მულტიმედია
სახლიდან შორს - ინდოელების ცხოვრება ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
22 წლის ბალა ტივანი, ოთხი წლის წინ, ინდოეთის ქალაქ აჯმირიდან, საქართველოში ერთადერთი იმედით გამოემგზავრა - რომ უსაფრთხო გარემოში მიიღებდა განათლებას.

ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ბალა ქუთაისში ჩამოვიდა და აქ დაიწყო სტუდენტური ცხოვრება. ბალამ მომავალ საქმიანობად ინდოეთში ყველაზე პოპულარი პროფესია, ექიმობა აირჩია. იგი ქუთაისში მცხოვრები სხვა ბევრი ინდოელი სტუდენტის მსგავსად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. ბალას კარგად ახსოვს ის დღე, როცა მისი საქართველოში გამომგზავრება გადაწყდა. სკოლის დასრულების შემდეგ, პროფესიის არჩევის დრო დადგა. მაშინ მშობლებს ქართული უნივერსიტეტი ურჩიეს, სადაც სწავლა გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ინდოეთში, თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ოჯახმა გოგონა საქართველოში შვიდი წლით გამოუშვა. ბალას თქმით, მშობლებმა საბოლოო გადაწყვეტილება, საქართველოს,  უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის გამო მიიღეს.

"სკოლის დასრულების შემდეგ, ჩემმა მშობლებმა დაიწყეს სასწავლებლის არჩევა ჩემთვის და გადაწყდა, რომ ეს ყოფილიყო საქართველო, რადგან გვითხრეს, რომ ამ ქვეყანაში არის მაღალი უსაფრთხოება. როცა აქ ჩამოვედი, მართლაც ასე აღმოჩნდა. პირველი, რამაც აქ გამაოცა, იყო ჩემ მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება. აბსოლუტურად უცხო ადამიანი მიმიღეს როგორც ძალიან ახლობელი და თავი მაგრძნობინეს ისე, როგორც საკუთარ სახლში
", - ამბობს ბალა ტივანი.

ბალას ექვსი თვეა საკუთარი ოჯახი არ უნახავს. პანდემიის გამო უნივერსიტეტშიც იშვიათად დადის. განათლებას სხვა სტუდენტების მსგავსად, ძირითადად, ონლაინ გაკვეთილების საშუალებით იღებს. ამბობს, რომ ძალიან კარგი ლექტორები ჰყავს და პრობლემები არ აქვს. თავისუფალ დროს ინდურ კლასიკურ სიმღერებს მღერის. დარწმუნებული არ არის, რომ კარგად გამოსდის, ამიტომ ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჰობია და სიმღერასთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს. მისი მთავარი მიზანი ახლა  საფუძვლიანი სწავლაა, რომ შემდეგ ინდოეთში, ექიმის პროფესიით მუშაობა შეძლოს.

საქართველოში ექიმის პროფესიის შესასწავლად ჩამოვიდა 20 წლის ბუმიკა რუნავალიც. მისი თქმით, ინდოეთში, გოგონას უცხო ქვეყანაში სწავლისთვის გამგზავრება არაპოპულარულია, მაგრამ მას გაუმართლა, რადგან მის გადაწყვეტილებას მხარი ოჯახმა დაუჭირა.

"მამაჩემი არის ბიზნესმენი, დედაჩემი დიასახლისი, მყავს უმცროსი და, ბებია და ბაბუა. ინდოეთში არ არის მიღებული, რომ გოგონა სხვაგან წავიდეს განათლების მისაღებად, რადგან მენტალიტეტი არის უფრო ჩაკეტილი. ჩემი ბებია და ბაბუა ღელავდნენ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებდი მე უცხო ქვეყანაში, მაგრამ ჩემს მშობლებს ჰქონდათ მკვეთრი პოზიცია, რომ უნდა მესწავლა. მე მინდა ვიყო ძლიერი ქალი და მშობლები ამაში მხარს მიჭერენ. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რომ მეცხოვრა ოჯახის გარეშე, მაგრამ თუ გინდა რაღაც მიიღო, რაღაც უნდა დათმო", - ამბობს ბუმიკა.

მანაც, საქართველო უსაფრთხოებისა და სწავლის დაბალი გადასახადის გამო აირჩია. ამბობს, რომ აქ ყოფნა მოსწონს, თავს უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობს.

"საქართველო ნამდვილად არის უსაფრთხო ქვეყანა ჩვენთვის, გოგონებისთვის. აქ თავისუფლად შემიძლია 10 საათზე, 12 საათზე გავიდე გარეთ და არ მაქვს რამის შიში. ამას ინდოეთში ვერ გავაკეთებ. იქ 8, მაქსიმუმ 9 საათის შემდეგ გარეთ არ გავდივართ. ვერ გეტყვით კონკრეტულად რა არის საშიში, მაგრამ ასეა ჩვენთან მიღებული", - ამბობს ბუმიკა.

