ახალი ამბები
ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე ქუთაისიდან 7 სპორტსმენი იასპარეზებს
FaceBook
2017 წელს ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება. მასში საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 24 სპორტსმენით წარსდგება, რომელთაგან 7 ქუთაისელია.

ევროპის სამგზის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე, მსოფლიოს სამგზის პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი და ევროპის სამგზის პრიზიორი ბექა ბაზაძე საქართველოს ნაკრებში იასპარეზებენ.

ასევე, ქუთაისიდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს მარიაზა კირჩენკო, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს პირველობაზე 100 გოგონადან 8 საუკეთესოს შორის მოხვდა.

"წარმატებული სპორტსმენები არიან და მათგან ველოდებით საუკეთესო შედეგს, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებში," - ამბობს ქუთაისის ფარიკაობის სპორტული სკოლის დირექტორი, მალხაზ ძნელაძე.

ევროპის ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში გათამაშდება - დაშნაში, ხმალსა და რაპირაში.

საერთაშორისო ტურნირი თბილისში, ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება და მასში მონაწილეობას ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე მონაწილეს მიიღებს. ჩემპიონატის ფარგლებში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესიც ჩატარდება.

Print