მულტიმედია
კოპირებული და ერთმანეთისთვის „წართმეული“ პროგრამა - პარტიების შეთავაზება ქუთაისს
FaceBook
საპარლამენტო არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოპოვებას 66 პოლიტიკური პარტია ცდილობს. ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ 9 პარტიას ჰყავს წარმოდგენილი, შესაბამისად, მხოლოდ ამდენი პარტია იბრძვის ქუთაისის სახელით პარლამენტში მოსახვედრად.

"ალეკო ელისაშვილი- მოქალაქეები", "ლელო - საქართველოსთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ქართული ოცნება", "ფესვები", "თავისუფალი საქართველო" , "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - საარჩევნო სუბიექტები უკვე შეუდგნენ ქუთაისელი ამომრჩევლებისთვის მათი არჩევის შემთვევაში ქალაქის მომავლის ნათელ ფერებში დახატვას.

უფრო კონკრეტულად, ვინ, რითი ცდილობს ქუთაისელი ამომრჩევლის გულის მოგებას და პარლამენტში მოხვედრას ამის გარკვევას ქუთაისიპოსტი შეეცადა.


კოპირებული, ზოგადი, ერთმანეთისთვის "წართმეული" და მოსახლეობის საჭიროებას აცდენილი ხედვები - ძირითადად ასეთია ქუთაისში პოლიტიკური პარტიების მთავარი გზავნილები ქალაქისა და ამომრჩევლების მიმართ.

მაგალითად, განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდების დაინტერესება და დაბრუნება საკუთარ ქალაქში, რისთვისაც "ოცნების" გუნდმა ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა 2016 წელს დაანონსა. სწორედ, ეს იყო მთავარი გზავნილი ქუთაისელი ამომრჩევლების მიმართ 4 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებზე. მაშინდელი დაპირების მიხედვით, სასწავლებელს სტუდენტთა პირველი ნაკადი გასულ წელს უნდა მიეღო. თუმცა, საერთაშორისო უნივესიტეტმა ნაკადის მიღება მხოლოდ წელს შეძლო. ისიც შეზღუდულად, ათასობით სტუდენტის ნაცვლად მხოლოდ 246 სტუდენტი მიიღო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც "ოცნებას" ჩანს ბევრი არ უფიქრია და იგივე დაპირებით წარსდგა ამომრჩევლის წინაშე.




ამის გარდა "ოცნების" გზავნილი ქვეყნის თუ ქალაქების სწრაფი განვითარება, ქუთაისის აეროპორტის განვითარება, ფრენების განხოციელება და გელათის აკადემიის ქუთაისის მემკვიდერედ "გადაქცევაა".

რატომ ხდება პროგრამების გამეორება ოთხი წლის შემდეგაც, ეს ნიშნავს თუ არა, რომ   ამ შემთხვევაში ქუთაისი, ისევ იქ არის, სადაც 2016 წელს იყო და მის შემდეგაც არაც არაფერი შეცვლილა?
"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს ასეთი პასუხი აქვს:

"პროექტების განხორციელებას სჭირდება დრო, 3-4 წელიწადი არ არის საკმარისი დიდი პროექტების განსახორციელებლად. როგორ გგონიათ, გელათის აკადემია დავით აღმაშენებელმა ერთ წელიწადში ააშენა ? ეჭვი მეპარება".

ანალოგიურად დაკოპირებული სერვისებს სთავაზობს ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობაც". პარტიის მთავარი დაპირება პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას უკავშირდება. "ნაციონალები" აცხადებენ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისი დაიბრუნებს საპარლამენტო ფუნქციას და ქუთაისის ევროპულ ქალაქად გარდაიქმნება. ეს მაშინ როცა, 2016 წელს, ჯერ კიდევ პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა და მიღებული მანდატების მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტში დატოვება ვერ უზრუნველყვეს. დაპირების შეუსრულებლობაში "ბრალს"  პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იმ 21 ყოფილ თანაგუნდელს აკისრებს, რომლებმაც 2016 წლის დეკემბერში პარტია დატოვეს.

"მათ 21 მანდატი წაიღეს და "ნაციონალებს" დარჩათ მხოლო 7, ამის ფონზე შეუძლებელი იყო იმ დაპირებების შესრულება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მე 2016 წელს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არანაირ აქციაში, მით უმეტეს საარჩევნო აქტივობაში მონაწილეობა არ მიმიღია", - ასეთია გრიგოლ ვაშაძის "არგუმენტი".


პარტია არც იმ საკითხებს მიიჩნევს უხერხულად, რომელიც მას და "ევროპულ საქართველოს" საარჩევნო პროგრამას იდენტურს ხდის. ასე მაგალითად, ქალაქის დეცენტრალიაცია და ქუთაისისთვის ცალკე კანონის მიღება. ეს არის ის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი თემა, რომლითაც "ევროპელები" ადგილობრივი ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობენ. თუმცა, სწორედ ეს კანონპროექტი დაარეგისტრეს რამდენიმე კვირის წინ "ნაციონალებმა" პარლამენტში.

