მულტიმედია
განაჩენამდე გამოტანილი „განაჩენი“
FaceBook
გოგი წულაია, 23 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოჯახს ციხემ დააშორა. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დაკავების შედეგად, ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკური თანამოაზრეები დასავლეთში დარჩნენ, პოლიტიკოსი კი ქვეყნის მეორე მხარეს - აღმოსავლეთში აღმოჩნდა. საქართველოს კონონმდებლობით, ბრალდებულს უფლება არ აქვს მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვოს. მას ასევე ეკრძალება ვიდეოზარით სარგებლობა და ოჯახის წევრებთან ხანგრძლივი (23საათიანი) პაემნები. ბრალდებულები, რომელთა დანაშაული ჯერ დამტკიცებული არ არის, ამ შესაძლებლობით ვერ სარგებლობენ. მათ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის მხოლოდ ორი გზა აქვთ - სატელეფონო ზარი საკუთარი ხარჯით და ხანმოკლე (1-2 საათიანი) პაემანი. რიგ შემთხვევებში ეს შესაძლებლობაც იზღუდება და ბრალდებული სრულ იზოლაციაში ექცევა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რაც ნებადართულია მსჯავრდებულებისთვის, (ვიდეო და ხანგრძლივი პაემანი), აკრძალულია ბრადებულებისთვის.

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა პირი არის თანასწორი და ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია.

სწორედ კონსტიტუციით იხელმძღვანელა სახალხო დამცველმა და "პატიმრობის კოდექსის" ის ნორმები, რომელიც ბრალდებულს ვიდეოპაემნისა და ხანგრძლივი პაემნის უფლებას ართმევს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. მიმდინარე წლის მაისში დარეგისტრირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პანდემიურმა შეზღუდვებმა ბრალდებულების გარესამყაროსთან კონტაქტი კიდევ უფრო პრობლემური გახადა.

234 კილომეტრით შორს

106 დღე გოგი წულაიამ მშობლიური ქალაქიდან 234 კილომეტრის დაშორებით, თბილისში, საკანში გაატარა. ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ციხეში ყოფნის პერიოდს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს. როცა მის თვალწინ საკნის მძიმე კარი მიიხურა, მიხვდა, მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

"სხვა სოციუმიდან ხარ, იქ სხვა ადამიანები გხვდებიან, რომლებთანაც საერთო ინტერესები თითქმის არ გაქვს. ძირითადად, დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებთან ხარ. როცა დერეფანში მოდიხარ, ამ ემოციას გრძნობ. ეს ძალიან უჩვეულო და უცხო იყო ჩემთვის".

ოთხი თვის განმავლობაში ციხის საკანი და სამკურნალო ოთახი ერთმანეთს ცვლიდა. პროტესტის ნიშნად, გოგი წულაიამ საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დაიწყო წონაში სწრაფი კლება. ერთ დღესაც, საკანში გონება დაკარგა და სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ძირითად დროს ადვოკატის ლოდინში ატარებდა, რომელიც რიგის გამო პატიმართან შესვლას ვერ ახერხებდა. ზოგჯერ ისე გადიოდა დღე, გარესამყაროსთან კომუნიკაციის ამ ერთადერთ საშუალებასაც ვერ იყენებდა. ოთხი თვის განმავლობაში ერთხელაც არ უნახავს მისი 14 წლის ქალიშვილი, რომელიც მომხდარს ყველაზე მეტად განიცდიდა.
სხვაგვარი ხასიათის სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, საპატიმრო პირველ ივლისს დატოვა. მოსამართლემ მისი ციხის გარეთ ყოფნა სახიფათოდ არ მიიჩნია და 7000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გოგი წულაია წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. დარწმუნებულია, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ის ბერა ივანიშვილის გინებისთვის დასაჯა.

თამუნა

თამუნა უკვე შვიდი თვეა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი მეუღლის სანახავად დადის.

