ბლოგები
„ციხის ადამიანები“ საქართველოდან
FaceBook
ფილმში "გაქცევა შოუშენკიდან" არის ერთი პერსონაჟი, ბრუქსი.

ბრუქსი ახალგაზრდობაში ჩადენილი დანაშაულისთვის 50 წელი იჯდა შოუშენკის მკაცრი რეჟიმის ციხეში.

მან მთელი შეგნებული ცხოვრება: ახალგაზრდობა, შუა ასაკი, ხანდაზმულობა ციხეში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ბრუქსი მოერგო  ციხის კანონებს, ისწავლა ციხეში როგორ გადაერჩინა თავი, რა ტიპის ადამიანებთან ჰქონოდა საქმე, როგორ დაეცვა სუბორდინაცია, რა ფასდებოდა აქ და რა არა. მართალია ციხემ წაართვა ყველაფერი, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რის გამოც თავიდან ეზიზღებოდა, მაგრამ მერე შეეჩვია, მერე კი მასზე დამოკიდებული გახდა.  

ასე დაიბადა ციხის ადამიანი.

ადამიანი, ვისთვისაც ციხე სადამსჯელო ინსტიტუციიდან ჯერ სახლი და მერე მთელი სამყარო ხდება.

მაგრამ ერთ დღესაც ბრუქსს ამნისტია შეეხება და ციხის დატოვება მოუწევს. ეს თითქოს სასიხარულო ამბავი მასში საშინელ რეაქციას გამოიწვევს. ბრუქსს არაფრით უნდა ციხიდან გასვლა. მზადაა ვინმე მოკლას ოღონდ ციხეში დატოვონ. მას თავზარს სცემს ციხის მიღმა სამყარო.იგი საშინელი, მტრული, უცხო და  დაუნდობელი ეჩვენება. 

ბრუქსი ციხის დატოვებას ტრაგედიად აღიქვამს და ამ ტრაგედიის მიზეზი თავისუფლება ხდება.  ციხისმიღმა ჯოჯოხეთში მას მისთვის მინიჭებული თავისუფლება აგზავნის. თავისუფლება, რომელსაც არ იცის რა უყოს, რაში გამოიყენოს, როგორ იცხოვროს მასთან ერთად. 

ბრუქსის ამბავს თუ განვაზოგადებთ და ჩვენს უახლოეს ისტორიას მოვარგებთ. მაშინ აღმოჩნდება, რომ ასეთი "ციხის ადამიანები" რამდენიმე ასეული მილიონი არსებობდა საბჭოთა კავშირში. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა საბჭოთა მოქალაქეები სამოცდაათწლიანი ტყვეობის შემდეგ საბჭოთა ციხის გარეთ აღმოჩნდნენ.  თავისუფლება, რომელიც თითქოს ენატრებოდათ, ბევრისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. 

ღია სივრცე, შესაძლებლობის მილიონი ვარიანტი, ათეული წლით წინ წასული და შეცვლილი მსოფლიო, ცხოვრება საკუთარი გადაწყვეტილებით და არა სხვისი დირექტივებით და ა.შ. საბჭოთა ციხის ადამიანებისთვის ყველაფერ ამასთან ადაფტირება ურთულესი აღმოჩნდა. ნაწილმა მეტნაკლებად შეძლო, ნაწილმა ვერა. დარჩათ ციხის მუდმივი მონატრება და მიზიდულობა, რომელსაც ხან 37 მანეთიანი ბილეთებით, ხან უფასო საგზურებით ამართლებდნენ.

საბჭოთა "ციხის ადამიანებს" ციხე ენატრებათ. მასში გატარებულ წლებს ვერ ივიწყებენ. უნდათ დაბრუნდნენ, და რადგან ვერ ბრუნდებიან, ადგილი, სადაც ამჟამად იმყოფებიან ცდილობენ აქციონ ციხედ.

