ქართული „სტერილური“ ისტორიოგრაფია და სახელმძღვანელოები მუსლიმი მოღვაწეების გარეშე
FaceBook
"საქართველოს ისტორიაში ცნობილია 500 ბორჩალოელის თავგანწირვის ამბავი. 300 არაგველის მსგავსად, მათ კრწანისის ბრძოლაში სიცოცხლე დადეს მეფე ერეკლესა და საქართველოს ერთგულებისთვის.
ისინი ეთნიკურად ქართველები არ ყოფილან, საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ ისინი შეეწირნენ ქართულ საქმეს", – აღნიშნავს ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი.
ეს ფაქტი ისტორიიდან საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში არ იძებნება. 500 ბორჩალოელის ამბავი დაფარული რჩება. სახელმძღვანელოში ვერ წაიკითხავთ ვერც სხვა მუსლიმი ქართველებისა თუ ეთნიკურად არაქართველების დამსახურებების შესახებ.
საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები ინფორმაციას არ იძლევიან მირზა შაფზე, მირზა ფათალი ახუნდ-ზადეზე, რომელთაც მეცხრამეტე საუკუნის თბილისის კულტურულ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი მიუძღვით. სახელმძღვანელო არ აღნიშნავს ან ნაკლებად აღნიშნავს აკაკი ჩხენკელისა და "სამუსლიმანო საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის" საქმიანობის შესახებ, ნაკლებს მიუთითებს მათ ხელმძღვანელებზე – მემედ ბეგ აბაშიძეზე, ჰაიდარ აბაშიძეზე, ასევე, ჰუსეინ მამედოვსა და თავაზ-ყადირ გვარამაძეზე, ადამიანებზე, რომელთაც პროგრესული ევროპული კანონმდებლობის შექმნას შეუწყვეს ხელი 1919 წლის დამფუძნებელი კრების მუშაობისას. არ ყვება გულო აღა კაიკაციშვილის, ლომან ეფენდი ქარცივაძის, ისკენდერ ეფენდი თავართქილაძის როლსა და ღვაწლზე.
ქართველი მუსლიმებისა თუ საქართველოში მოღვაწე ეთნიკური არაქართველების დამსახურებების შესახებ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო დუმს, ან ფრაგმენტულ, არასრულ ინფორმაციას გვთავაზობს.
სამაგიეროდ აქტიურად გამოიყენება ტერმინი "გათურქება" (ისლამის მიღების აღსანიშნავად), "თათარი" (მუსლიმის მნიშვნელობით) და როგორც თავად ქართველი მუსლიმები მიუთითებენ "მტერი" – ისლამის აღსანიშნავად.
"ისლამი იყო მტერი, დამპყრობელი, ის ისტორიული რეალობა, რომელიც იმპერიებს ახასიათებდა, ფაქტობრივად თავმოყრილი იყო ისლამში, ისლამი იყო ამაში დამნაშავე და არა, ვთქვათ, ოსმალეთი, ირანი ", -აღნიშნავს ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ნეტგაზეტი-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
აღნიშნულ მიდგომებს, ტერმინების დამკვიდრებასა და მტრის ხატის განსაზღვრას "ბოლშევიკურ სტანდარტს" უწოდებს თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი ლევან ლორთქიფანიძე. ეს სტანდარტი ათეულობით წლები მუშაობდა საბჭოთა საქართველოში. თუმცა როგორც ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი განმარტავს, ეს "სტანდარტი" უფრო ადრე იღებს სათავეს, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ. მანამდე "ქართველი მტრად განიხილავდა ირანელს არა როგორც მუსლიმს, არამედ როგორც ქვეყნის მტერს, რომელიც მის თვითმყოფადობას ერჩოდა. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ უკვე განასხვავა მუსლიმი და არამუსლიმი ადამიანი. 30 ათასი მუსლიმი ქართველი გაანადგურა, 70 ათასი კი განდევნა საქართველოდან", – მიუთითებს სულხან კუპრაშვილი.
თუმცა "სტანდარტებთან" მიმართებაში მდგომარეობა დიდად არ შეცლილა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ . როგორც რიგი სპეციალისტები მიუთითებენ, ქართულ ისტორიოგრაფიაში ბოლშევიკური სტანდარტი ჩაანაცვლა ნაციონალისტურმა მიმდინარეობამ, რომლის მიზანს წარმოადგენს ეთნიკურად ქართველი და ძირითადად ქრისტიანი ისტორიული ფიგურების, მათი მონაწილეობით წარმართული ისტორიული მოვლენების წარმოჩენა.
"ამ მიმდინარეობის მომხრენი მიზნად ისახავენ ერთი ეთნოსის უნიკალურობისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის წარმოჩენას, ხანდახან გაზვიადებასაც კი", – განმარტავს ლევან ლორთქიფანიძე.
აღნიშნულ მიმართებას მხარს უჭერდა და აძლიერებდა საბჭოთა პერიოდის ქართული ისტორიული ფილმებიც. სადაც "მტერი" ისლამური სამყაროდან მოდიოდა. "ბავშვობიდან ჩამრჩა ფილმებში ასახული "მტერი", რომელსაც ჩალმა ეხურა, ნახევარმთვარის ფორმის ხმალი ეკავა და ისლამის მიმდევარი იყო. ისტორიული ფილმები გვარწმუნებდნენ, რომ სწორედ ისინი აოხრებდნენ საქართველოს", – ამბობს კინომცოდნე ლია ლომთაძე.
