ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საათის მონტაჟი მისი ტექნიკური სამუშაოების გამო გადაიდო
FaceBook
ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე ისტორიული საათი, რომლის რეაბილიტაციას McDonald's -ის რესტორების ქსელის მესაკუთრე კომპანია ახორციელებს, ივლისის ბოლოს უნდა დაედგათ. თუმცა,  საათი ამ დრომდე არ  დაუმონტაჟებიათ.  
თუ რატომ არ მოხდა ამ დროისთვის საათის მონტაჟი, კომპანიაში ამბობენ, რომ ამჟამად საათის ტექნიკურ მხარეზე სამუშაოები მიმდინარეობს.

„როგორც კი დასრულდება, საათი განთავსდება მოედანზე არსებულ გაჩერებასთან გამოყოფილ შემაღლებულ ადგილზე,“ - განმარტავენ „თ და კ რესტორნებში“.

კომპანიაში არ ასახელებენ ამ დროისთვის სად უტარდება საათს რეაბილიტაცია, თუმცა ამბობენ, რომ ის ვიზუალურად და ტექნიკურად გაახლდება.

საათს ადგილმდებარეობა McDonald's -ის ახალი სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობის გამო შეუცვალეს.

ქუთაისის ცენტრში საათი პირველად 1963 წელს გამოჩნდა. მისი ავტორი, არქიტექტორი ბორის ჯაფარიძე გახლავთ, რომელმაც ქუჩის საათის დაპროექტებისთვის ჯილდოც მიიღო.

ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე McDonald's-ის სწრაფი კვების ობიექტი მიმდინარე წლის 14 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა.

მშენებლობა ადგილობრივმა არასამთავრობო სექტორმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ გააპროტესტა, თუმცა "მაკდონალდსი საქართველოს" პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ არ გაუგია, ცენტრალური მოედანი კი იმიტომ აირჩია, რადგან მას ცენტრში ყოფნა უყვარს.

"იმიტომ, რომ ცენტრი მიყვარს. მე მიყვარს ცენტრში ყოფნა. რომელი საზოგადოების პროტესტი? არ გამიგია. ეტყობა კარგად ვერ გამოხატეს",-განუცხადა თემურ ჭყონიამ ქუთაისიპოსტს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო ე.წ. ქუჩის საათს ადგილს შეუცვლიან

Print