ბრალდებულ ქმართან ვიზიტამდე სათქმელს წინასწარ ალაგებს, რომ არაფერი გამორჩეს და ხანმოკლე პაემანზე ყველაფერი მოყვეს. მაინც ვერ ასწრებს. ერთი საათი, ერთი წუთივით გადის. ბოლოს ნაცნობი ფრაზა ესმის - "პაემნის დასრულებამდე დარჩა ხუთი წუთი". დანარჩენი დღეები ციხიდან ზარის მოლოდინშია. გრძელვადიან პაემანზე მეუღლეს ვერ ხვდება, ანუ მასთან ერთად ციხის სპეციალურ ოთახში 23 საათით ვერ რჩება. ვერც ვიდეოზარით ურეკავს. ამის უფლებას პატიმარს სახელმწიფო ართმევს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალდებულს და მსჯავრდებულს გარესამყაროსთან კონტაქტის დროს განსხვავებულ პირობებში აყენებს. ბრალდებული, რომლის შემთხვევაშიც უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს და მის მიერ დანაშაულის ჩადენა დამტკიცებული არ არის, ორჯერ უფრო ნაკლები უფლებით სარგებლობს, ვიდრე მსჯავრდებული. გასამართლებულ პირს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ფორმის არჩევა შეუძლია. წინასწარ პატიმრობაში მყოფი კი იძულებულია, მხოლოდ ხანმოკლე პაემანსა და სატელეფონო ზარს დასჯერდეს. ხშირ შემთხვევაში, გარკვეული რისკის მოტივით, ეს უფლებაც ეზღუდება.

ისარგებლებს, თუ არა ბრალდებული ამ ორი უფლებით, ამას ბრალდების სიმძიმე და პატიმრისგან მომდინარე საფრთხე უნდა განსაზღვრავდეს. პრაქტიკაში ეს სხვაგვარადაა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს პროცესი სრულად არის დამოკიდებული პროკურორზე, რომელიც ხშირად ობიექტური რეალობის მიღმა, პირადი შეხედულებით წყვეტს, მისცეს თუ არა პატიმარს ოჯახში დარეკვის, ან მათთან შეხვედრის უფლება.

"ბრალდებულებს არათუ ვიდეო და ხანგრძლივი პაემნების უფლება არ აქვთ, მათ პროკურორის გავლით, ეზღუდებათ სატელეფონო კომუნიკაციაც და ხანმოკლე პაემნებიც. პროკურატურა სხვადასხვა მოტივით, საკმაოდ ხშირად იყენებს ამ უფლებას, რაც მიუღებელია. ის მიზეზი, რომ ბრალდებულმა შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება მოწმეებზე, დაგეგმოს გაქცევა და ამის თავიდან აცილებას ემსახურება ეს შეზღუდვა, არის აბსურდი. ვისთან უნდა დაგეგმოს გაქცევა პატიმარმა, ოჯახის წევრთან? და რას აკეთებს ამ დროს ციხის ადმინისტრაცია? ეს არის არაადეკვატური და არარელევანტური არგუმენტი. რაც შეეხება ვიდეოპაემნებს, ეს ტექნიკურად უფრო მარტივად მისაღწევია, მაგრამ ესეც პრობლემაა", - ამბობს უფლებამცველი გელა ნიკოლაიშვილი.

ამას ემატება დისციპლინის დარღვევისთვის პატიმრის დასჯა და მისთვის ტელეფონით დარეკვის უფლების ჩამორთმევა. ასეთ დროს ყველაზე მეტად "დასჯილი" ისევ ბრალდებულია, რომელსაც კომუნიკაციის ისედაც შეზღუდული საშუალება ერთმევა.

ბრალდებულები სატელეფონო ზარის იმედად


კორონავირუსმა, როგორც მსოფლიო გამოწვევამ, არაერთი პრობლემა გამოააშკარავა საქართველოს ციხეებში. პატიმრისა და მისი ოჯახის წევრების ტერიტორიულ სიშორეს სახელმწიფო მნიშვნელოვან პრობლემად არ განიხილავდა და შესაბამისად, არც მის მოგვარებაზე უზრუნია. კარანტინმა კი მთელი სიმძაფრით წარმოაჩინა კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების საჭიროება.

საქართველოს ციხეებში ვითარება 2020 წლის 5 მარტიდან გართულდა, როცა ვირუსის გავრცელების გამო, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განსაკუთრებული წესები შემოიღეს. ამ პერიოდში, როგორც ბრალდებულებს, ისე მსჯავრდებულებს შეუჩერდათ ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნის უფლება. შეზღუდული იყო ამანათების მიღებაც.

თავდაპირველად, პანდემიის მიუხედავად, ციხეებში ხანმოკლე პაემნები დაშვებული იყო. თუმცა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ოჯახის წევრები პატიმართან სხვა ქალაქში ჩასვლას მაინც ვერ ახერხებდნენ. მოგვიანებით, ხანმოკლე შეხვედრებიც გაუქმდა.
პანდემიის დროს ბრალდებულები მხოლოდ სატელეფონო ზარის იმედად დარჩნენ. ზოგჯერ კი, დისციპლინის დარღვევის გამო, ,,დასჯილ პატიმრებს" ეს ერთადერთი შესაძლებლობაც ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ერთმეოდათ.

