ახალი ამბები
ქუთაისის მერიასა და "მაკდონალდს" თაღლითურ გარიგებაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში ადგილობრივ თვითმართველობასა და შპს "თ & კ რესტორნებს" შორის დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე მიუთითებენ.
ამ ბრალდებაზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრები საუბრობენ.

როგორც პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია ირწმუნება, ქუთაისის მერია და კომპანია, რომელიც ქუთაისში მაკდონალდს აშენებს, ერთმანეთთან თაღლითურ გარიგებებს აწარმოებენ.

საუბარია  2008 წელს მერიასა და "თ & კ რესტორნებს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც ქუთაისში, ჭაჭავაძის გამზირზე, მაკდონალდსის რესტორნის აშენებისთვის კომპანიას სხვადასხვა ვალდებულებები უნდა შეესრულებია.

წულაიას განცხადებით, ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობის თანახმად, კომპანიას მერიისთვის თანხა 20 ათასი ლარის ოდენობით უნდა გადაერიცხა, რომლითაც თვითმართველობას უსახლკაროებისათვის ბინები უნდა შეეძინა.

"ვითხოვ ოფიციალურ ინფორმაციას, რომ მაჩვენონ სად და ვის უყიდეს ბინა, რომელ სოციალურად დაუცველს დაეხმარნენ. ასევე მაინტერესებს, მაშინ, როდესაც კომპანია ვალდებული იყო ეს თანხა გადაეხადათ 30 თვეში, რატომ ჩარიცხეს ფული ნაწილ-ნაწილ 2014-2015 წლებში. თუ ვინმე დაგვაჯერებს, რომ უჭირს მაკდონალდსის მეპატრონეებს? ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მერია და კომპანია თაღლითურ გარიგებებში არიან", - ამბობს წულაია.

წულაიას ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

"მაკდონალდსმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ჩარიცხა ბიუჯეტში თანხა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა. ბიუჯეტს აქვს უნივერსალობის პრინციპი და თუ რას ნიშნავს ეს, ამაზე შეგვიძლია ტრენინგი ჩავუტაროთ ბატონ გოგის. თუ რატომ არ ჩაირიცხა ბიუჯეტში 30 თვეში თანხა, ეს იმ მთავრობას უნდა ჰკითხოს, რომელმაც ვალდებულება აიღო. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მერიამ ააშენა 48 ოჯახისთვის საცხოვრისი და ამისთვის არა 20 ათასი, არამედ ორმილიონნახევარი დაიხარჯა", - აცხადებენ მერიის ადმინისტრაციაში.

"თ & კ რესტორნების" მეპატრონეებმა ქუთაისში "მაკდონალდსის" რესტორანი ჭავჭავაძის გამზირზე 2008 წელს ააშენეს.

კომპანია მეორე რესტორანს ამჯერად ქალაქის ცენტრში აშენებს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერი "მაკდონალდსის" პროექტზე – საათი დარჩება, კიბეები შევიწროვდება

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო – "მაკდონალდსის" იერსახე ქუთაისის არქიტექტურას არ შეესაბამება

"მაკდონალდსი", სასტუმრო და ეკლესია – ქალაქის ცენტრში სამი ობიექტი აშენდება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობა აქციით გააპროტესტეს


Print