"არ მაინტერებს "ევროპული საქართველოს" საარჩევნო პროგრამა, ის კანონპროექტი დაარეგისტრირა "ნაციოანლებმა", ასე რომ ზოგი ლაპარაკობს, ზოგი კიდევ საქმით არის დაკავებული".

ავიაკომპანია "რაინიარის" შემოყვანა, სატვირთო ტემინალის გახსნა, რომელიც ეხება თვითმმართველობის როლის გაძლიერებას, ასევე, გადასახდების შემცირება და ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებას - ასეთია მთავარი დაპირება "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მიმართ.


ყოფილ თანაგუნდელებთან მსგავსება თუნდაც საარჩევნო საკითხებში დიდად არ მოსწონს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს და ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატს ოთარ კახიძეს.

"მთავარი განსხვავება არის ის, რომ ჩვენ არასოდეს ვპირდებით ისეთ რამეს რასაც ვერ შევასრულებთ. "ნაციონალები" არიან არათანმიმდევრულები თავიანთ განცხადებაში. ვინ ჩამოვა და ვის გაუშვებენ ეგ არ არის საინტერესო ამომრჩევლისთვის. ჩვენ ვართ ორიენტირებული საქმეზე, რომელიც ვიცით და ამას აუცილებლად გავაგებინებთ ქუთაისსაც. ამ ქალაქზე ჩვენ დიდი ამაგი გვაქვს, სწორედ ჩვენი ერთ-ერთი ლიდერის ინიციატივა იყო ამ ქალაქში პარლამენეტის გადმოსვლა", - განმარტავს ოთარ კახიძე.

"ნაციონალები" და ევროპელები" არ არიან ერთადერთი პარტია, რომლებსაც მსგავსება აქვთ პროგრამების. მევახშეობის აკრძალვა - ამ ინიციატივით გამოდის"  "თავისუფალი საქართველოც" და "ლელოც". თუმცა,  ეს უკანასკნელი პარტია სხვებთან შედარებით, მეტად გულმოდგინეთ და მოსახლოების საჭიროებას მორგებულად აქვთ შედგენილი საარჩევნო შეთავაზებები. შესაძლოა, იმიტომ რომ ამ პროცესებში პირველ ნაბიჯებს დგამს. 

ქუთაისისთვის ერთ-ერთი პირველი პრობლემა უმეთვალყურეო ცხოველების იზოლაციაა, რაც "ლელოს" პროგრამაში არის ასახული.

პარტია მანდატის მიღების შემთხვევაში ქუთაისისთვის ღიმილის დაბრუნების პირობას დებს. ეს კი, პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, ქალაქის ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროში მსოფლიო რუქაზე დაბრუნებით და ქალაქისთვის არაერთი ფუნქციის მიცემით გეგმავს.

"ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისი დაუბრუნდება პოლიტიკურ , ეკონომიკურ და კულტურულ ავანგარდს. ეს კი ხდება იმ პროექტებით, რომლითაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი".


"თავისუფალ საქართველოს", "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი", "საქართველოს პატრიოტთა ალიანს" , "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" სხვვა პარტიებთან შედარებით მოკრძალებული პროგრამა აქვთ, მაგალითად, კუკავას პარტია თვლის, ისევე როგორც მთელ საქართველოში ქუთაისშიც შესაძლებელია ადგილობრივო საწარმოების ამუშავება, "პატრიოტები" ამბობენ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ადამიანი იქნება წინ წამოწეული, რაც სოციალური პროექტების განხოციელებაში  გამოხატავს.

"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ კენჭაძე თვლის, რომ აუცილებელია ქალაქში აგროტურიზმის ამუშავება. პარტიაში ასევე მიიჩნევენ, რომ მთავარია მოხდეს დეცენტრალზიაცია და ამ მიმართულებით ქუთაისმა თავისი სიტყვა თქვას სახელმწიფოს მასშტაბით.

ასევე, დეცენტრალიზაციის მომხრეა "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიც", პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი თორნიკე მარჯანიშვილი ამბობს, რომ ქუთაისი საფესტივალო ქალაქიც უნდა იყოს. ერთადერთი პარტია, რომელიც დაპირებებს არ გასცემს და გამარჯვების შემთხვევაში გზადაგზა გეგმავს პრობლემების მოგვარებას "ქართული ფესვებია".

"რა საჭიროა დაპირების გაცემა, განა არ ვიცით რა სჭირდება ქუთაისს და ხალხს?!", - ამბობს "ფესვების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კაბდიდატი ნათია ჯიმშელეიშვილი. 


