მულტიმედია
სიბერე თუ კორონავირუსი - რისი ეშინიათ ხანდაზმულებს საქართველოში?
FaceBook
,,50 ლარი დახმარება. 250 პენსია. სულ ესაა რითიც ვცხოვრობ", – გვეუბნება 81 წლის წყალტუბოს საპატიო მოქალაქე და ხელის ცეცებით ეძებს რკინის ძველთაძველ მაგიდაზე მიგდებულ ცხვირსახოცს, სიბრაზისგან წამსკდარი ცრემლების მოსაწმენდად.

სულიკო ნიქაბაძე სპორტის დამსახურებული ოსტატია. რამდენიმე ათეული წლის წინ, სწორედ მისი ხელმძღვანელობით, წყალტუბო ერთადერთხელ გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის გამარჯვებული.

სულიკო 81 წლის



სულიკო დღეს უსინათლო მარტოხელაა. მას კორონავირუსისგან განსაკუთრებული დაცვა არ სჭირდება, გარეთ თითქმის არასდროს გადის. არც სადეზინფექციო ხსნარი და პირბადე აქვს.

მოხუცის ძველთაძველ, მამაპაპისეულ, ხის პატარა სახლში გამუდმებით ცივა, ამიტომ სუსხიან ამინდებში ოთახშიც არ იშორებს ქუდსა და ქურთუკს.

,,ღუმელს მარტო ვერ ვანთებ. იატაკი კი მიწისაა და ნაკვერჩხალი ცეცხლს არ გააჩენს, მაგრამ უსინათლო კაცის დანთებული ცეცხლი გაგიგიათ?"

სულიკოს არც საკვების მომზადება შეუძლია.

,,გავატან მეზობელს ფულს და მზა საჭმელი მოაქვს. თბილი არ არის, მაგრამ შიმშილს ჯობია. სულ მიყვარდა წესრიგი, მაგრამ ახლა ვერც სახლს ვალაგებ, ვერც ტანსაცმელს ვრეცხავ. ბოლოს ბარბარობას დამილაგა მეზობელმა სახლი, ტანისამოსიც დამისუფთავა, ცეცხლიც დამინთო. გავთბი და ბევრი ვილაპარაკეთ. მხოლოდ ის ერთი მეზობელი მოდის ახლა. სხვებს ეშინია კორონას გამო. მე მესმის მათი. ახლა ყველას თავისი თავი უჭირს."

მეზობლის იმედად სულიკო ერთი წელია ცხოვრობს. იქამდე მასზე და ზრუნავდა, რომელიც შარშან, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

,,ჩემი ერთადერთი იმედი და ,,თვალები" ვენერა იყო. სინათლე გლაუკომამ წამართვა. წნევის დროს მაწუხებს თვალები უსაშველოდ. ექიმის გამოწერილი წამალი კი თითო 50 ლარი ღირს. რომ ვიყიდო, მერე სხვა წამლებისთვის და საჭმლისთვის რაღა დამრჩება? საბუთში კი დამიწერეს მომვლელი სჭირდებაო, მაგრამ რა საშუალებით ვიყოლიო? თანაც, ვის სცხელა ამ ვირუსების დროს ჩემთვის, ბაბუ."

ხანდაზმული საპატიო მოქალაქისთვის, როგორც ჩანს, წყალტუბოში მართლაც არავის სცალია. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ის პანდემიის პირობებში მხოლოდ ერთხელ მოიკითხა, სასურსათო კალათით.

ვეტერანი სპორტსმენი ჩივის, რომ ყველამ დაივიწყა. სამაგიეროდ, ამ კაცის სახელობის თასი დღემდე სიამაყით თამაშდება ფეხბურთში.

,,ბოლოს უსინათლოებისთვის გამოყოფილ ერთჯერად დახმარებაზე წამიყვანა მეზობელმა, ესენი მეხმარებიან, სხვა არავინ."

პანდემიამ სახლში გამოკეტა შრომის უნარისა და სურვილის მქონე ხანდაზმულებიც.

73 წლის თამარ ჯანგავაძე პანდემიამდე მთელ დღეს მტვრიან ქუჩაში ატარებდა, ყვავილებით ხელში. ფერად-ფერად თაიგულებს სოფელ გელათში, საკუთარ ბაღში გახარებული ყვავილებით კრავდა და ქუთაისის ბაზრის კუთხეში ყიდდა.

