ბლოგები
ადგილობრივი კოლორიტის ძიებაში - ანუ ბიკენტიას საქაბაბეში წამიყვან?
FaceBook
ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ, რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.

გემოს შეგრძნება გარე და შიდა სამყაროსთან ურთიერთობის ალბათ ყველაზე მარტივი, ძველი და უტყუარი ხერხია. ბევრი შეგრძნება ჩვენს ცხოვრებაში სწორედ გემოს მეშვეობით შემოდის. საჭმლის ერთად მირთმევას კი, ადამიანების დაახლოებისა და გაერთიანების რაღაც მისტიური ძალა გააჩნია. სუფრის გარშემო ერთიანდება ჩვენი ემოციები: სიყვარული, სიხარული, წუხილი თუ დარდი.

ამიტომაც, საინტერესო და მტკივნეულ თემებზე, კინომცოდნე თამთა თურმანიძე სწორედ კერძების დახმარებით მოგითხრობთ, ქუთაისიპოსტის ახალ რუბირკაში: "ჭამე, ეძიე, აღმოაჩინე".  

ადგილობრივი კოლორიტის ძიებაში
ანუ ბიკენტიას საქაბაბეში წამიყვან?
არ ვიცი გამოგიცდიათ თუ არა ის უხერხული მომენტი, როდესაც ქუთაისის დიდებულ წარსულზე, პირველი სკოლის დაუვიწყარ აბრებზე, კულტურისა და მეცნიერების კერაზე ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, თქვენი სტუმარი მორცხვი და ამავე დროს ბედნიერი ღიმილით გკითხავთ: „ ბიკენტიას საქაბაბეში წამიყვან“?

პირველი რეაქცია დაბნეულობაა - როგორ, მე აქ პაოლოსა და ტიციანზე ვესაუბრები და ამას რა ქაბაბები აუტყდაო. მერე ცდილობ გადააფიქრებინო. ნახევრადხუმრობით უხსნი, რომ ბიკენტიას ქაბაბის მთავარი ღირსება მხოლოდ საწებელია და თან იქვე, ახლოს მდებარე კაფეებში ექაჩები. მაგრამ არა, არ უნდა ამ შენს ჩამოსულ სტუმარს ქუთაისური წარმოების სალათი „ცეზარი“ კედლებზე გაკრული აკაკის, გალაკტიონისა თუ მერის სურათებით. ის აქ, მის ცნობიერებაში არსებულ ქუთაისს ეძებს, ჭიჭიკოთი და ბიჭიკოთი, 90-იანი წლებიდან გადმონაცვლებული მოძველბიჭო ტიპებით და საუბრის თავისებური კილოთი, რომელიც მისთვის ამ ქალაქის სახალისო მახასიათებლია, ბიკენტიას საქაბაბე კი, უბრალოდ ადგილობრივი კოლორიტის სრულყოფილად შესაგრძნობად აუცილებელი კიდევ ერთი შემადგენელი.

მერე, რაღაც მომენტში საკუთარ თავში გეპარება ეჭვი, იქნებ ეს შენ თავად გინდა დაიჯერო და სხვასაც დააჯერო იმ დიადი ქუთაისის არსებობა, სადაც ევროპული ცივილიზაცია ისე კარგად შეერწყა ადგილობრივების არტისტულ ბუნებას, რომ XX საუკუნის დასაწყისის მთელი ქართული კულტურის მამოძრავებელ ძალად იქცა.

