მულტიმედია
რა გაგვხადა და რა ჩაგვაცვა პანდემიამ
FaceBook
როცა მოდის კანონმდებელი პანდემიაა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მაგალითად, უჩინარობა გახდეს "სტილი". შეიცვალოს სამოსის დემონსტრირების ადგილი. პოდიუმად იქცეს სახლი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მორგებულმა კედებმა ჩაანაცვლოს, მრავალფეროვანი ვარცხნილობები კი ,,კიკინამ".

21-ე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში, როცა სახე - ნიღაბში, სხეული - უნიფორმაში, ხელები - ხელთათმანებში იმალება, თითქოს ინდივიდუალიზმი ქრება, ნელდება მოდური ტენდენციები, ჩაცმულობის გამორჩეულ სტილზე მოთხოვნა. მისაღები ხდება სისადავე.

პანდემიური იზოლაცია, უმეტესად, შინაურ ფორმაში ყოფნას გვაიძულებს, ამიტომ კაბები, პიჯაკები, გადაპრანჭული სამოსი - პერანგებმა, საღამურებმა, ხალათებმა ჩაანაცვლა და ყველაზე გაყიდვადიც გახადა.

,,არასდროს იმდენი ხალათი და პერანგი არ მიყიდია, რამდენიც ამ ერთ წელიწადში. რაღაცნაირად ამაზე გადავიტანე აქცენტი, რადგან ახალ ტანსაცმელს თუ ვიყიდდი, მაინც ვერსად ჩავიცვამდი. ასე იყვნენ ჩემი მეგობრებიც. მართალია, იზოლაციის პერიოდში მაღაზიებიც დაკეტილი იყო, სამაგიეროდ ამ მაღაზიების მეპატრონეებს ვაკითხავდით სახლში და იქ ვარჩევდით ჩვენთვის სასურველ სამოსს. საბოლოოდ, ჩემს კარადაში აღმოვაჩინე, რომ ერთ წელიწადში ათი ხალათი, ამდენივე პიჟამო და პერანგი მაქვს ნაყიდი", - ამბობს ქუთაისელი ანა.



ადამიანი ერთფეროვნებას დიდხანს ვერ უძლებს, ხალათებში, ოთახის ჩუსტებშიც და პირბადეშიც ცდილობს შეიტანოს სიახლე. იგი ამიტომ, ნიღაბსაც უმორჩილებს ესთეტიკის კანონებს და სტილის ნაწილად აქცევს.

დამცავი პირბადე ერთნაირებს გვხდის, რის გამოც ბევრისთვის გახდა მოსაბეზრებელი. ამიტომ მისი გამრავალფეროვნება დაიწყეს. დაიტანეს სხვადასხვა გამოსახულება, შეცვალეს ფერი, მისცეს სხვა ფორმა. ბევრმა დიზაინერმა თუ მოყვარულმა დაიწყო ინდივიდუალური, განსხვავებული ნიღბების კერვა და სამოსთან შეხამება.



"სანამ სააფთიაქო ქსელებში კარგი პირბადეები შემოვიდოდა და დეფიციტი გახლდათ, მანამდე შეკერილ პირბადეებზე იყო მოთხოვნა. პირბადეების შეკერვით ბევრმა მოდის სახლმა გადაირჩინა თავი. პირბადის წარმოება არა მარტო დიზაინერებმა, არამედ სამკერვალოებმაც დაიწყეს. ბაზარმა მოთხოვნა დააყენა და სამკერვალოები და დიზაინერებიც აყვნენ. თუმცა ახლა ისე აქტუალური აღარ არის. მხოლოდ ვისაც გაპრანჭული ნიღაბი უნდა, მხოლოდ ისინი იკერავენ. შეიკერა ტანსაცმელი და იმას საჩუქრად გაუკეთდა ნიღაბი. ამ დონეზე დარჩა მოთხოვნა", - ამბობს შემოქმდებითი სახელოსნო "მაგდა და სალომე კუპატაშვილების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიზაინერი სალომე კუპატაშვილი.

ტანსაცმლის დიზაინის სფეროში პირველი ნაბიჯები პანდემიის დროს გადადგა და სწორედ ინდივიდუალური ნიღბების კერვაში იპოვა საკუთარი ახალი გატაცება ანამაც.



გარდა დამცავი ფუნქციისა, ნიღაბი გახდა ის დაფა, რომელზეც სოციალურ მოთხოვნებს დაიტან. ის კონკრეტული გზავნილების ყველაზე თვალშისაცემ ადგილად იქცა.