თამარი 73 წლის


,,დილის რვა საათზე, გელათიდან, ყვავილებით დატვირთული, ქუთაისისკენ მოვდიოდი ავტობუსით. ამით ვარჩინე ოჯახი წლების განმავლობაში. ახლა ტრანსპორტი არ არის, ბაზარი არ არის, არაფერი არ არის, მხოლოდ მაღაზიები და გაძვირებული საჭმელია. სასოწარკვეთილი ვარ. მთელი ოჯახი პენსიას ჩამოვეკიდეთ. თვითდასაქმებულებზე გაცემული 200 ლარის კი არ რცხვენიათ მთავრობაში. წარმოდგენა არ მაქვს, როდის დასრულდება ეს ყველაფერი."

სახელმწიფომ ასაკობრივი პენსია 70 წლამდე პენსიონერებს - 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებს - 25 ლარით გაუზარდა. სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს შემწეობა დროებით (ექვსი თვით) 100 ლარით მეტი ექნებათ.

ქუთაისის ქუჩებში, პანდემიის გამო, ხილს ვერც 79 წლის პენსიონერი ლამარა დიდბარიძე ყიდის. სიდუხჭირესთან ერთად, ის მარტოობასა და სოციალურ ჩაკეტილობას განიცდის.

,,მთელი დღე დავწანწალებდი ქუჩა-ქუჩა. ხან "სალფეთქებს" ვყიდდი, ხან ხილს. სამუშაოს არავინ მაძლევს, ბებერი ხარო, პენსია კიდე წნევის წამლებისთვის არ მყოფნის. ყველა მისვლაზე სხვა ფასია აფთიაქში. გასულ წელს, პენსია წინასწარ გამოვიტანე, გაზი და მაცივარი ვიყიდე. რად მინდა, არც ერთს ვიყენებ. მაგის გამო კი ყოველ თვეში პენსიაზე 120 ლარი მეჭრება. ისეთ პროცენტს მახდევინებს ბანკი, ასე მგონია, 90-იანი წლების მეპროცენტესთან მაქვს საქმე. იგივეს აღარ გავიმეორებ ამის გასტუმრებას თუ მოვესწარი."

ლამარა 79 წლის


ლამარას მსგავსად, საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს.

,,ლიბერთი" ბანკი უკვე მრავალი წელია 60+ ასაკის ადამიანებზე სახელმწიფო პენსიას გასცემს. ასევე, პენსიონერებს სთავაზობს საპენსიო სესხს, დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით, 31%-ით. ხანდაზმულები კუთვნილი პენსიის მესამედს თვეების, ხშირად, წლების განმავლობაში, ბანკში ტოვებენ.

"ლიბერთი" ბანკმა COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, აპრილში პენსია საკუთარი რესურსით, წინასწარ ჩარიცხა. სერვისცენტრებში მომხმარებელთა ნაკადის შესამცირებლად შექმნა ვებგვერდი (myliberty.ge), სადაც შესაძლებელია ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან ნაღდი ფულის გატანის შესაძლებლობის გადამოწმება. ასაკოვანი ხალხისთვის სახლში ყოფნის გასამარტივებლად, ბანკის ფეისბუქ გვერდზე გაჩნდა ცეკვის, იოგისა და კომპიუტერის ონლაინ გაკვეთილები. ეს ციფრული კამპანია, შესაძლოა, მართლაც იყოს ვირუსისგან თავის დაცვის კარგი საშუალება, თუმცა ის ვერ იქნება ხელმისაწვდომი ყველა პენსიონერისთვის. მიზეზი მარტივია, ხანდაზმულების უმეტესობას სახლში არათუ კომპიუტერი, ტელევიზორიც არ აქვს.

ნანა 85 წლისაა და ცხოვრებაში პირველად, გარეთ გასვლის ეშინია. მარტოხელა, მოხდენილ ქალბატონს კორონავირუსმა ძალიან გაურთულა ცხოვრება. უკვე რამდენიმე თვეა ვერც "მადლიერების სახლში" მიდის თავისი წილი საკვების მისაღებად და ვერც მეგობრებს ნახულობს.