რა სურს ამომრჩევლებს - საჭიროებები და მოლოდინები

ქუთაისში, სულხან საბას ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ადგილობრივები ხუთი წელია ითხოვენ.
"წინა არჩევნებზეც მოვიდნენ და დაგვპირდნენ მის მოწესრიგებას და ალბათ, ახლაც იგივე დაპირება ექნებათ. ფაქტია არაფერი კეთდება", - ამბობს ადგილობრივი.




ანალოგიურად წლებია მოედნის მოწესრიგებას ითხოვენ ავტოქარხანაშიც.

რკინის ბადე, რომლითაც სტადიონია შემოკავებული განადგურებულია, რის გამოც ბავშვები უსაფრთხოდ ვეღარ თამაშობენ.

"როგორც ჩვენ ვახსოვართ ხელისუფლებას ისე გაგვახსენდება 31 ოქტომბერს ჩვენც. რა გახდა ამ სტადიონის მოწესრიგება, განა რამე განსაკუთრებულს ვითხოვთ?!", - ამბობს ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა #2-ში მცხოვრები იზა ხუხია.



კანალიზიაცია, 24 საათიანი წყალმომარაგება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ე.წ. გრაფიკის მოწესრიგება, დასაქმება, ქალაქის სტატუსი, დეცენტრალიზაცია, მარტოხელა დედების ხელშეწყობა, ქუჩაში მომრავლებული უმეთვალყურეო ძაღლები, გახშირებული ავარიები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის მოგვარებას ქუთაისში წლებია ითხოვენ.

ამომრჩევლები ამბობენ, რომ ხელისუფლებას თუ ოპოზიაციას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ.

"არჩევნების წინ უყვარდება ყველას ქუთაისი რატომღაც, მანადე თითქოს არც ვარსებობთ".

ამომრჩევლები, ამბობენ, რომ განსაკუთრებული მოლოდნები არა აქვთ. ამბობენ, რომ ყოველი არჩევნების წინ თითქმის ერთიდაიგივე დაპირებას ისმენენ, რაც მათი თქმით, დამღლელი, შეურაცხმყოფელი და მოსაწყენიცაა.



რა უნდა გააკეთოს მაჟორიტარმა დეპუტატმა


ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენატრების უფლება/მოვალეობა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით არის გაწერილი.

დოკუმენტში წერია, რომ მაჟორიტარული და თუ პროპორციული სიით წარმოდგენილ პარლამენტის წევრებს ერთნაირი ვალდებულებები აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული პარლამენტარი ვალდებულია თავისი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და ამაში არ არის აუცილებელი იგი კონკრეტულ ოლქში იქნას არჩეული.

"პარლამენტარი არა მხოლოდ იმ ამომრჩეველთა წარმომადგენლად ითვლება, რომლებმაც იგი აირჩიეს შესაბამის ოლქში, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის წარმომადგენლად; ამიტომ ყველა პარლამენტის წევრს, მიუხედავად იმისა, მაჟორიტარული წესითაა არჩეული თუ პროპორციულით, ერთნაირი უფლებები და მოვალეობები აქვს", - ვკითხულობთ რეგლემანტში.

პარალამენტარის ვალდებულებაა - შეხვდეს მოქალაქეებს და მოისმინოს მათი საჭირობები, პრობლემური საკითხები დააყენოს პარლამენტში, დაიცვას მოქალაქეების ინეტერესები და საჭიროების შემთხვევაში თვითმმართველ ორგანოებთანაც ითანამშლოს და მიიღოს მათგან კონკრეტული ინფორმაცია.

ასევე, პარლამენტის წევრი, გნებავთ, მაჟორიტარი დეპუტატი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მოქალაქეებს ჩააბაროს მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში. ერთ-ერთი უპირველესი ვალდებულება კი, საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობაა.

შესაბამისად, პარლამენტის წევრი არ არის უფლებამოსილი (ამ შემთხვევაში ქუთაისში) გზები დააგოს, კანალიზაცია მოაწესრიგოს თუ სკვერები მოაწყოს.

მსგავსი დაპირება ამა თუ იმ პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ ამომრჩევლებზე არის მოტყუება და ცრუ დაპირებაში ხმების მიღების მცდელობა.

პარლამენტის წევრი თავისი უფლებამოვალეოებების შესრულების სანაცვლოდ, ოთხი წლის განმავლობაში, თვეში საშუალოდ 4 624 ლარს იღებს. პარლამენტარის სახელფასო ანაზღუარება საკანონმდებლო ორგანოში დაკავებული თანმადებობის მიხედვით (პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ა.შ.) განისაზვრება.


###

2020 წლის ააპარლამენტო არჩევნების 31 ოქტომბერს ჩატარდება, სწორედ, მასინ გაირკვევა თუ რომელმა პარტიამ შეძლო ამომრჩევლის დარწმუენებას და ქუთაისის სახელით პარლამენტში შესვლა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.