უფლებადამცველები საგანგაშო ფაქტად მიიჩნევენ იმას, რომ ციხის ადმინისტრაციისთვის პატიმრის "დასჯას" განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება.

"მაგალითად, წერილისთვის კონვერტის მოთხოვნაც კი შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ ხელმძღვანელობამ ეს დისციპლინის დარღვევად ჩათვალოს. მართალია რეალურ მიზეზად სხვას დაუწერენ, მაგრამ მაინც დასჯიან. იმიტომ, რომ წუხდებიან პატიმრის მოთხოვნებით. გაუმართლებელია, როცა ციხის ადმინისტრაცია ამას იყენებს ისე, როგორც უნდა"
, - ამბობს ადვოკატი, დალი სალუქვაძე

ომბუდსმენის აპარატი გარკვევით ამბობს, რომ ამ ფორმით პატიმრის "დასჯა" დაუშვებელია.

რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მსჯავრდებულებიც. მათ ვიდეოპაემნის უფლება ჰქონდათ, თუმცა, ციხეების უმრავლესობაში ვიდეოზარისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, ახლობლებთან დარეკვას ვერ ახერხებდნენ.

პანდემიური რეგულაციების პირობებში კიდევ უფრო ნათელი გახდა სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების მნიშვნელობა. სახელწიფოს ეს ყურად მაინც არ უღია. ერთადერთი, რაც შეზღუდვების საკომპენსაციოდ გაკეთდა, პატიმრებისთვის, თვეში ერთხელ, 15 წუთიანი უფასო სატელეფონო საუბრის უფლების დამატება იყო. სრულყოფილად არც ეს შესრულებულა. სახალხო დამცველის მონიტორინგის დროს პატიმრები ამბობდნენ, რომ ამ შესაძლებლობით მხოლოდ გაზაფხულზე ისარგებლეს.

სახელმწიფოზე ლოიალური აღმოჩნდა წითელი ჯვარი. ორგანიზაციამ პანდემიის დროს პატიმრებს 20 წუთიანი სასაუბრო დრო დაუფინანსა.

დაუსაბუთებელი აკრძალვა


სახელმწიფო, ერთი მხრივ, ბრალდებულებს მსჯავრდებულებთან არათანაბარ პირობებში აყენებს, მეორე მხრივ კი მათ, ვისი ბრალიც დამტკიცებული არ არის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის გასამართლებულებთან ათანაბრებს. ამ სტატუსის მქონე პირები ოჯახთან ურთიერთობის იმავე უფლებებით სარგებლობენ, რითიც წინასწარ პატიმრობაში მყოფები, რომლებსაც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს.

რატომ ტოვებს სახელმწიფო ბრალდებულებს ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის გარეშე?

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ადეკვატური არგუმენტი, რაც ამ უფლების შეზღუდვას გაამართლებდა, ვერც ერთი უწყებისგან მოისმინა. ამ კითხვაზე პასუხი არც კანონის განმარტებით ბარათშია.

"იმედი გვაქვს, რომ სარჩელის განხილვის დროს გამოჩნდება უფრო მკაფიოდ სახელმწიფოს არგუმენტები. ერთადერთი, რითიც შეიძლება ეს გამართლდეს, არის ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რაზეც დიდი ხანია სახალხო დამცველი საუბრობს. მოგეხსენებათ, რომ გრძელვადიან პაემანს სჭირდება იზოლირებული ოთახი. მაგალითად, გლდანის ციხეში 2000-მდე პატიმარია. წარმოიდგინეთ, იქ რომ რიგი დადგეს, შესაძლოა, სამი-ოთხი თვე მოუწიოს ბრალდებულს ლოდინი. თუმცა, ვიდეოპაემნების შემთხვევაში ეს გაცილებით მარტივია და ამის აკრძალვა კიდევ უფრო გაუგებარია ჩვენთვის",
- ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

"ინფრასტრუქტურის გაუმართაობა სახელმწიფოს პრობლემაა და ეს არ შეიძლება ვინმეს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზეზი იყოს",
- მიაჩნია ომბუდსმენის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსს. ნიკა კვარაცხელია გაუმართლებლად მიიჩნევს სახელმწიფოს პასიურობას ბრალდებულთა უფლებების დაცვაში.

"პატიმრისთვის გარესამყაროსთან კონტაქტი არის უმნიშვნელოვანესი. ბრალდებულის შემთხვევაში, რადგან მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, სწორედ ამ სტატუსის გამო უნდა გაუუქმო მას განსაკუთრებული პირობები და არა პირიქით - შეზღუდო. ინფრასტრუქტურის არარსებობა ამას ვერ გაამართლებს. კონტაქტის მნიშვნელობა არის ცალსახად საერთაშორისო სტანდარტი და გამყარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით",
- ამბობს ნიკა კვარაცხელია.

