ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო – "მაკდონალდსის" იერსახე ქუთაისის არქიტექტურას არ შეესაბამება
FaceBook
კულტული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, ქუთაისში "მაკდონალდსის" ახალი შენობის იერსახეს იწუნებს და ამ ფორმით მის მშენებლობას არ ეთანხმება.

სააგენტოში ამბობენ, რომ ჯერჯერობით მშენებლობის პროექტი არ არსებობს, თუმცა, შენობის ამსახველი ფოტოკოლაჟის მიხედვით, რომელიც საგენტოს შესაბამისმა საბჭომ განიხილა, "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი ქალაქის საერთო იერსახეში არ ჯდება.

სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა გაფრინდაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ ქუთაისის მერიას შენობის იერსახის კორექტირების რეკომენდაცია მისცეს.

"პროექტი ჯერჯერობით არ არსებობს. ეს არის მხოლოდ იდეა. ჩვენთან შენობის მხოლოდ ფოტოები ე.წ. რენდერის სახით წარმოადგინეს. საბჭომ განიხილა ეს საკითხი და მიეწერა ქუთაისის მერიას რეკომენდაციის სახით წერილი, რომ ეს არქიტექტურული იერსახე არ შეესაბამება ქალაქის იმ ნაწილის განაშენიანებას და უნდა მოხდეს იერსახის დახვეწა",–ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

მშენებლობის გამო ქალაქის ცენტრიდან აიღეს საათი, რომელზეც ქალაქის მერი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ ის ადგილმდებარეობას არ შეიცვლიდა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში "მაკდონალდსის" მშენებლობას ადგილობრივების, ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილი აპროტესტებს და ადგილზე ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობას ითხოვს. 



Print