ახალი ამბები
ქუთაისში ასათიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, სადაც გასული წლის გაზაფხულის შემდეგ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, გზის საფარის კაპიტალური შეკეთება დაიწყო. გზის საფარი უკვე აღდგენილია ქუჩის   ნახევარზე, სადაც მოწყობილია სანიაღვრეებიც.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, კომპანია "smk"–ში  აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ზუსტად არ იციან როდის დაიწყება გზის მეორე მონაკვეთის  შეკეთება.

ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის და შემდგომში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს.

წყლის სისტემის შეცვლასა და დაზიანებული გზის საფარის აღდგენაზე პასუხისმგებელ კომპანია "smk"–ში აცხადებდნენ, რომ მათ კონკრეტულ ქუჩაზე სამუშაოების შესრულების ვადები კონტრაქტში გაწერილი არ ჰქონდათ.

ქუთაისის მერიამ  კი სამუშაოების შესრულების ვადებზე  პასუხისმგებლობა მოიხსნა.

მანამდე,  "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ", რომლის კონტრაქტორიცაა "smk", თურქული ფირმა სამუშაოების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

ქუთაისში, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ყოფილი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის ვიზიტის შემდეგ, კი "smk"–ს ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეიცვალა.

ასათიანის ქუჩაზე წყლის მილების შეცვლის ძირითადი სამუშაოები გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდა, თუმცა, გზის საფარის აღდგენა კვლავ ვერ ხერხდებოდა.

კომპანიასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ მილების გადაერთებისა და წყლის გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა გზის კაპიტალური შეკეთება.

ასათიანის ქუჩის ერთი ნაწილი  2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგო, ხოლო მეორე ნაწილი,  ადგილობრივთა, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური წრეების პროტესტის შემდეგ,  გასული წლის ნოემბერში.

გზის კაპიტალური შეკეთება კი მხოლოდ ახლა დაიწყო. 

ამავე თემაზე:

ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)


Print