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ კი არ უნდა შეზღუდოს, თანაბრად უნდა გაუნაწილოს ყველა უფლება ბრალდებულსაც და მსჯავრდებულსაც.

რა ხდება ქართულ ციხეებში?


საქართველოს ციხეებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 2017 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან უკავშირდებიან მსჯავრდებულები ვიდეოზარით ოჯახის წევრებს.

ორგანიზაციამ ,,ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის" ციხეებში კვლევა ჩაატარა. მათი ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს, 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვიდეოპამენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მხოლოდ შვიდ ციხეში იყო. შესაბამისი აღჭურვილობა არ იყო #2 #3, #6, #7, #9, #12, #18 და #19 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამასთან, ციხეების უმეტესობაში ათასობით პატიმარზე შვიდი-რვა ხანგრძლივი პაემნის ოთახი მოდის.

რა შეიცვალა ქართულ ციხეში სამი წლის შემდეგ? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა არც იუსტიციის სამინისტრომ და არც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. სამინისტრომ პასუხისმგებლობა მოიხსნა და პენიტენციურ სამსახურთან გადაგვამისამართა. უწყებაში კი გვითხრეს, რომ მედიასთან ინტერვიუს პრაქტიკა არ აქვთ და ჯობდა შეკითხვები წერილობით მიგვეწოდებინა. ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად, ციხეების ინფრასტუქტურული მდგომარეობის შესახებ პასუხი ვერ მივიღეთ.

ინფორმაციის დამალვის პრაქტიკა პენიტენციური სამსახურისთვის ახალი არ არის. სახალხო დამცველი ანგარიშებშიც მიუთითებს, რომ უწყება ინფორმაციას არ აწვდის.

რატომ ცხრა და არა ორი თვე?


სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფოს დიდი ხანია ურჩევს, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის უფლება არა ცხრა თვის, არამედ ორი თვის შემდეგ მისცეს. სახელმწიფო ამ ვადაში განსხვავებას ვერ ხედავს. ამბობს, რომ ცხრა თვის შემდეგ ბრალდებული თუ არ გამართლდება, მსჯავრდებულის სტატუსს მიიღებს და ავტომატურად, ყველა იმ უფლებით ისარგებლებს, რომელთა შეზღუდვასაც ომბუდსმენი აპროტესტებს.

სხვაზე მეტყველებს პრაქტიკა.

სახალხო დამცველი ამბობს:

"თავისუფლებაშეზღუდული პირის ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან უშუალო კონტაქტის საჭიროებას განაპირობებს არა მისი სტატუსი, არამედ, ის ობიექტური რეალობა, რომელშიც იგი იმყოფება".


ომბუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ ამ უფლების მისაღებად ორი თვე ოპტიმალური ვადაა. ეს ის დროა, როდესაც სასამართლო პირველად მსჯელობს დაკავებული პირის გათავისუფლების საკითხზე. შესაბამისად, თუ პირი წინასწარი პატიმრობიდან ორ თვეში არ გათავისუფლდა, მან ყველა იმ უფლებით უნდა ისარგებლოს, რაც მსჯავრდებულებს აქვთ.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების განსხვავებულ პირობებში ჩაყენება - დისკრიმინაციულია.

"ისინი, როგორც თავისუფლებაშეზღუდული პირები, არიან თანასწორნი, მათი საჭიროებებისა და ამ საჭიროებების შესაბამისი უფლებებით სარგებლობის თვალსაზრისით"
, - წერს ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში.

უგულებელყოფილი ანგარიშები


საქართველოს ციხეებში პატიმართა უფლებრივ მდგომარეობას სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშებში აღწერს და ცვლილებებს უშედეგოდ ითხოვს. ომბუდსმენის ანგარიშში წელსაც კრიტიკულადაა შეფასებული ხელისუფლების პასიურობა რეკომენდაციების შესრულების ნაწილში.

"სამწუხაროა, რომ 2020 წელს, სახალხო დამცველის მიერ გაცემული სისტემური რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ შესრულებულა"
, - წერს ნინო ლომჯარია.

სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილია როგორც ზოგადი სახის რეკომენდაციები, ასევე, პატიმართა ინდივიდუალური თხოვნა დახმარების შესახებ.

