ბლოგები
ქალაქის მერი „დასავლური“ ბიოგრაფიით და დუმილით „რუსული კანონის“ მიმართ
FaceBook
"მე კანონპროექტის შეფასებას ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი არის. უბრალოდ, ნებისმიერი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა იყოს კანონმდებლობასთან თანხვედრაში. დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ", -  ასე უპასუხა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ფიქრობდა იგი  "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე. 

სანამ ქუთაისის მერი "შემდეგ სასაუბროდ" ემზადებოდა, კანონპროექტი პარლამენტმა ჯერ პირველი მოსმენით მიიღო და ორ დღეში ბიუროს საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე მისი ჩაგდება მოუწია. მიზეზი მწვავე პროტესტი გახდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა  ეს კანონი კონსტიტუციური წესრიგის დამხობად, სახელმწიფოს მიტაცებად, ევროპისთვის კარის ჩაკეტვად, რუსულ ორბიტაზე გადასვლად და დიქტატურის გაფორმებად ჩაუთვალა ხელისუფლებას.

"რუსული კანონი" ჩააგდო პარლამენტმა, თუმცა „რუსული რიტორიკა“ გააგრძელა მმართველმა გუნდმა ე.წ. ჯაშუშების, „მართული“ ახალგაზრდების, დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების და თავად  დასავლეთის მისამართით. იმ დასავლეთის, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი გარანტი და განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე მთავარი დონორია. 

მარტო 2020 წელს რომ გადავხედოთ საქართველომ დასავლეთიდან 28 მილიარდი დახმარება მიიღო. აქედან მხოლოდ 2% მოხმარდა სამოქალქო სექტორს. დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუტებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს და პროგრამებს, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქართველოს უმსხვილესი დონორი ქვეყნები არიან გერმანია, საფრანგეთი, აშშ, შვედეთი, ავსტრია, იაპონია, პოლონეთი, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, ბრიტანეთი. 

ამ ქვეყნებში დაფუძნებულ ფონდებთან და ორგანიზაციებთან თანაშრომლობის ფაქტები, მათ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული განათლება, ასევე იქ განხორციელებული ვიზიტები და მონაწილეობა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ფორუმებსა თუ კონფერენციებში,  გვხვდება ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობის ბიოგრაფიაში. 

გამონაკლისი არც  ქუთაისის მერია.  არჩეულ მერს არ გაუპროტესტებია რუსული კანონრპოექტი, არადა საამისო მსუყე საფუძველი ჰქონდა. მისი წარსული სამუშაო გამოცდილება  მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ეყრდნობა.  მაგალითად, ის გახლდათ "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორი. "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი" (UNICEF), პროექტის "ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა საგანმანათლებლო დაწესებულებებში" ხელმძღვანელი. 

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო პროგრამა", პროექტის "საკვები სამუშაოსათვის" მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი. ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები", "აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო"-ს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის "ჯანმრთელი ქალი საქართველოში" ინფორმაციის, განათლებისა და კომუნიკაციის საკითხთა კოორდინატორი და ა.შ. და ა.შ.

იოსებ ხახალეიშვილის ბიოგრაფია უკვე მერობის პერიოდშიც მდიდარია დასავლეთის ქვეყნებში ვიზიტებითაც.  2022 წელს ქუთასის მერი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ექვს ქვეყანაში. 2022 წლის 3 -7 აპრილის ოფიციალური ვიზიტით მიწვეული იყო შვეიცარიაში, ჟენევაში ,,მერების მეორე ფორუმი 2022"  -ზე მონაწილეობის მისაღებად. 2022 წლის 27-30 აგვისტოს ჩათვლით იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად მიწვეული იყო პოლონეთის რესპუბლიკაში ქალაქ ტორუნში, მონაწილეობა რომ მიეღო ჩვენი თანაქალაქელის ვიტალი უგრეხელიძის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში. ვიტალი უგრეხელიძე სხვათაშორის ის ადამიანი გახლდათ, რომელიც საქართველოშიც და პოლინეთშიც რუსულ საბჭოთა იმპერიას ებრძოდა, რის რესტავრაციასაც ცდილობს ვლადიმერ პუტინი და რომელი იმპერიის ორღობედ ქცევას გვპირდებოდა „რუსული კანონი“.  

იოსებ ხახალეიშვილი კი აგრძელებდა ვიზიტებს 2022 წლის 13 -16 სექტემბერს ბერლინს  ეწვია, სადაც გაიმართა ურბანული განვითარების ეროვნული პოლიტიკის მე-15 ფედერალური კონგრესი.  2022 წლის 13 - დან 16 ოქტომბრის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით მიწვეული იყო თურქეთში ანტალიის მურატფაშას მუნიციპალიტეტის ორგანიზებით კალეიცის ძველი ქალაქის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

2022 წლის 2-5 ნოემბერს მერი იოსებ ხახალეიშვილი აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსით ოფიციალური ვიზიტით მიწვეული იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში პრაღასა და ლიბერეცში. 2022 წლის 15-19 ნოემბერს ვიზიტით იმყოფებოდა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ "სმარტ ქალაქების მსოფლიო კონგრესზეც". 

ქუთაისის მერის ყველა ფიზიკური გადაადგილება, ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში, დასავლეთის მიმართულებითაა.  სანამ მერი მოგზაურობდა მმართველი გუნდი, ვის სახესაც წარმოადგენს ქალაქის პირველი პირი, „რუსულ კანონზე“ მუშაობდა. კანონზე, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნებს მტრულ სახელმწიფოებად წარმოაჩენდა. რთულ მანევრს ასრულებდა, რომელშიც საბოლოოოდ თავად გაიხლართნენ - ცალი ხელით დასავლეთიდან იღებდნენ ყველა სიკეთეს, მეორე ხელით მის საწინააღმდეგო კანონებს აძლედნენ ხმას, ან დუმილს არჩევდნენ.

ქუთაისის მერმა დუმილი არჩია. "რუსული კანონის " მიმართ დუმილი კი ისტორიის ამ კონტექსტში თანხმობის ნიშანია.

დასავლეთი, რომელიც  ქუთაისის მერისთვის მთელი 17 წელი კარგი იყო, რა მომენტში გახდა არასწორი, ამაზე იგი ალბათ "შემდგომში ისაუბრებს".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.