უბედური ბრუქსი თავისუფლებას ვერ მოერგო და  თავი მოიკლა. ბრუქსისგან განსხვავებით საბჭოთა ციხის ადამიანები თავს არ იკლავენ. ისინი უფრო შორს მიდიან და ცდილობენ თავად თავისუფლება „მოკლან“.

მოკლან, თავისუფლების იდეაში კოდების შეცვლით და იმის მტკიცებით, რომ „მონობაშია თავისუფლება“. ან მოკლან “დისკრედიტაციით“ თავისუფლების "მონსტრად" წარმოჩენით, რომელმაც თითქოსდა ბევრი უბედურება და გადაუჭრელი პრობლემა წარმოშვა. თითქოსდა იგი გახდა სიღარიბის, წარუმატებლობის, ამორალობის, მომავლის უქონლობის, კარგი ცხოვრების და სტაბილურობის შეუძლებლობის მიზეზი. 

თავისუფლებასთან ერთად იძულებენ ადამიანებს და ინსტიტუციებს -  მედიას, არასამთავრობოებს, რომელთათვისაც თავისუფლება მთავარი ღირებულებაა. 

იძულებენ დასავლეთს, ევროპა-ამერიკას, როგორც თავისუფლების მთავარ "მწარმოებელს".

თავისუფლებასთან ერთად სძულთ პასუხისმგებლობა. ციხეში ხომ პასუხისმგებლობისგან თავისუფლები იყვნენ?! იქ ციხის დირექტორი, ზედამხედველი ან ვინმე სხვა კრიმინალური ავტორიტეტი წყვეტდა ყველაფერს. ცხოვრობდი ნეტარ უპასუხისმგებლობაში. გარემოში არჩევანის გარეშე. ეს კი ძალიან დამამშვიდებელია.

აქ კი, "სვაბოდაზე" ყველაფერი შენი საკეთებელია, რაც მთავარია, შენი სააზროვნო.

თავისუფლებაზე ბოლო შეტევა ახლახანს მოხდა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ციხის ადამიანებმა, საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობასა და თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს და თავისუფლება აქციეს ომის მიზეზად. 

"აი, ეს არის თქვენი თავისუფლება!", - არაერთხელ გაგვიგონია.  ეს შეძახილი თითქოს არაფერს წყვეტდა. მაგრამ შეძახილს საბოლოოდ ხის გახმობა შეუძლია.

ციხის ადამიანებმა და მათმა მემკვიდრეებმა ამ შეძახილებით ბოლო წლებში ბევრი რამ შეძლეს, ის ძალები გააძლიერეს და ხელისუფლებაში მოიყვანეს, ვინც მათაც და მთელ ქვეყანასაც "ციხეში დააბრუნებდა". ხალხისთვის ღარიბ, მათთვის კი მდიდრულ საკნებში. სადაც შეძლებდნენ დამალვოდნენ თავისუფალ სამყაროს. არჩევანის შესაძლებლობას, ღირსების შენარჩუნებას, დემოკრატიას, თანასწორობის იდეას, კანონის უზენაესობას, სამართლიანობას და თავისუფალი სამყაროსთვის  ნიშნეულ სხვა ღირებულებებს.  

ციხის ადამიანის მიზანი ციხეში დაბრუნებაა. ყველაზე საიმედო ციხე კი რუსეთია. ჰოდა, ექაჩებიან ქვეყანას მთელი ძალით რუსეთისკენ, მათი მონატრებული საკნისკენ, სადაც შუშის სასახლეშიც რომ იცხოვრო მაინც ციხეში ხარ, სადაც არც თავისუფლებაა და არც პასუხისმგებლობა. ანუ სრული სამოთხე საბჭოთა ციხის ადამიანისთვის...

„გაქცევა შოუშენკიდან“ ციხის ადამიანებზე ყვება, მაგრამ იმასაც აჩვენებს როგორ ტყდება ეს ციხე შიგნიდან ერთი თავისუფალი ადამიანის ნებით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.