აღნიშნული ხატი როგორც ჩანს, არ დანგრეულა, ამ კუთხით მუშაობა არ წარმართულა საქართველოში. კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე ნაციონალისტურ-ბოლშევიკური სტერეოტიპების ამარა დარჩა. შესაძლებელია ესეც გახდა მიზეზი იმისა, რომ, როგორც ტარიელ ნაკაიძე აღნიშნავს: "მუსლიმი თემის მიმართ ნდობის საკითხი საკმაოდ სერიოზულად დგას ქვეყანაში".
ამ უნდობლობის განცდა ვერ გაანელა არქიტექტურაში განფენილმა ტოლერანტობამ. თბილისში ერთ მცირე სივრცეში მეჩეთის, სინაგოგისა და ეკლესიის ერთობა ქართული საზოგადოებისთვის არ აღმონდა საკმარისი "უცხოს" მისაღებად და ვერ იხსნა ისლამოფობიური თავდასხმებისგან ციხისძირის, სამთაწყაროს, წინწყაროს, ჭელას, ქობულეთის, მოხეს მუსლიმი მოსახლეობა. ამ ფაქტებმა ქართულ ტოლერანტობას მითის სტატუსი მიანიჭა ქართველი მუსლიმებისა და არა მარტო მათ თვალში.
"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ვართ ტოლერანტი ერი. ამისათვის შესანიშნავი მაგალითია ჩვენს დედაქალაქ თბილისში, ერთ უბანში გვერდი-გვერდ განთავსებული სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა სამლოცველოები. თუმცა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თანამედროვეობაში საპირისპირო რეალობაში ვართ", – აღნიშნავს ტარიელ ნაკაიძე.
ასეთი რეალობის არსებობის მიზეზად ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელს განათლების ნაკლებობა და სტერეოტიპებით გაჯერებული სახელმძღვანელოებიც მიაჩნია. "სამწუხაროა, რომ ჩვენ სასკოლო განათლების სახელმძღვანელოებს ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს. რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს განსხვავებულის გაუცხოებას. მის მიმართ რაღაც საბრძოლო განწყობის შექმნასა და შინაგანად ნეგატიურ თუ მოუწონარი დამოკიდებულებების მობილიზებას. სასკოლო სახელმძღვანელოებში სათანადოდ არ არის წარმოჩენილი მუსლიმი მეფეების ღვაწლის შესახებ საქართველოს მთლიანობისთვის. საერთოდ არაფერია ნათქვამი უფრო ახლო ისტორიის მე-19-20 საუკუნის ქართველ მუსლიმ საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს მთლიანობას", – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, მიდგომები უნდა შეიცვალოს, ქართულმა ისტორიოგრაფიამ არ უნდა გაცხრილოს და სტერილური სახით არ მიაწოდოს ისტორია მოზარდს, არ აქციოს სტერეოტიპი ეჭვშეუხრელ ჭეშმარიტებად. "(ისტორიის სახელმძღვანელოებში -რედ) დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი მიდგომაა ისლამისა და მუსლიმის მიმართ. ასეთი გამონათქვამები ბავშვობაშივე ადამიანს აყალიბებს ისლამისა და მუსლიმის მიმართ სტერეოტიპული განწყობითა და დამოკიდებულებებით. სამწუხაროდ, ბოლოს გვევლინება განრისხებულ და უაზრო ქმედებებში, რაც არაერთხელ დაფიქსირდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუსლიმების და ზოგადად განსხვავებულის მიმართ საქართველოში", – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.
განსხვავებულის მიღების ერთ-ერთ გზად თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტს, ლევან ლორთქიფანიძეს "მშვიდობის განათლების" (Pეაცე ედუცატიონ) პროგრამების ამოქმედება ესახება. ეს პროგრამები წარმატებით მუშაობს ევროპის ბევრ ქვეყანაში. მათ მთავარ მიზანს საზოგადოების შემადგენლობაში შემავალ სხვადასხვა ჯგუფს შორის არსებული საერთო საკითხების, ღირებულებების ხაზგასმა წარმოადგენს. ასევე "ჯგუფების თანამშრომლობის შედეგად მიღწეული ისტორიული შედეგების წარმოჩენა და კონფლიქტების მეორე პლანზე გადატანა. ამგვარი პროგრამებით სახელმწიფო ცდილობს საზოგადოების მრავალფეროვნების ხელშეწყობას, მისი დადებითი ასპექტების გაანალიზებას… ამგვარად, შესაძლებლობა მოგვეცემა მშვიდობის განათლების სტანდარტების ქართულ რეალობაში განხორციელებისა. აღნიშნული სტანდარტები კი ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უმთავრესი წინაპირობაა", – ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.
საზოგადოების მრავალფეროვნებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე აგებულ სტანდარტზე აპელირებს ტარიელ ნაკაიძეც.
"ამიტომ ვფიქრობ, ისტორიული მომენტებიდან გამომდინარე გარკვეული განსხვავებული ღირებულების მქონე, ადამიანების მიმართ ინფორმაცია სახელმძღვანელოებში დადებითად წარმოაჩენს ზოგადად ამა თუ იმ რელიგიას, რომელიც უმცირესობაშია დღეს საქართველოში. რაც ერთ-ერთი წინაპირობაა თანამდროვე საქართველოში ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებისა. რა თქმა უნდა, ამასთანავე აუცილებელია სამოქალაქო აქტივობა. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და გააზრება იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს ყოველგვარი რელიგიური იდეოლოგიისაგან დაცლილი. წინა საფეხური უნდა დაეთმოს მოქალაქეს, როგორც ინდივიდს და სრულუფლებიან წარმომადგენელს ამ ქვეყნისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ჩავრჩეთ შუა საუკუნეების წიაღში", – აღნიშნავს ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი.
ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.