მაგალითად, სოციალური კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ნიღაბი წარწერით "მომისმინე", რომელიც ძალადობის პრობლემას შეეხო. პირბადე-"პოსტერი"თითქოს არ გაძლევს პრობლემაზე თვალის არიდების საშუალებას.

"ეს პირბადე ისეთ მძიმე ამბავს მახსენებს, რასაც პედოფილია ჰქვია და რაც გადაუჭრელ პრობლემადაა ქცეული ჩვენს ქვეყანაში. პირბადე გახდა გამოხატვის საშუალება. ეს ერთგვარი ხსნაა თითქოს პანდემიიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანის. ამით თითქოს ვამბობთ, კი ომში ვართ, ვირუსთან ომში, მაგრამ პარალელურად ვაგრძელებთ ცხოვრებას სხვა ამბებთან, პრობლემებთან, თუ გამოწვევებთან ერთად", - ამბობს მხატვარი ლია უკლება.



სამოსმა დაიბრუნა თავისი ყველაზე ადრეული, თავდაპირველი ფუნქცია - შემოსვა, გათბობა, კომფორტი. ხელის არშეშლა საქმიანობაში. სილამაზის გამო, მოუხერხებელი ფორმების ატანა და მითუმეტეს, მსხვერპლის გაღება, არაპოპულარული გახდა. პირიქით, მსხვერპლის შემცირება, მსხვერპლის არდაშვება იქცა სამოსის დანიშნულებად.

სამოსი, რომელიც გიცავს და ნაკლებ ზიანს გაყენებს.

მაღალი ქუსლები და საღამოს კაბები ყოველდღიურმა, მოხერხებულმა ჰუდებმა, კედებმა, მაქსიმალურად პრაქტიკულმა სამოსმა ჩაანაცვლა. მსუბუქად რომ იმოძრაო და ვირუსს "გაექცე".



თმა, როგორც ვირუსის აქტიური გადამტანი და ამ მხრივ საფრთხისშემცველი, დამოკლდა, ან აიკეცა. მხოლოდ შეკრული ვარცხნილობა გახდა რეგულაციებით ნებადართული, მაგალითად, სკოლებში.

"ძალიან არ მომწონს და არ მიყვარს კეფაზე დამაგრებული თმა, მაგრამ გვიშლიან გაშლილ თმას. ამიტომ, შეკრულშიც ვცდლობ სილამაზის პოვნას და მის მორგებას", - ამბობს მეათეკლასელი კესო.

დღეს მოდის განმსაზღვრელი არა მოდის სახლები, არამედ რეგუალციები გახდა. რეგულაცია კი ესთეტიკას ნაკლებად ითვალისწინებს.



ნიღაბში ჩაკარგული სახე მაკიაჟის აუცილებლობასაც ამცირებს. უმეტესად საკუთარ თავს ხდის იმ ადამიანად, ვისაც თავს მოაწონებ. ამიტომ პრაქტიკულად გაუქმდა პომადის გამოყენების პრაქტიკა. მას კომიკურ ფუნქციას თუ მიანიჭებენ.



გარდა იმისა, რომ პანდემია ტუჩსაცხს და მაღალ ქუსლებს "ერჩის", იგი მოდის ინდუსტრიაში რევოლუციური ცვლილებების მომტანიც აღმოჩნდა. თუმცა, ეს არ გამოხატულა სტილის, ტრენდების, ტენდენციების ცვლილებაში.

პანდემია მოდას ყველაზე მძლავრად ფინანსურად შეეხო.

მოდის ბიზნესმა დიდი ზარალი განიცადა. მარტო მილანის მოდის სახლებმა, პანდემიის გამოცხადებიდან პირველ სამ თვეში, 3 მილიარდის დანაკარგი მიიღო. დიზაინერებისა და მოდის ექსპერტების გათვლებით, მოდის ინდუსტრია 2019 წლის მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს ოთხი წელი სჭირდება. პანდემია თუ კიდევ ერთი წელი გაგრძელდა, სფერო ოცი წლით დაიხევს უკან.

პროფესიულ წრეებში დაიწყო ხარჯების შეკვეცასა და ეკონომიაზე საუბარი. ეს ჩვენებების ძველი ფორმატის ცვლილებებსაც გულისხმობს და სხვადასხვა პროფესიაზე მოთხოვნის შემცირებასაც.

