ბლოგები
მთის მინისტრი და „ენის გამოყოფის“ დღესასწაული საქართველოში - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
მთის მინისტრის პოზიციის დაფუძნების ალბათობამ იმდენი შესაძლებლობები გააჩინა მინისტრის ვაკანსიაზე, რომ მას ადვილად შეუძლია გადაჭრას უმუშევრობის პრობლემა საქართველოში.
შემოდგომა მოსავლით მდიდარი ხანაა, ამიტომ დათვლის სურვილს აჩენს. შემოდგომაზე ითვლიან წიწილებს, ხშირად საარჩევნო ბიულეტენებს და როგორც აღმოჩნდა მალე მინისტრებიც დასათვლელი გვეყოლება. მთის მინისტრის პოზიციის დაფუძნების ალბათობამ იმდენი შესაძლებლობები გააჩინა მინისტრის ვაკანსიაზე, რომ მას ადვილად შეუძლია გადაჭრას უმუშევრობის პრობლემა საქართველოში. ასობით ადამიანი დაასაქმდება ნაწილი მინისტრად და ნაწილი სამინისტროს თანამშრომლად. გამოთქმაც "მინისტრად არავინ დაგნიშნავს" ან "მინისტრად ხომ არ დაგნიშნავ" ძალას დაკარგავს - ასე თუ გაგრძელდა მინისტრის პოსტს უფრო ადვილად იშოვი, ვიდრე დამლაგებლისას. მერე ასეთი გამოთქმა შემოვა ალბათ გამოყენებაში "კეთილინებე და მინისტრად იმუშავე, აბა დამლაგებლის პოსტს შენ არავინ მოგცემს". მოკლედ ენა და კულტურა ახალი ფრთიანი გამონათქვამებით გამდიდრდება, თან სოციალური უთანასწორობის პრობლემაც შეიძლება გადაიჭრას. მოკლედ თვლა აღარ აქვს რამდენი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ამ ინიციატივამ, თუმცათუკი მაინც დავითვლით სიკეთეებს არ იქნება ცუდი. წინასწარ განჭვრეტისა და დათვლის იგნორირება პროგრეს აფერხებს. მითუმეტეს "ფულის რელიგიის" ხანაში. ფულსაც დათვლა უყვარს მოგეხსენებათ. რადგან დათვლა მისი მატების საფუძველს და მოტივაციას ქმნის.
შესაბამისად, ფულის თვლით მოტივირებულნი ისტერიულად ითვლიან ყველაფრის რეიტინგს, ლაიქებს, შიარებს, ღარიბებს, მდიდრებს, მაძღრებს, დაპურებულებს, ჩინელებს, ინდოელებს, აფეთქებებს მზეზე. იქამდე, ითვლიან ლოცვებს, მეტანიებს. მაგალითად, რუსი წმინდანი მატრონა მოსკოველი წუთში 100-მდე მეტანიას აკეთებდაო. ესეც დაუთვლია ვიღაცას - წმინდანის რეკორდული მაჩვენებელი. გაურკვეველია, რაში ჭირდებოდა მატრონას ამდენი მეტანია, რადგან რთული წარმოსადგენია, ღმერთს ხელში წამზომი ეჭიროს და მეტანიებს ითვლიდეს.
თუ დათვლაა, ჯობია სხვა რამ დავითვალოთ, მაგალითად საქმეები. გაზაფხული - მკაცრად განსაზღვრული სამუშაო ხანაა. არსებობს ტერმინიც - "საგაზაფხულო სამუშაოები" ("საზაფხულო სამუშაოებიო" არავინ ამბობს). თუმცა,  რაც მეტია სამუშაო, მით მეტია დასვენების სურვილი. მაგრამ დასვენებას მიზეზი და უქმად ყოფნას გამართლება სჭირდება (მითუმეტეს ტოტალური უმუშევრობის ხანაში), იქამდე გაკეთილშობილებაც. ალბათ, ამიტომ აღინიშნება გაზაფხულზე ყველაზე მეტი დღესასწაული. პათეტიკური და გულისამაჩუყებელი თარიღები, რომლებიც უქმად ყოფნის პირდაპირ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ვალდებულებებს აჩენენ.
მაგალიათად, საგაზაფხულო დღესასწაულებმა დაამტკიცა, რომ ქალიც ადამიანია და ამ ფაქტის დასადასტურებლად მთელი ორი დღე გამოიყო წელიწადში 3 და 8 მარტი. ერთი მთავარია, მეორე - საკონტროლო. ასევე, ორი დღე ამოწმებს იმ ფაქტს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა (9 აპრილი და 26 მაისი). ვინც ერთ თარიღს არ დაიჯერებს, მას მაშინვე მეორეს შევაშველებთ და სკეპტიკოსს ისღა დარჩება ნეკა თითი მოკაკვოს ან შუათანა თითი აჩვენოს ჩრდილოეთის მიმართულებით. გააჩნია მორალს და ტემპერამენტს.
გაზაფხულის დღესასწაულები გვაზირებენ ცას. აქ ორი მიმართულება იკვეთება. პირველი ის, რომ ცა დედამიწაზე ჩამოვიდა (ეს გამოიხატა ხარებით, ბზობით და აღდგომით) და პირიქით, როცა დედამიწა ანუ ადამიანი ავიდა ცაში - 12 აპრილი ასტრონავტიკის საერთაშორისო დღეა.
14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა. შეგიძლია ენა დაიცვა, შეინახო, მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად. ენას შეგიძლია კბილი დააჭირო, ან სულაც გამოყო - ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით ან სხვადასხვა მიმართულებით - იმდენი ენის გამოსაყოფი მოსაზრება, კანონი, უკანონობა და ინიციატივაა ამ ქვეყანაში, რომ ენას ნაკლებად მოუწევს შეყოფა და თავის ადგილზე დაბრუნება. ამიტომ, ენა რომ არ გადაიღალოს, შეიძლება ერთი დიდი "ენის გამოყოფის" დღესასწაული დავაწესოთ, სადაც ადამიანები მთავრობის გაუაზრებელ ინიციატივებს, უსამართლო კანონებს, კორუმპირებულ თანამდებობის პირებს და ა.შ. კოლექტიურად გამოუყოფენ ენას.
მაგრამ, სანამ ენის გამოყოფის დღესასწაული დაწესებულა, მანამდე შეგვიძლია უკვე არსებული დღესასწაული გამოვიყენოთ - პირველი აპრილი იუმორის და ტყუილის დღე. მისი მეშვეობით მთელ ამ სიყალბე-სიცრუე-სისულელეს დიდი ეროვნული ირონია შევაგებოთ. იქნებ დროა პირველი აპრილი იქცეს ეროვნულ დღესასწაულად - ეროვნული ირონიის დღედ. შეიძლება მაშინ მაინც გაჩნდეს შემოდგომაზე დასათვლელად მთის მინისტრზე უფრო ვარგისი პოზიციები და შედეგები.

ეკა კუხალაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.