ნანა 85 წლის


"პენსიას, ბოლო დროს, სულ წამლებში ვახარჯავ. სახსრებმა შემომიტია. საჭმლის ფული აღარ მაქვს და ამიტომ სახლიდან გავყიდე ნივთები. ძველი ჭურჭელი, ხალიჩები, ჯამები. ტელევიზორის ყიდვასაც ვფიქრობდი, ადამიანის ხმას გავიგონებ მეთქი, მაგრამ ამდენი ფული ვერ შევაგროვე. ახლა მითხრეს, თურმე შემიძლია განცხადება დავწერო და "მადლიერების სახლიდან" საჭმელს ბინაზე მომიტანენ. ასეც მოვიქცევი."

სათნოების სახლებისა და უფასო სასადილოების სახით, სახელმწიფო უკიდურესად გაჭირვებული პენსიონერების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. თუმცა, ესეც არასაკმარისია.

ქუთაისის ,,მადლიერების სახლის" უფასო კვების პროგრამაში 800 ბენეფიციარია ჩართული. თუმცა, ამ ციფრებს მიღმა არაერთი ხანდაზმული რჩება. ეს პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება და წლიური ბიუჯეტი 726 400 ლარს შეადგენს.

უფასო სასადილოს ტიპური დღიური მენიუს შემადგენლობაში მონაცვლეობით არის პური, კატლეტი, თევზი, ბარდის წვნიანი, კისელი, ქათმის ბულიონი, წიწიბურა, აჯაფსანდალი, კვერცხი, კომპოტი, ხარჩო, ბრინჯის ფაფა, მაკარონის წვნიანი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის ბიუჯეტში, უფასო სასადილოს გარდა, მარტოხელა მოხუცების დახმარების სხვა პროგრამა გათვალისწინებული არ არის.

ქუთაისში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები ყოველთვიურად 40-50 ლარს იღებენ. ამისთვის ბენეფიციარმა ორი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს: რეგისტრირებული იყოს ქუთაისში და ოჯახის სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს 65 000.

იმერეთის სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში სულ 2 467 ბენეფიციარია რეგისტრირებული.

"65 000 ქულაზე ნაკლები ვისაც აქვს, სრულწლოვან მარტოხელას 30 ლარი ენიშნება, თუკი სარეიტინგო ქულა 57 000-ზე ნაკლებია 40 ლარი, თანხას ბენეფიციარები ყოველთვიურად იღებენ", - ამბობს სოციალური მომსახურების იმერეთის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე.

სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებზე, რომლებიც ნებით ან იძულებით პანსიონატში ხვდებიან, სოციალური მომსახურების სააგენტო აღარ ზრუნავს.

"პანსიონატში მოხვედრის შემდეგ, თუ ბენეფიციარს ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი, ეხსენება, რადგან მასზე უკვე სახელმწიფო ზრუნავს."

სახელმწიფოს ზრუნვის შედეგი, მოხუცების მიერ ,,ქუთაისიპოსტისთვის" დაწერილი სურვილებით თუ ვიმსჯელებთ, ასეთია: მათ ენატრებათ ტკბილეული, ყავა, თბილი საჭმელი, ოთახის ფეხსაცმელი, ხალათი ...

ხანდაზმულთა სურვილები


მაღლაკის პანსიონატში წარსულს ხშირად იხსენებენ. მეტიც. იქ წარსულით ცხოვრობენ.

სახლი, სითბო, ირგვლივ შვილები და შვილიშვილები - ასე წარმოედგინა სიბერე 67 წლის ავთოს. სხვანაირი გამოუვიდა, სახლიდან შორს.

,,როცა ავად გავხდი, ცოლ-შვილმა მიმატოვა. არავინ მყავდა, არაფერი მქონდა და ვაგონს შევაფარე თავი. იქ ვცხოვრობდი კარგახანს. თავშესაფარზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. ერთმა კეთილმა ადამიანმა მიპოვა და იმან წამიყვანა პანსიონატში."

პანსიონატმა ავთოს ცხოვრებაში ადამიანები დააბრუნა, ყურადღებასთან და მზრუნველობასთან ერთად. მასთან მიდიოდნენ ექიმები, მომვლელები, მასაჟისტები. სარეაბილიტაციო კურსი შედეგიანი იყო და მალე ავთოც გადადგამდა ნაბიჯს, რომ არა კორონავირუსი.

