ბლოგები
სად იყო საპატრიარქო, როცა აქ დაღუპული გოგონას ცხედრის გადასვენება სიძვირის გამო ვერავინ შეძლო - ემიგრანტის ბლოგი იტალიიდან
FaceBook
ქუთაისიპოსტი იწყებს ახალ რუბრიკას "მოქალაქე ჟურნალისტი - თავისუფალი ბლოგი"

პირველი მოქალაქე ჟურნალისტი ქუთაისის აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი ელენე ქარციძე გახლავთ. ელენე ქარციძე იტალიაში მცხოვრებ ქართველს ესაუბრა. პირველი თავისუფალი ბლოგი სწორედ იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტს ეხება:

"ფაქტორები იმისა, თუ რამ გადამაწყეტინა ემიგრაციაში წასვლა ბევრია. რთულია ასე საუბარი, მაგრამ შევეცდები რაც შეიძლება დაწვრილებით გადმოვცე ჩემი ემოციები და დარდები.

2008 წელს წავედი იტალიაში, გერმანიის გავლით. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ასე ადვილი. დაახლოებით დამჭირდა 5500 დოლარი. ეს ვალად დამედო. 2004-2005 წლებში მქონდა მცირე სადისტრიბუციო ბიზნესი და ხალხი მუშაობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩამომართვეს, ცოტა ჩახლართული ამბავია.

2007-ში გარდამეცვალა მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარდა. ის იყო ჩემი იმედი, საყრდენი და ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება და კავკას ელექტროქსელმშენში მუშაობის დიდი სტაჟი მქონდა, საქართველოში ვეღარ დავსაქმდი.

ამას თან დაერთო აგვისტოს ომის და ეკონომიკური სიდუხჭირე და მე, ორმოც წელს გადაცილებული ქალი, მიჩვეული ჩემი შრომით ფულის გამომუშავებას, დავრჩი ჰაერში და უსახსროდ, მეუღლის გარეშე. ორი შვილი და შვილიშვილები.

მეუღლისთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ ოჯახს არაფერს მოვაკლებდი არასდროს. შვილიშვილი სკოლაში მიდიოდა, მე კი არაფერი მქონდა.
ძალიან ახლობელს ფულის სესხება ვთხოვე და არასდროს ამომივა ყურებიდან მისი ეს უხეში და დამამცირებელი ფრაზა: „მომემატა კიდევ ერთი მათხოვარი“.

არჩევანი ძალიან რთული იყო, ოჯახი თუ წასვლა და ისევ ოჯახისთვის მივიღე ეს გადაწყვეტილება, წავედი. არასოდეს წარმომედგინა ოდესღაც პატარა გოგო, რომელიც დიდ პროფკავშირებს ხელმძღვანელობდა ასეთ დღეში თუ ჩავვარდებოდი. გაგონილი მქონდა: „ იქ კარგია“, „ხელფასებია“, „შენი ოთახი გექნება“, „თავისუფლებაა“.

ყველაფერი სხვაგავრად ყოფილა. რთულია სიტყვებით გადმოცემა, თუ რას ვგრძნოდი და განვიცდიდი იქ, უცხო მიწაზე, სამშობლოდან შორს.
ჩასულს ქმრის ნათესავი დამხვდა, რომელმაც მიმიყვანა ჩემს პირველ სამსახურში. ემპოლთან ახლოს, პოჭიბონსში. კარში შესვლისთანავე იქვე დამტოვა და გაქრა.

დავრჩი ასე, სრულიად დაუცველი და უსუსური, ენის უცოდინარი, სრულიად უცხო ხალხთნ და უცხო გარემოში.
კიდევ ის იმედი მაძლებინებდა, რომ მე აქ ნაშოვნი ფულით ჩემებს დავეხმარებოდი. ორი მოხუცი და მე. არავითარი კარგი ცხოვრება, პატარა ტახტი და არა თავისუფალი დრო.

სამყარო დაპატარავდა და ასე მოვექეცი ოთხ კედელს შორის მომწყვდეული, სამყაროსგან მოწყვეტილი.

აქ ძალიან რთულია. დრო გადის და აცნობიერებ, როგორ ქრება სიყვარული და როგორ იკავებს მის ადგილს მხოლოდ შენი საჭიროება. იმ ერთ თვეში 12 კილო დავიკელი, ვერ ვჭამდი და არც მთავაზობდნენ.

დამამცირებელი ტონი, საქციელები, ვალდებულება რომ გააკეთო უსიტყვოდ რასაც გეუბნებიან. დასვენების ერთი დღე და ისიც, როცა გადიხარ ხვდები ქართველებს, რომლებიც ჩაკეტილები არიან თავიანთ თავებში და პრობლემებში.

