ახალი ამბები
ეთნოგრაფიული მუზეუმი "მაკდონალდსის" ნაცვლად–ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
საინიციატივო ჯგუფი "ქუთაისის მომავლისთვის" "მაკდონალდსის" მშენებლობის ადგილზე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აგებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით  ჯგუფის წევრები მიმდინარე წლის 23 იანვარს, 13:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და ადგილზე "მაკდონალდსის" მშენებლობას გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები მუზეუმის გამოსახულებით შესაბამის ბანერსაც გამოფენენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლტიკური წრეებისა და ადგილობრივების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში "მაკდონალდსის" ადგილი არ არის და უმჯობესია იქ ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი აშენდეს.

"მაკდონალდსის" ახალი ობიექტის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. 

აქციის მონაწილეებმა, მშენებლობა გააპროტესტეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს პროექტზე ნებართვა არ გასცეს. 

ქალაქის მერი, შოთა მურღულია "მაკდონალდსის" წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილის პროტესტს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ქალაქში სოციალური ფონის გაუმჯობესების ერთადერთი გზა ინვესტიციაა.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობის პროექტზე ნებართვა ჯერ–ჯერობით გაცემული არ არის, თუმცა, ადგილზე ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გარდა "მაკდონალდსისა" უკვე ცნობილია, რომ ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო და ეკლესია აშენდება. 




Print