მულტიმედია
ქუთაისელი გოგონების ლელო (ვიდეო/ფოტო)
FaceBook

,,აია ვაშა, აია ვაშა, ვაშა, ვაშა, ვაშა“ შესძახებენ წრეში ხელგადახვეული წუპაკა, ლეჟო, კაპიტან ამერიკა თანაგუნდელებთან ერთად და შეუვარდებიან წელში მოწინააღმდეგეს.


შერკინება, შებოჭვა, სირბილი და გვირგვინად - ლელოს დადება ის არის, რასაც ტრიბუნებიდან ვგულშემატკივრობთ. მებრძოლი სულიც ჩანს და გამარჯვების სულისკვეთებაც. აი, ტრავმა, ტკივილი, სხეულის ჩალურჯებული ნაწილები კი შორიდან არ ჩანს. მაგრამ მათ ამის ატანა უწევთ. არ ნებდებიან, არ ჩერდებიან, გზიდან ყველას იშორებენ და ვითომ „სუსტებს“ ლელო გააქვთ.

„წუპაკა“,  ,,ლეჟო“, „კაპიტან ამერიკა“ და სხვა გოგონები მეტსახელებით ქუთაისის „აიას“ მორაგბეები არიან. ზედმეტსახელები  ერთმანეთს გვარების, ხასიათის, თუ განსხვავებული თამაშის სტილის მიხედვით შეურჩიეს.

მორაგბე გოგონები თამაშის დროს

სულ  ოცდახუთნი არიან.   სტერეოტიპი, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ქალს არ წყალობდა,  წარსულს მიაბარეს. ახლა რაგბი მათი თამაშია.

,,დიახ, ძალისმიერი სპორტია და ჩვენ ვართ ძლიერები. ნაზებიც, ოღონდ ეს  მოედნის მიღმა“.

დიანა ბაბუნაშვილმა, გოგონამ გრძელი თმითა და შეუპოვარი გამოხედვით, რაგბში საკუთარი თავი იპოვა. როცა იწყებდა, მზად იყო ტკივილისთვისაც და ტრავმისთვის, იცოდა, რომ რაგბი კიდევ უფრო გააძლიერებდა. 17 წლის არის უახლოეს მომავალს რაგბის მოედანზე ხედავს.

მორაგბე დიანა ბაბუნაშვილი

ერთმანეთის გატანა, გვერდში დგომა, ერთმანეთის მოქმედების ამოცნობა, დახმარება, გუნდურობა, - რაგბმა გოგონებს მნიშვნელოვანი თვისებები შესძინა. ლეჟო, იგივე ანა ლეჟავა მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტია. გუნდში „უხუცესი“ ფიქრობს, რომ მიზნისკენ სწრაფვა და დაბრკოლებების გადალახვა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა.

,,ბურთს ერთმანეთს ხელით, ფეხით ვაწოდებთ. როცა მოწინააღმდეგე მოდის, შენ მირბიხარ. უნდა გახსოვდეს, რომ მასაც შენსავით გამარჯვების ძლიერი სურვილი ამოძრავებს. აი, სადაცაა დაგეწევა, ამიტომ შენც  უფრო სწრაფად ცდილობ. ზოგჯერ არც გჯერა ისე იმარჯვებ. ლელო თუ დადე, ეს ენით გამოუთქმელი სიხარულია“.


მორაგბე ანა ლეჟავა

ამ სიხარულს წინ უძღვის კვირაში სამჯერ, ორ-ორ საათის განმავლობაში დაუზოგავი ვარჯიში. „დაბლოკე“, „შებოჭე“, „გადააწოდე“, – სასტვენის ხმასთან ერთად ისმის მწვრთნელის მითითებები მოედანზე. გოგონებიც ტიხონ ხახალეიშვილის ინსტრუქციებს ემორჩილებიან და წლიდან წლამდე უკეთესად თამაშობენ. ტიხონი თავიდან ოთხ გოგონას ავარჯიშებდა. მერე რაგბით დაინტერესებულთა რაოდენობა გაიზარდა და 2017 წელს კლუბი „აია“ დაიბადა.

