ბლოგები
ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები!
FaceBook
აი, ეს ლექსი, მურმან ლებანიძის შედევრია. მისი შედევრობა დაადგინა დრომ… ლექსის ბოლოში მიწერილმა თარიღმა, სულ ოთხმა ციფრმა.

ვის, თუ არა მურმან ლებანიძეს, ცხადად ესმოდა გალაკტიონის ერთი ლექსი, ძახილის ნიშნებით გადმოცემული ლექსი თუ წესდება:

"ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ -
დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!
ბევრი მიეცა ტალახსა და ლექს,
ბევრის ნაბიჯი არის ტაატი,
დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს -
ეს წელიწადი, დღე და საათი!"

უდროობაში, პოეზიაც განწირულია და პოეტიც. თუ მომავალ თაობებში გადასაძახებელი არ წამოიყვირე, ვიწრო დროის, მედროვე პოეტად დარჩები.

აი, ორმოცდაშვიდი წლის წინათ ნათქვამს რომ წააწყდები წიგნის ფურცლებზე სასხვათაშორისოდ, და სკამიდან წამოგახტუნებს, წუხანდელი დაწერილი და მელანშეუშრობელი სტრიქონები რომ გეგონება, - აი, ესაა შედევრი.

ახლა, როცა ქართული სოფლები ერთმანეთზე მიყოლებით იცლებიან, დედაქალაქი დაემსგავსა დიდ თავკომბალას, მხრჩოლავ მწეველს; მიწის გაყიდვაზე გავყვირივართ და მიწაზე მომუშავენი მხოლოდ უცხოელები არიან; გულზე მჯიღს ვიცემთ, - სვანეთში ირანელები და ჩინილები დასახლდნენო, კარტოფილი მოყავთო…

და ამ დროს წიგნის გახუნებულ გვერდებზე კითხულობ წინასწარმეტყველ სტრიქონებს პოეტისას:

"ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს!"

ყოველთვის, როცა ლექსის ქვემოთ თარიღს ვკითხულობ, ძალაუნებურად მახსენდება პაოლო იაშვილის ერთი ლექსი, რომლის გენიალურობა იმაშია, რომ თვითმკვლელობამდე 11 წლით ადრე იწინასწამეტყველა მისი ბოლო. ტიციანის ხვედრიც კი, რომელიც მისი დაცვისათვის დასაჯეს.

"ვინ იცის, ეგებ, შენი თრევა მიყივლოს ენამ,
იყოს აგრეთვე მოშხამული ჩემი ძმის ხვედრი,
მიტოვებული, დავარდნილი, ღვთის ანაბარად,
ეგებ შენსავით იგი ერთხელ ჩაიქცეს ღრეში,
დაიტირებენ შენს პაოლოს კოლხეთის ბარად
ჟუჟუნა წვიმა ჩვენი ყანის და რბილი ხრეში".

ასეთი თარიღიდან ამოსასვლელი ლექსია მურმან ლებანიძის "მეშინია!", 1971 წელს დაწერილი დღევანდელობის ლექსი, მომხდარი და ასრულებული შიში.

მურმან ლებანიძე - მეშინია

ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა ეს პარტახი საიგავო,
მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს, ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო, არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! -
დამიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.