ახალი ამბები
ქუთაისში სკოლას, რომლის ფასადიდანაც ბათქაში ჩამოცვივდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
ქუთაისის N 6 საჯარო სკოლის შენობას, რომლის ფასადიდანაც ერთი თვის წინ ბათქაში ჩამოცვივდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სკოლის დირექტორის, დიმიტრი ქარსელაძის თქმით, ვითარება ადგილზე უკვე შეისწავლეს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროექტის მომზადება.

"მოვიდა წერილი სამინისტროდან, სადაც არის მითითებული, რომ აუცილებლად გაკეთდება ფასადი და სპორტული დარბაზის სახურავი. გვაცნობეს, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან უკვე გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამუშაოები", – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში დიმიტრი ქარსელაძე.

მისივე თქმით, მხოლოდ ფასადის რეაბილიტაციას დაახლოებით 150 000 ლარამდე დასჭირდება.

მე–6 საჯარო სკოლაში ფასადიდან ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, თვითმხილველები ამბობდნენ, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ.

სკოლის უკან ასევე არის საბავშვო ბაღიც, რომელშიც მისვლასაც ბაღის აღსაზრდელები მხოლოდ იმ ტერიტორიიდან ახერხებენ, სადაც ბათქაში ჩამოიშალა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მაშინ ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ საკითხის შესასწავლად უწყების წარმომადგენლები სკოლას რამდენიმე დღეში ეწვეოდნენ.

ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლაში 110 მოსწავლე სწავლობს. სკოლა განათლების სამინისტროს მიერ ვაუჩერული პრინციპით, თვეში 13 000 ლარით ფინანსდება, რაც სკოლის დირექტორის თქმით, საკმარისი არ არის, რადგან, თანხის უდიდესი ნაწილი სკოლის პედაგოგების ხელფასს ხმარდება.


ამავე თემაზე:

საფრთხისშემცველი განათლება - ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლაში ბათქაში ჩამოიშალა



Print