ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "მაკდონალდსის" შესწორებული ესკიზი უკან დააბრუნა
FaceBook
ქუთაისის მერიამ "მაკდონალდსის" შენობის იერსახის შესწორებული ვერსია დაიწუნა და კომპანიის წარმომადგენლებს შენიშვნებით დაუბრუნა.

შენობის კორექტირებული ესკიზი "თ და კ კომპანიამ", რომელიც რესტორანს აშენებს, ადგილობრივ თვითმმართველობაში გასულ კვირას წარადგინა.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. რენდერის სახით წარმოდგენილ ფოტოკოლაჟში მისაღები არ იყო საათის სიმაღლე და კომპანიის წარმომადგენლებს მისი ამაღლების რეკომენდაცია მისცეს.

ასევე, ქუთაისის მერიის მოთხოვნით ამაღლდება პარაპეტები, ხოლო გამწოვი სისტემა ისე უნდა შეიფუთოს, რომ შენობის გარე ფასადზე არ ჩანდეს.

"ის არის ახალი შენობა და ახალი სტილით უნდა ჩაჯდეს. არ უნდა იყოს მოცულობითი. ჩვენი ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა კი არის, ის რომ იყოს რაც შეიძლება ბევრი სიმწვანე. როდის შემოიტანენ ახალ ვერსიას, ეს უკვე მათ ინტერესში შედის, თუმცა, გვინდა, რომ მაისისთვის დასრულდეს, რადგან რაგბის ჩემპიონატი იწყება და ბევრი ტურისტი იქნება ქალაში, რომლებსაც არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ",–აცხადებს ბაქარ ჭეიშვილი.

მისივე თქმით, შენობა ორსართულიანი იქნება. რაც შეეხება ე.წ. მაკ დრაივს, ბაქარ ჭეიშვილის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლები ამ საკითხზე საპატრულო პოლიციასთან უნდა შეთანხმდნენ.

"მაკდონალდსის" ახალი შენობის იერსახე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომაც დაიწუნა და ქუთაისის მერიას მისი შეცვლის რეკომენდაციით მიმართა.

ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" ახალი კვების ობიექტის მშენებლობას ადგილობრივთა ნაწილი არ ეთანხმება. მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ შენობის იერსახე, არამედ, მისი მშენებლობის ადგილიც.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის პროექტი  ამ დრომდე არ არსებობს, ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

Print