მულტიმედია
ედოს თავისუფლება იზოლაციაში
FaceBook
როცა ღამდებოდა და დღის სინათლეს დიდი ქალაქის ჩირაღდნები ცვლიდა, მოყვარული ფოტოგრაფი ედო არძენაძე მაშინ გამოდიოდა ქუჩების გადასაღებად.

ღამის ქალაქი თავს სხვანაირად აცნობდა და მშობლიური უბნები ახალი აღმოჩენების ადგილად იქცეოდა. ღამის ფოტოგრაფიით გატაცებული ედო არძენაძე ამ სინამდვილის დაჭერას კამერით ცდილობდა, მაგრამ ეს იქამდე, ვიდრე სამყარო შეიცვლებოდა.

ედოს ღამის ქალაქთან კამერით ურთიერთობა მოულოდნელად შეწყდა. მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გახდა, რამაც 9 საათის შემდეგ სახლში დარჩენის ვალდებულება გააჩინა.

ღამის გადაღებები გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა, ამ ჩაკეტვამ ედოსთვის ახალი კარი გახსნა.

"მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საღამოს ცხრის მერე გარეთ გასვლა აგვეკრძალა, ჩემს არქივს თვალი შევავლე და ძველი ფოტოები ამოვქექე, ბევრი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე ჩემი გადაღებული ღამის ფოტოებისთვის ახალი სიცოცხლე შემეძინა და სიურრეალისტური კოლაჟის შექმნა მომივიდა აზრად".

ფოტოგრაფმა ძველი ფოტოები ახალ რეალობაში სხვაგვარად დაინახა.
ძველი მასალის გადამუშავებით და მათთვის ახალი ფორმის მიცემით სრულიად განსხვავებული ახალი არტპროდუქტი მიიღო.



ედო ბოლო ხუთი წელია სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობს სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

მის პროფესიას კარგად ერითმება ორი გატაცება: ღამის ფოტოგრაფია და გრაფიკული დიზაინი. გატაცებები, რომლებიც იზოლაციაში ყოფნისას მთავარ საქმედ იქცნენ. პანდემიამ მართალია პლანეტა გააჩერა, მაგრამ გააცოცხლა მუზები.

იზოლაციამ, თითქოს, ედოს შემოქმედებითი ენერგია გამოათავისუფლა და სიურრეალისტურ ფოტოსერიად მატერიალიზდა.

"კარანტინის გარეშე, ალბათ, გავაგრძელებდი ღამის ფოტოების გადაღებას და ნაკლებად მომივიდოდა აზრად სიურრეალიზმი ამერჩია, როგორც მიმართულება".



ფოტომ სინამდვილე უნდა ასახოს. ეს თუ ასეა, მაშინ, როცა სინამდვილე სულ უფრო ესგავსება სიზმარს და ფანტასტიკას, ფოტოგრაფს ისღა რჩება, ფოტოც ამ სინამდვილის ადეკვატურად აქციოს და "სიზმრების ხელოვნებას" ანუ სიურრეალიზმს მოარგოს.

პანდემიურ გარემოში სიურრეალისტური ფოტოები ბუნებრივად ჩაეწერა.

ედოს ფოტოკოლაჟებმა, შეიძლება იმაზე ზუსტად აღწერეს სამყაროს პანდემიური განწყობა, ვიდრე კარანტინის დროს, მსოფლიოს ქალაქების ადამიანებისგან დაცლილი ქუჩების, ბაზრებისა და  პარკების ამსახველმა ფოტოსერიებმა.

"კოლაჟი ერთგვარი ანარეკლია იმდროინდელი სიტუაციის - რამდენიმე თვის განმავლობაში მთელ სამყაროს, ფაქტობრივად, სიურრეალისტურ გარემოში მოუწია ცხოვრება, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნებსა და ფილმებში თუ შევხვედრივართ. ერთ ნამუშევარს მეორე მიჰყვა და რამდენიმე დღეში სერიაც შეიქმნა."

პანდემიამდე ედო არძენაძის შემოქმედებითი მოკავშირე ღამე იყო. ღამე, რომელიც ცვლიდა ქალაქს, გარეუბნის მძიმე ბეტონების გროვას ნეონების შუქით არბილებდა და ფოტოგრაფს "უცნობ" ქალაქს "ახვედრებდა".


მოულოდნელად შეცვლილ რეალობაში ედოს სხვა მოკავშირეც შეემატა – ჩაკეტილობა, რამაც ბიძგი მისცა ყველა ნაცნობი დეტალი თავიდან გაეცნო და ხედი საკუთარი ფანჯრიდან ახალი აღმოჩენების ადგილად ექცია.

"იზოლაციაში ყოფნისას, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ არ გავდიოდი და შესაბამისად, შემოქმედებითი არეალი გაცილებით უფრო შეზღუდული მქონდა, სახლში დავიწყე ინტერიერის კონკრეტული დეტალებისა და აივანზე მოპირდაპირე კორპუსების ელვის შუქზე გადაღება."



ინსპირაციის წყაროს პოვნა ყველა სივრცეში შეიძლება. მათ შორის იზოლაციაში. ედო არძენაძის ფოტოებს თავისი შთაგონების წყარო ჰყავს. იქნება ეს მუსიკა თუ საყვარელი რეჟისორების ფილმები.

კინემატოგრაფისტების - ქშიშტოფ კიშლოვსკის, ვონგ კარ ვაის, თუ რიდლი სკოტის ფილმებიდან და მუსიკიდან წამოსული ემოცია ედოს ფოტოებში ასე კონვერტირდება.

კომპოზიციამ ჰე შტროკეს - he Strokes - Ode to the mets ეს ფოტო დაბადა
Thom Yorke-ის Unmade-მა კი -  ეს ფოტო
"ჩემი ინსპირაციის ძირითადი წყარო მუსიკა და კინემატოგრაფიაა. ინსტაგრამზე თითოეული ფოტოს ატვირთვისას ყოველთვის ვაწერ იმ ტრეკს, რომელსაც ფოტოს გადაღებისას ან დამუშავებისას ვუსმენდი. ვფიქრობ, ასე უკეთ გადმოიცემა ის განწყობა, რაც კონკრეტული ნამუშევრისგან უნდა მოდიოდეს. გადაღების დროს კი, ვცდილობ, ფოტოები ჩემი საყვარელი რეჟისორების ფილმებში ნანახ კადრებსა და ეპიზოდების თემატიკებს მივუახლოვო.“
ედო არძენაძე მომავალში გამოფენის მოწყობაზეც ფიქრობს, სადაც მისი პანდემიამდელი თუ პანდემიის პერიოდის ყველა  ნამუშევარი მოიყრის თავს.

მოეწყობა ედოს გამოფენა, რომელიც
აჩვენებს, რომ შემოქმედებითი ენერგია არ იკარგება კარანტინის დროსაც. ყველაზე იზოლირებულ გარემოში, როდესაც პლანეტაც წყვეტს მოძრაობას და იკეტება, ადამიანი შეიძლება დარჩეს შემოქმედებითად აქტიური და თავისუფალი.


"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX
-ის მიერ
განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.