,,რამდენად საჭიროა ძველ ფორმატში, უდიდესი დანახარჯებით ჩატარდეს მოდის კვირეულები წელიწადში ორჯერ? ეს კითხვა დააყენა პანდემიამ. დაიწყეს საუბრები ე.წ. ოლიმპიური თამაშების მოდელზე, რომლის თანახმად, ყველა ღონისძიება ტარდება ერთ არჩეულ მოედანზე წელიწადში ერთხელ. ერთ ქალაქში ნაცვალად ოთხისა. მოხდება კენჭისყრა და ერთი მასპინძელი ქალაქი აირჩევა. თანაც ამაში მონაწილეობას მარტო მოდის ოთხი დედაქალაქი (პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი და მილანი) კი არა, არამედ სხვა ქალაქებიც მიიღებენ, რომ მათაც მიეცეთ შანსი", - ამბობს დიზაინერი მაგდა კუპატაშვილი.

ფინანსური კრიზისი სხვადასხვა ინოვაციური იდეის მაპროვოცირებელი გახდა. შანსი მიეცა ჩვენებების ბევრად იაფი და მოსახერხებელი, ციფრული ფორმატის აღორძინებასაც.

"არის პროგრამები, სადაც 3D ფორმატში მუშაობს დიზაინერი. პროგრამაში შემოგაქვს ქსოვილი, რომელსაც ინტერნეტში არჩევ. მერე მას ამ პროგრამის დახმარებით ფორმას აძლევ და ჩააცმევ მანეკენს. ეს ციფრული მანეკენი დადის და აწყობს ჩვენებას. დიზაინერი სახლში ზის აკეთებს კოლექციას, ჩააცმევს მანეკენს და მოაწყობს ანიმაციურად მისი მოდელების ჩვენებას, ყველანაირი ხარჯის გარეშე. მერე საკუთარ ციფრულ მოდელებს შესთავაზებს სხვადასხვა საწარმოს და მათ შეიძლება შეიძინონ. ასე რომ, რეალური ჩვენების მოწყობა შეიძლება არ დაგჭირდეს", - ამბობს მაგდა კუპატაშვილი.

ეს ცვლილებები ამცირებს და საერთოდ აქრობს ფოტოგრაფების, მოდელების, ვიზაჟისტების საჭიროებას. მათ ციფრული პერსონაჟები ჩაანაცვლებენ.

სპეციალისტების ინფორმაციით, ეს ტენდენციები გარდაუვალი იყო, თუმცა პანდემიამ დააჩქარა მათი აქტიური ამოქმედება.

გარდა ვირტუალურისა,მოდელები და მსახიობები სხვა გმირებმაც ჩაანაცვლეს - ექიმებმა, ექთნებმა, კორონავირუსთან ომის წინა ხაზის მებრძოლებმა.

ვარსკვლავის წოდებამ შეიცვალა ადრესატი. გარეგნობაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა გახდა. სილამაზემ სხვა შინაარსი შეიძინა. მოდური პროფესიონალიზმი, თავდადება და ჰუმანურობა გახდა. ამის შემოქმედნი, ექიმები, მოხვდნენ პოპულარული მოდის ჟურნლების პირველ გვერდებზე.



"პანდემიამ, ჩემი აზრით, აჩვენა, რომ ფინანსურმა კორპორაციებმა არ დაიპყრეს ყველაფერი. ისიც არასწორი აღმოჩნდა, რომ თითქოს, მათ თავიანთი შემოსავლის მეტი არაფერი აინტერესებთ. პანდემიამ აჩვენა, რომ დაინგრა ეკონომიკები, მათ შორის მოდის ინდუსტრიამ უდიდესი ზარალი ნახა, დაინგრა სახელმწიფოები, მათ გეოპოლიტიკური ინტერესები დათმეს. იმის გამო, რომ ადამიანებს, მოხუცებს ეცოცხლათ. გასული საუკუნის დასაწყისში 60 მილიონი ადამიანი მოკლა "ესპანკამ". ვინ გააჩერებდა მაშინ შენთვის ქარხანას და ვინ ჩაკეტავდა ქალაქებს?! მაშინ სხვა ეპოქა იყო. დღეს შეცვლილია ადამიანი. თავისი ღირებულებით უფრო მეტად ჰუმანურია. იმიტომ, რომ ადამიანს უნდა ყოველთვის უკეთესი იყოს. ეს ადამიანის ფუნდამენტური სურვილი და ემოციაა. იგი აუცილებლად მიიყვანს მას სრულყოფილებამდე. უნდა უკეთესი და უკეთესი გახდეს და გახდება კიდეც. ამის მჯერა", - ამბობს ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი.

პანდემიური მოდაც ამ შინაარსის აღმოჩნდა - დაავადების აცილებაზე, პრაქტიკულ ფორმაში ყოფნაზე, დაცვასა და გაფრთხილებაზე ორიენტირებული. შიგადაშიგ ლამაზი ფორმების გამოყენებით.

პანდემიამ ადამიანის მთავარ მშვენებად ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქცია.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.