ახალი ამბები
"პროექტი არ არსებობს და ორი ტრაქტორი გამალებით მუშაობს" - წულაია მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია ქუთაისში მაკდონალდსის მშენებელობის უკანონობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ნებართვა მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებზე არსებობს, ამჟამად კი ტერიტორიაზე სრულფასოვანი მშენებლობა მიმდინარეობს.

"მერიიდან მოგვივიდა პასუხი, რომ ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტი არ არსებობს, არადა, ყველანი ვხედავთ, რომ ორი ტრაქტორი გამალებით მუშაობს", – ამბობს გოგი წულაია.  



ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მშენებლობისთვის მოსამზადებელი პერიოდია და მაკდონალდსი აღნიშნულ ტერიტორიაზე მაინც აშენდება. მათივე თქმით, მაკდონალსის შენობის იერსახის შესწორებული ვერსია ქუთაისის მერიამ და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა საააგენტომაც დაიწუნა და კომპანიის წარმომადგენლებს შენიშვნებით დაუბრუნა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად, შესწორებული ვერსიით, მუშაობა კანონის ფარგლებში, შეთანხმებით მიმდინარეობს. 

ქუთაისში აღმაშენებლის მოედანზე, ისტორიული მუზეუმის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე "მაკდონალდსის"  რესტორანს "თ და კ კომპანია" აშენებს.

ახალი კვების ობიექტის პროექტი მერიაში მიმდინარე წლის 3 იანვარს წარადგინეს.

ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობას ადგილობრივთა ნაწილი არ ეთანხმება. მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ შენობის იერსახე, არამედ, მისი მშენებლობის ადგილიც.
Print