,,ვიცოდი, გოგონებს (მომვლელებს) ჩემი გამოჯანმრთელებით საქმეს შევუმსუბუქებდი. ახლა, ამ ვირუსის გამო, ვეღარ მოდიან ექიმები. ვიცი, ასე ჯობია ჩემთვისაც და მათთვისაც, მაგრამ ერთს ვფიქრობ, ფეხის პროთეზი რომ მქონდეს, არ შევაწუხებდი არავის, ჩემით ვივლიდი".

ავთო 67 წლის


არაერთი აქტივობა გააუქმა პანდემიამ ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარშიც. მაგალითად, ლექსის კითხვის საღამოები, შეჯიბრებები, კონცერტები ის, რაც მათ ახალისებდა.

ნინა თავშესაფრის კორონამდელ პერიოდს ნოსტალგიით იხსენებს. მაშინ ხანდაზმულები დერეფნებში იკრიბებოდნენ, ჰყვებოდნენ ათასჯერ მოყოლილ ისტორიებს და მზად იყვნენ, ათასმეერთედაც მოესმინათ. ახლა ადამიანები ენატრება.

,,ბენეფიციართა შორის მომღერლებია, მსახიობები. სპექტაკლებს ვდგამდით, გამოფენას ვაწყობდით. ახლა, ამ პანდემიის დროს ერთმანეთსაც ვეღარ ვხედავთ. მაქსიმალურად ვიცავთ წესებს".

თავშესაფარში COVID-19 მაინც გავრცელდა. დიდი შიშისა და სტრესის მიუხედავად, ვირუსისიგან ყველა გამოჯანმრთელდა. თავშესაფრის 15 ინფიცირებულთაგან, უხუცესი 102 წლის გალინაა. ამბობს, რომ ვირუსს ოპტიმიზმით გაუმკლავდა.

გალინა 102 წლის


ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე "მადლიერების სახლის" ერთ ნათელ ოთახში მოწყობილი ე.წ. მოხუცთა კლუბიც ცარიელია. წელიწადზე მეტია იქ აღარ შეკრებილან მეგობრები.

ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის მენეჯერი, ლამარა გოგსაძე ამბობს, რომ კორონავირუსმა მოხუცთა კლუბსაც წაართვა სუნი და გემო.

,,220 ბენეფიციარი გვყავს. ისინი კლუბში მოდიოდნენ, ჰყვებოდნენ მათ ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე, ბედნიერებაზე, გასაჭირზე, წარსულზე და მომავალზეც. დიდი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს. ბოლოს თებერვალში შევიკრიბეთ. ტელეფონით ვურეკავთ ერთმანეთს, ვკითხულობთ ვინ როგორაა, სხვა კონტაქტი არ გვაქვს."

ქუთაისის ხანდაზმულთა ცენტრის ბენეფიციარები

საქართველოში, უკიდურეს სიღარიბეში 41 000 მარტოხელა პენსიონერი ცხოვრობს. მათი მძიმე საცხოვრებელი პირობების შემსუბუქებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ცდილობენ, თუმცა ეს სერვისები გაჭირვებაში მყოფთა მხოლოდ 10% - ს წვდება.



გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა, ღარიბ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 4 100-მდე მარტოხელა ხანდაზმული უზრუნველყო საკვები პროდუქტით და ჰიგიენური საშუალებებით.

,,COVID-19-ის პანდემიის დროს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, UNFPA-თან თანამშრომლობით შეძლო ქვეყნის შვიდ მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთათვის, როგორც ჰიგიენური და სასურსათო ამანათების დარიგება, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების და რჩევების გაზიარება", - ამბობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ალოლაძე.

ვერც არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის და ვერც ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში ვერ მოხვდა სპორტის დამსახურებული ოსტატი სულიკო ნიქაბაძე. მხედველობის არეალიდან ,,გამქრალი" უსინათლო საპატიო მოქალაქე ფიქრობს, რომ მას, კორონავირუსზე საშიში მტერი ჰყავს.

"ხანდახან ბევრს ვფიქრობ იმაზე, რა წარმატებული იყო ახალგაზრდობა და რა წარუმატებელია ჩემი სიბერე."


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.