ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ისტორიულ საათს ივლისის ბოლოს დადგამენ
FaceBook
ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე ისტორიული საათი მიმდინარე თვის ბოლოს დადიგმება.

საათს, რომელსაც ადგილმდებარეობა McDonald's -ის ახალი სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობის გამო შეუცვალეს, ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება. მის გაახლებას კომპანია "თ და კ რესტორნები" ახორციელებს, რომლის საკუთრებასაც McDonald's -ის რესტორების ქსელი შედის. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საათი ვიზუალურად და ტექნიკურად გაახლდება.

"თვის ბოლოსთვის საათი განთავსდება მოედანზე არსებულ გაჩერებასთან გამოყოფილ შემაღლებულ ადგილზე," - განგვიცხადეს კომპანიაში "თ და კ რესტორნები".

ქალაქის ცენტრში საათი  პირველად 1963 წელს გამოჩნდა. მისი ავტორი, არქიტექტორი ბორის ჯაფარიძე გახლავთ, რომელმაც ქუჩის საათის დაპროექტებისთვის ჯილდოც მიიღო.

ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე McDonald's-ის სწრაფი კვების ობიექტი მიმდინარე წლის 14 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა.

მშენებლობა ადგილობრივმა არასამთავრობო სექტორმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ გააპროტესტა, თუმცა "მაკდონალდსი საქართველოს" პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ არ გაუგია, ცენტრალური მოედანი კი იმიტომ აირჩია, რადგან მას ცენტრში ყოფნა უყვარს.

"იმიტომ, რომ ცენტრი მიყვარს. მე მიყვარს ცენტრში ყოფნა. რომელი საზოგადოების პროტესტი? არ გამიგია. ეტყობა კარგად ვერ გამოხატეს",-განუცხადა თემურ ჭყონიამ ქუთაისიპოსტს.





Print