მაგალითად, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში 2018 წელს მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებული, სამი წელია პაემნის უფლებას ითხოვს, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

სახალხო დამცველი საუბრობს ციხეების ვიდეოპაემნების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვის აუცილებლობაზე, პაემნების ოთახების დამატებაზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში განთავსებაზე და ციხეებში არსებულ სხვა ბევრ პრობლემაზე. სახელმწიფო მათ მოგვარებას არ ჩქარობს. მათ შორის, არ ზრუნავს ბრალდებულების გარესამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესებაზე.

ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის მითითებებს რომ არ ითვალისწინებენ, ამას თავისივე დადგენილებებით აღიარებს საქართველოს პარლამენტი.

რა დაავალა პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს პატიმრების ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეო პაემნის უფლების უზრუნველყოფის მიზნით? ჩვენ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 2020 და 2021 წლების დადგენილებები ერთმანეთს შევადარეთ. 2020 წელს საკანონმდებლო ორგანოს მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დავალებული 49 პუნქტიდან 25-ს სრული სიზუსტით იმეორებს 2021 წლის დადგენილება. ამასთანავე, რეკომენდაციების ნაწილი პარლამენტმა საერთოდ არ მიიღო მხედველობაში და არც დადგენილებაში ასახა. მაგალითად, ჯერ კიდევ 2019 წელს ითხოვდა სახალხო დამცველი პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლებას და პარლამენტს "პატიმრობის კოდექსში" ცვლილების შეტანისკენ მოუწოდებდა. საკანონმდებლო ორგანომ, ტრადიციულად, არც ეს მითითება შეასრულა. ეს მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანომ, 2013 წელს, თავად შეუზღუდა ბრალდებულებს ეს უფლება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა არ გვიპასუხა, დადგენილებით გაწერილი რა ვალდებულებები შეასრულა პარლამენტმა. წერილიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ მონიტორინგი გრძელდება.

"2020 წელს გაცემული დავალებების შესრულების შემოწმების პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა, ხოლო, 2021 წლის დადგენილების აღსრულების მონიტორინგს კომიტეტი განახორციელებს მომდევნო წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში"
, - ნათქვამია წერილში.

პარლამანეტმა არ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის, რამდენად სრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაციები. კომიტეტმა შესაბამისი პროექტი სხდომაზე მხოლოდ მას შემდეგ გაიტანა, რაც ამ საკითხზე შეკითხვები გავუგზავნეთ.

"სამუშაო ჯგუფის შექმნა გათვალისწინებულია, თუმცა, არ არის დადგენილი ამ ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის ვადები. აღნიშნული საკითხი კომიტეტმა შეიმუშავა და 2021 წლის 26 ივლისის სხდომაზე განიხილა შესაბამისი პროექტი. პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდება დასახელებული სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი
", - ნათქვამია წერილში.

სახალხო დამცველის მონაცემებით, გასულ წელს იუსტიციის მინისტრმა 52 რეკომენდაცია მიიღო. აქედან მხოლოდ ორი შესრულდა სრულყოფილად.

ომბუდსმენის რეკომენდაციები უგულებელჰყო პარლამენტმაც და მთავრობამაც. რვა მითითებიდან მათ არც ერთი არ შეასრულეს.

ერთადერთი, რისი მიღწევაც მოხერხდა, სამარტოო საკანში მყოფი და დისციპლინის დარღვევისთვის დასჯილი პირებისთვის ომბუდსმენთან დარეკვის უფლებაა. როგორც წესი, პატიმრებს, რომლებიც ციხის შენაგანაწესს დაარღვევდნენ, ოჯახთან კომუნიკაცია ეკრძალებოდათ. ეს კი მათ ავტომატურად უზღუდავდა სახალხო დამცველთან კომუნიკაციასაც.

5 ივლისს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო დავა მოიგო. სასამართლომ აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისად, ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს ომდუსდმენის ცხელ ხაზზე (1481) დარეკვა დაუბრკოლებლად შეუძლიათ.

სახალხო დამცველი ახლა მორიგი სარჩელის განხილვის მოლოდინშია. საკონსტიტუციო სასამართლომ ბრალდებულებისთვის ვიდეო და ხანგრძლივი პაემნების აკრძალვის შეზღუდვის კონსტიტუციურობაზე უნდა იმსჯელოს.

ომბუდსმენის აპარატთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან ბრალდებულები და მათი ახლობლები.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევს ციხეებში ვიდეოპაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ხანგრძლივი პაემნების ოთახების რაოდენობის გაზრდა, რაც აქამდეც უნდა გაეკეთებინა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.