სწავლის გადასახადისგან განსხვავებით, ინდოელი სტუდენტებისთვის ძვირია საცხოვრებელი ადგილის დაქირავება. ბუმიკა ამბობს, რომ მათთვის ბინის ფასი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ინდოეთში. გამოსავალი ამ შემთხვევაში რამდენიმე სტუდენტის ერთად ცხოვრებაა.

ქართველებთან ურთიერთობას უკვე შეეჩვია. ქუთაისში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ ადგილობრივებთან კომუნიკაციას მარტივად ახერხებს,  თუმცა, ჯერჯერობით არ ჰყავს ქართველი მეგობრები.
საქართველოში ოთხი წლის წინ დროებით ჩამოსული შივამი, ინდოეთში დაბრუნებაზე არ ფიქრობს. ამბობს, რომ ქუთაისი ძალიან შეუყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე აქ უნდა ყოფნა. შივამი პროფესიით ექიმია, მაგრამ პრაქტიკულ საქმიანობას არ ეწევა. მან საკუთარი თავი ბიზნესში იპოვა, თუმცა, მედიცინასთან კავშირი არ გაუწყვეტია. ექიმის კარიერის შექმნაში იგი ახლა სხვებს ეხმარება. შივანი ინდოელ სტუდენტებს საქართველოში განათლების მიღებაში უწყობს ხელს. მისი ორგანიზებით ქუთაისში ათეულობით ინდოელი სტუდენტი ჩამოდის. მათი ნაწილი უკვე დაბრუნდა ინდოეთში, სადაც საექიმო პრაქტიკას ეუფლება, ნაწილი კი ქუთაისში თეორიის სწავლას აგრძელებს. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გარდა, შივამი ქუთაისში დისტრიბუცია-ექსპორტის სფეროში რამდენიმე მცირე ბიზნესს ფლობს. აქვს რესტორანი, რომელიც ახლა გატანის სერვისზე მუშაობს. საქართველოში თავს მშვიდად გრძნობს და ამბობს, რომ ცხოვრებისა და ბიზნესის გაგრძელებას აქ აპირებს. 
"არის კითხვები, რომლებზეც პასუხები არ არსებობს. ასეთი შეკითხვაა, თუ რატომ მიყვარს ქუთაისი. საქართველომ მე მომცა სიმშვიდე. მე აქ წარმომიდგენია ჩემი ბიზნესი და ჩემი ცხოვრებაც. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, არ მეგონა ამდენი ხნით თუ დავრჩებოდი, მაგრამ ისე შევეჩვიე აქაურობას, წასვლა აღარ მინდა. ქართველებს აქვთ თბილი გული და სტუმართმოყვარე ხასიათი. აქ, ქუჩაში არასდროს მიგრძვნია დისკრიმინაცია ჩემი წარმომავლობის გამო. ერთი-ორი შემთხვევა იყო, როცა სოციალურ ქსელში დაწერეს ჩემზე რაღაც არსასიამოვნო, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ მე მირჩევნია პოზიტივი დავინახო ადამიანში. აქ თავს ვგრძნობ, როგორც სახლში, იმიტომ, რომ თვითონ ქართველებმა მაგრძნობინეს ასე თავი. მე არ მაქვს მიზეზი, რომ საქართველო დავტოვო", - ამბობს შივამ შარმა.

შივამი საქმიანობის დიდ ნაწილს ქველმოქმედებას უთმობს. ამბობს, რომ რო
ცა ბენეფიციარებს ეხმარება, მათგან მადლიერებას და დაფასებას გრძნობს, რაც დამატებით სტიმულს აძლევს. "ინდო-ქართული საბჭო" პანდემიის დაწყებიდან დღემდე 4000-მდე ოჯახს დაეხმარა პროდუქტებით, მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებით.
ივამისთვის ცხოვრების მთავარი მოტივატორი ის სტუდენტები არიან, რომლებიც მისი ორგანიზაციის დახმარებით საქართველოში ჩამოდიან და ექიმის პროფესიას ეუფლებიან.

"უფრო და უფრო მეტი სტუდენტი მოდის საქართველოში. აქ სწავლობენ თეორიას და შემდეგ პრაქტიკისთვის ბრუნდებიან ინდოეთში. ჩვენ ინდოეთში ბევრი კარგი ექიმი გვჭირდება, ამიტომ ეს საქმიანობა და ეს ორგანიზაცია ჩემთვის მთავარი სტიმულია", - ამბობს შივამი.
საქართველოში სასწავლებლად ყოველწლიურად ასობით ინდოელი ჩამოდის. მხოლოდ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად 370 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. ყველა მათგანს მედიცინის ფაკულტეტი აქვს არჩეული. სასწავლო წლის დასრულებამდე უნივერსიტეტში კიდევ 100 სტუდენტს ელოდებიან.

საქართველოში 12 000-მდე ინდოელი ცხოვრობს. მათი უმეტესობა სტუდენტია, რომლებიც ქვეყანას სწავლის დასრულების შემდეგ ტოვებენ. ნაწილი კი შივამის მსგავსად, საქართველოში დარჩენას ამჯობინებს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.