ახალი ამბები
ქუთაისში სასტუმროსა და ეკლესიის დაგეგმილი მშენებლობის გამო კომისიის შექმნას ითხოვენ
FaceBook
საინიციატოვო ჯგუფი,  ქუთაისის ცენტრში დაგეგმილი ორი ობიექტის–სასტუმროსა და ეკლესიის დაპროექტებაში საზოგადოების ფართო წრეების  ჩართვის მოთხოვნით,  ადგილობრივ თვითმმართველობას პეტიციით მიმართავას. მას 40 დამოუკიდებელი პირი და არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. ინიციატორები ქუთაისის მერიაში კომისიის შექმნას ითხოვენ. მათი თქმით, კომისია დამოუკიდებელი სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ნებისმიერი ობიექტის მშენებლობის დაგეგმარებაში აქტიურად ჩაერთონ.

პეტიციის ხელმომწერები ასევე არ ეთანხმებიან "მაკდონალდსის" პროექტს და მიიჩნევენ, რომ მისი შედგენა დარღვევებით და ნაჩქარევად მოხდა.

საინიციატივო ჯგუფი პეტიციას ქუთაისის მერიის კანცელარიაში დღეს, 6 მარტს დაარეგისტრირებს.

"ჩვენ ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ შევხვდით ქალაქის მერს და არქიტეტქურის სამსახურის უფროსს. ვისაუბრეთ კომისიის შემქნის აუცილებლობაზე და ვფიქრობ, მათ საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეთ. ქალაქის ხელისუფლება ვალდებულიც კია კონკრეტული მოვლენის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს კომისიის შექმნა. ორი ობიექტი უნდა აშენდეს კიდევ ქალაქის ცენტრში და "მაკდონალდსის" შემთხვევა რომ ავიცილოთ თავიდან, როცა ნაჩქარევად და სპეციალისტების ჩართვის გარეშე მოხდა მისი დაპროექტება, აუცილებელია კომისის შექმნა",–აცხადებს პეტიციის ხელმომწერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასიცირებული პროფესორი, სოფო ზვიადაძე.

მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფი პარალელურ რეჟიმში "მაკდონალდსის" პროექტის გასაჩივრებისთვის ემზადება.

Print