„თამაშებს რაგბის კავშირი გვიფინანსებს. ფორმებითა და საჭირო ნივთებით გვამარაგებს. ასევე ძალიან გვეხმარება საკრებულო, რისთვისაც  გუნდის პრეზიდენტის, მაია სიმონიძის მადლიერები ვართ“.

გოგონები მეცადინეობაზე მწვრთენლთან ერთად

ტიხონ ხალალეიშვილმა მორაგბე გოგონათა გუნდის შექმნა 2009 წელსაც სცადა. გოგონას მამას და ბიჭების მწვრთნელს, უნდოდა ეჩვენებინა, რომ რაგბი ქალების თამაშიც არის.  მაშინ არ გამოუვიდა, მორაგბეები დაიფანტნენ. მაინც არ დანებდა. თამაში შვილს ასწავლა და „აია“ შექმნა. ამჯერად, გუნდი სიცოცხლიუნარიანი და წარმატებული აღმოჩნდა. გოგონები ბათუმში, ქვიშის რაგბის ჩემპიონები გახდნენ და უკვე ორი წელია  ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობენ. ახლა მორიგი ევროპული შერკინებისთვის ემზადებიან, პოლონეთში. თუმცა ყველაზე ემოციურად ანა ლეჟავა ბიჭებთან გამართულ მატჩს იხსენებენ.

,,ორი წლის წინ მოვუგეთ ბიჭებს. ეს ძალიან სამახსოვრო იყო. არ ვიცი, შეიძლება დაგვეხმარნენ კიდეც იმაში, რომ გაგვემარჯვა.  ჩვენ კი ბედნიერები ვიყავით. საერთოდ, როცა ჩვენი გუნდი ჩამოყალიბებას იწყებდა, მხოლოდ რამდენიმე გოგო ვიყავით. თავიდან მორაგბე ბიჭები გაოცებული გვიყურებდნენ. შემდეგ კი ვარჯიშში  გვეხმარებოდნენ. გვგულშემატკივრობდნენ, გვასწავლიდნენ და რჩევებს გვაძლევდნენ“.


გოგონები თამაშის დროს

ქუთაისის ქალთა კლუბ ,,აიას“  ყველაზე უმცროსი წევრი ცხრა წლისაა. რაგბი მამის ფავორიტი სპორტის სახეობა ყოფილა და სათამაშოდაც თავად მიუყვანია. დედა, ლიკა ძოწენიძე  თავდაპირველად გოგონას მორაგბეობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამიტომ მამა–შვილი ვარჯიშზე მალულად დადიოდა.

,,ვერ  წარმომედგინა, გოგონას რაგბში თამაში. რატომღაც მეგონა  კუნთებს გაუჩენდა. ახლა ვხედავ, რომ ეს ცხოვრების ჯანრთელი წესისთვის ხელშეწყობაა. ერთგვარი გზა ფიზიკური  განვითარებისათვის. ჰოდა უკვე პირიქით, ვცდილობ ხელი შევუწყო. რაგბმა კიდევ უფრო გაამდიდრა სესილის ინტერესები. ის  სკოლაშიც კარგად სწავლობს და ცეკვაზეც დადის“. სესილი ახლა მონდომებით ვარჯიშობს  და ოცნებობს, ოდესმე ჩემპიონი გახდეს.



ქუთაისის ,,აია არენას“ სათამაშო მოედანზე  შეკრებილ უფროს და უმცროს მორაგბე გოგონებს რაგბის სიყვარული აერთიანებს. სხვა შემთხვევაში, წვიმიან თუ მზიან ამინდში ვარჯიშს ვერ შეძლებდნენ.  ვერც იმ წინააღმდეგობებს დაძლევდნენ, რაც მოედანზე ან მის გარეთ ხვდებათ. ამავე მიზეზით ადვილად იშუშებენ თამაშის დროს ან ვარჯიშისას მიღებულ ტრამვებს: დაჭიმულ კუნთებს, გაბზარულ ძვალს. გადატყავებული მუხლები და იდაყვები კი შეხორცებას ვერც კი ასწრებს.