ფერდაკარგულ, დაძველებულ სურათებზე დარჩენილი ქალაქი, თავისი გიმნაზისტებითა და გიმნაზისტკებით, წმ. ნინოს სასწავლებლის პატრონესების მიერ მოწყობილი საქველმოქმედო მეჯლისებითა და გაზეთის ფურცლებზე გამართული მწვავე დებატებით ქალთა უფლებების შესახებ, პრინც ოლდენბურგის ღვინის ქარხნებით, პარიზულ ყაიდაზე გამართული პასაჟებითა და ფილიპე ჭელიძის მიერ წარმოებული შამპანურის ეტიკეტზე გამოსახული ბანოვანის მაცდური ღიმილით. ქუთაისი, რომელიც აღარ არსებობს და რომელსაც ყოველ ჯერზე ხელახლა ვაცოცხლებთ ჩამოსულ სტუმრებთან თავის მოსაწონებლად.

ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი თბილისში და ხშირად მიწევდა ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე ფეხით სიარული. თითქმის ყოველდღე ამ გზაზე მხვდებოდა ახალგაზრდა, წარმატებული ქუთაისელები, რომლებიც სწავლობენ ან მუშაობენ დედაქალაქში და უკვე აღარასოდეს დაბრუნდებიან უკან. რა თქმა უნდა, ისინი ჩამოდიან ხოლმე, ჩამოდიან ახალ წელსა და აღდგომაზე. ჩამოყავთ მეგობრები და სიამაყით ათვალიერებინებენ გელათსა და მოწამეთას, დაყავთ მშობლიური ქალაქის ძველ ქუჩებში და გული სიამაყით ევსებათ, როდესაც ხედავენ თუ როგორ ნელ-ნელა ეცვლებათ მათ სტუმრებს სახის გამომეტყველება პირველი სკოლის აბრების წაკითხვისას.

რა თქმა უნდა, ისინი არ ჩამოდიან ბიკენტიას ქაბაბის საჭმელად, მაგრამ ოჯახის წევრებისა და ბავშვობის მეგობრების მონახულების პარალელურად მათაც მაინც საკუთარი „ადგილობრივი კოლორიტის“ უცვლელად ნახვა სურთ. მითუმეტეს ვერ გრძნობენ, რომ სადღესასწაულო ხალისით, კლასელებით, მეგობრებითა და მუდმივად გაშლილსუფრიანი ნათესავებით სავსე ქალაქი, მხოლოდ მათი აქ ჩამოსვლის შემდეგ იწყებს არსებობას და მათ წასვლისთანავე მთავრდება.

გადის ის 2-3 დღე და ისინი უკან ბრუნდებიან თავის ყოველდღიურობაში. რა თქმა უნდა უყვართ ქუთაისი, ენატრებათ კიდეც, რაღაც მომენტში ალბათ სინდისიც ქეჯნით რომ მიატოვეს, მაგრამ გაახსენდებათ თუ არა ის თავისი ოდესღაც საუკეთესო მოსწავლე უმუშევარი კლასელი და სინდისიც იქვე ჩუმდება, თან ასე შორიდან რამდენიმედღიანი სიყვარული ალბათ უფრო იოლია. ქალაქი კი ისევ მორიგი დღესასწაულის მოლოდინში ირინდება და რჩება ერთფეროვანი დღეებისა და მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის მოვლენების ათვლა-განხილვაში.

ძნელია იმის თქმა თუ როგორია დღეს ქუთაისი, რა დარჩა მასში XX საუკუნის დასაწყისის იმ ლეგენდარული ქალაქისგან თუ 90-იანი წლების კრიმინალური რომანტიკისგან ან როგორი იქნება მისი ხვალინდელი დღე. ამიტომაც ჩემი, როგორც ბევრი ქუთაისელის საყვარელი საქმიანობა ჩამოსული სტუმრების ისევ პირველი სკოლის იმ აბრებთან მიყვანა და მათი სახის გამომეტყველების ცვლილებაზე დაკვირვებაა ... ვიდრე რომელიმე მათგანი არ მკითხავს: „ბიკენტიას საქაბაბეში წამიყვან?“


ავტორი: თამთა თურმანიძე

რუბრიკის ფარგლებში, კერძებით მოთხრობილი საინტერესო თემები, "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნდება ორ კვირაში ერთხელ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.