ბევრს შევხვდი და შევთავაზე გაერთიანება და ერთად ყოფნა, ერთმანეთის დახმარება ეკონომიურად და მორალურად, მაგრამ ყველას უფროსობა მოუნდა და დაწყვიტეს ერთმანეთი, ანუ მეგობრის პოვნაც არ გამომივიდა.

დროთა განმავლობაში ჩემი ტკივილისა და მწუხარების გადატანა ფურცლებზე დავიწყე და ამით ვიგრძენი შვება.
კიდევ ერთი შვება ფირენციაში მოძღვრის ჩამოსვლა იყო. ჩაბარებული აღსარებების შემდეგ, ძალიან იყო დათრგუნული. ჩვენ ყველამ ვიცით ერთმანეთის დარდი და სატკივარი. მანაც კი ვერ გაუძლო მოსმენილს.

საქართველოში პირველად 2010 წელს დავბრუნდი, მაგრამ როგორც ყველა, ვერც მე გავჩერდი. აი ის ფრაზა, ემიგრანტები საქართველოში არ ჩერდებიანო. არ კი არა, ვერ ვჩერდებით.

ვერც მე გავჩერდი, რადგად არაფერი არ იყო შეცვლილი და გავაცნობიერე, რომ მე ჩემს ოჯახს სარგებელს იქედან უფრო მოვუტანდი. ვერ შევეგუე უმუშევრობას და უფულობას, ვერც გაციებულ გრძნობებს. რა უნდა ქნა როცა შვილიშვილი ნაყინს გთხოვს და ვერ უყიდი.

თითქოს ჭაობია, რომელიც უფრო და უფრო გითრევს და გათქმევინებს, რომ მორჩა გაჩერდები მანამ, სანამ ღონე და მუშაობის თავი გექნება და არწმუნებ შენს თავს ამაში.

მეც პატრიარქს დიდ პატივს ვცემ და მწამს მისი. მოწოდება იმის შესახებ, რომ დავბრუნდეთ და დავუბრუნდეთ ჩვენს ოჯახებს კი კარგია, ეს ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ სად დავბრუნდეთ? წყვდიადში, უფულობაში, უქონლობაში, ავადმყოფობაში? ბევრი წავიდა მაგ მოწოდების გამო და იმედი გაუცრუვდა ყველას.

იმ დროს სად იყო საპატრიარქო და ეკლესია, როცა აქ ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა, რომელსაც აქ არავინ ყავდა. ვერავინ უზრუნველყო მისი ცხედრის გადასვენება სიძვირის გამო და აქ არის დეღსაც დასაფლავებული. უბედური დედა კი შორიდან დასტირის ერთადერთ შვილს.

ან მაშინ სად იყო, როცა ქალმა აქედან წასულმა საქართველოში სიმსივნეზე ვალებით გაიკეთა ოპერაცია და ახლა იმ ვალების გაასტუმრებლად კიდევ ვალი დაიდო და წამოვიდა, რათა ყველა ვალი დაფაროს. არა, ეს უსამართლობაა.

ჩვენი მთავრობები ქმნიდნენ და ქმნიან ნიადაგს რომ არასდროს დავუბრუნდეთ ჩვენს მიწას. დავავიწყდეთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს. ჩვენი შრომა ჰაერშია გამოკიდებული. დღეს არის და ხვალ როცა აღარ იქნება ყველას დაავიწყდება. ახალ ჩასულზე კი დედა, ბებო, მაგრამ ცოტა ხანში არავის აღარ სჭირდები წლების მანძილზე სიშორით გამოწვეული დაკარგული და გაციებული ურთიერთობის გამო.

ავიწყდები მათ, ვის გამოც წირავ წლებს, ენერგიას, ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას. დღეს ხვალ, მომავალ წელს, ერთი წელიც და ასე გადის მთელი ცხოვრება მოლოდინში. ოღონდ შენებს არ მოწყურდეს და არ მოშივდეს.

აქ ვარ უმძიმეს შრომაში, საყავრელ ხალხს მოკლებული, შორიდან ვაკვირდები მათ. 2012 წელს კიდევ ვიყავი ჩასული, მაგრამ კიდევ არაფერი არ არის შეცვლილი. სულ უფრო უკან მიდის ქვეყნის საქმე. მე ვერ ვხედავ იქ ჩემი ოჯახის მომავალს. ისევ უკან დაბრუნება, ისევ მარტოობა, ისევ სიშორე...

სწორედ ჩემმა საქართველომ გამხადა იძულებული ვიყო აქ სადამდეც შევძლებ.."

ვ.ვ.თ 60 წლის


გახდი მოქალაქე ჟურნალისტი!.. ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს "თავისუფალი ბლოგისთვის"


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.