წლის ინგა კაზაროვა წყალტუბოში ცხოვრობს.  სავარჯიშოდ ერთი ქალაქიდან მეორეში სიარული უწევს. ხშირად, ტრანსპორტის მოუწესრიგებელი გრაფიკი მისთვის ბარიერი ხდება, მაგრამ ამის გამო უარი ვარჯიშზე არასოდეს უთქვამს. არც იტყვის. რაგბი მისი ცხოვრების ნაწილია.

მორაგბე ინგა კაზაროვა

,,ზოგჯერ ვარჯიშს ადრე ვამთავრებ იმის გამო,  რომ „მარშუტს“ მივუსწრო, ბევრჯერ დამგვიანებია, წყალტუბომდე ფეხითაც მივსულვარ, თუმცა  ამ გზის გავლა მიღირს“.

რაგბით 12 წლის ასაკში დაინტერესდა. ერთ–ერთ თამაშს უყურა და საკუთარი თავის  მწვანე მინდორზე დაინახა.

,,თავიდან მამა იყო წინააღმდეგი, დამემდურა კიდეც. ბოლოს შეეგუა, როცა მიხვდა, რომ ეს ჩემი ურყევი არჩევანი და ნამდვილი ინტერესი იყო“.

ინგა კარგად ხატავს და მომავალში არქიტექტორობა სურს, თუმცა ის თვისებები, რაც რაგბმა შესძინა, ფიქრობს, რომ პროფესიაშიც გააძლიერებს. ახლა ერთი ოცნება აქვს, -თანაგუნდელების მსგავსად, საქართველოს ნაკრებში მოხვედრა და  ჩემპიონობა სურს. 



გოგონები რაგბში არსებულ პრობლემებზეც საუბრობენ. მათ მთავარი ბარიერი სპორტის ამ სახეობაში ქალთა ჩართულობის ნაკლები მხარდაჭერაა.

,,ქალთა რაგბი საქართველოში ნაკლებად პოპულარულია.  მეტი დაინტერესება რომ ჩადოს სახელმწიფომ და საზოგადოებაც უფრო  ნახულობდეს გოგონათა თამაშს, გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება. ისე, როგორც ევროპაშია, ამერიკაშია“ - ამბობს ანა ლეჟავა.

პრობლემების სხვა მხარეზე საუბროს გუნდის მწვრთნელი ტიხონ ხახალეიშვილი:

,,საქმე იმაშია რომ საქართველოში გოგონათა რაგბს არ ჰყავს საკმარისი გუნდი. სულ 9 გუნდია - თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, ფოთის, ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, თელავის. იმისთვის, რომ საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდეს, ქვეყანაში მინიმუმ 12 გუნდი უნდა არსებობდეს. შესაბამისად, გუნდების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ქალთა რაგბში საქართველოს ჩემპიონატი არ ჩატარებულა“.

ქალთა კლუბ ,,აიას“ მორაგბე გოგონები

რაგბზე შეყვარებული გოგოები მომავალსაც სპორტის ამ სახეობას უკავშირებენ. მათი სჯერა მწვრთნელსაც.

,,ძლიერი ბუნება აქვთ. ეს ეხმარებათ ბარიერების გადალახვაში. ყოველი ვარჯიში კიდევ უფრო მეტად ავითარებს მათ უნარებს და მე მჯერა რომ ქუთაისში ქალთა რაგბს მომავალი აქვს“.

გოგონები ქუთაისიდან, მინდორზე და მის გარეთ, სწორედ ამ ძლიერი ბუნების გამო დებენ ლელოს.


ანა ჯანაშია, ლანა კოკაია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.