ განწყობილია უკიდურესად მტრულად..."

ახმეტელიც და ხორავაც მაშინ დახვრეტას გადარჩნენ. ორივე თეატრს დაუბრუნდა. ახმეტელმა შემოქმედებით ცხოვრებაში ასახა მისი მოქალაქეობრივი განწყობები. პატრიოტული სულისკვეთების სპექტაკლები დადგა:`როდამი", "ლატავრა", `ჰერეთის გმირები". 

ახმეტელის გაჩუმება და დამორჩილება მხოლოდ დახვრეტით შეძლეს.

სტალინურმა რეჟიმმა მასთან ერთად კიდევ ბევრი მოკლა და ბევრიც ტერორით დაიმორჩილა, ამით, რაღაც დროით გააჩუმა ქართული თეატრი...

როგორც ჩანს მაშინდელი სიჩუმის აჩრდილი პერიოდულად ჩნდება და ისადგურებს თეატრებში.

ეს აჩრდილი იგრძნობა მესხიშვილის თეატრშიც.

ხალხთან, რომლებიც იმ თეატრის წარმომადგენლები და მემკვიდრეები არიან ვინც დროის გამოწვევებს გაბედულად პასუხობდა, ისტორიის სწორ მხარეს ირჩევდა და სამოქალაქო პოზიციის გამოვლენას არასდროს გაურბოდა. არ იყო გაჩუმებული მაშინ,  როდესაც მისგან ხმაურს ელოდნენ. ბრძოლას იღებდა და კვდებოდა კიდეც.
დღეს მესხიშვილის თეატრი მაყურებელს პრობლემების დავიწყებას სთავაზობს. იწვევს თავის წიაღში, სადაც სიჩუმეს დაუსადგურებია. 

სიჩუმეს მაშინ, როცა ყვირილის დროა...



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.