ახალი ამბები
ქუთაისის მერი "მაკდონალდსის" პროექტზე – საათი დარჩება, კიბეები შევიწროვდება
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული საათის გადატანა საჭირო არ გახდება.


"საათი დარჩება იქ, სადაც არის, მაგრამ კიბეები დავიწროვდება. რა თქმა უნდა, არ მაქვს სამართლებრივი ბერკეტები, მაგრამ მაქსიმალურად ვარ ჩართული ამ საქმეში. ვაპირებ, რომ დეტალურად გავიაროთ ეს პროექტი",– განაცხადა შოთა მურღულიამ 2017 წლის 18 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

შეეძლება თუ არა ქალაქის ხელისუფლებას კორექტივების შეტანა პროექტში, რომლის განხილვასაც აპირებს, ამაზე ქალაქის მერი ამბობს, რომ ამ საკითხში უფრო მეტად კომპეტენტური კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა.

"ქალაქის ხელისუფლება პროექტის არქიტექტურას ნაკლებად განიხილავს. ამას განიხილავს კულტურის მემკვიდრეობის სააგენტო, რადგან ისინი ჩვენზე კომპეტენტურები არიან",–აცხადებს შოთა მურღულია.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებაში დაადანაშაულა ქალაქის მერი საკრებულოს ოპოზიაციამ.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია უკლებას თქმით, "მაკდონალდსის" მშენებლობის დეტალები შოთა მურღულიას უმრავლესობასთან არ გაუვლია.

"თქვენმა უმრავლესობამაც კი არ იცის პროექტზე არაფერი. მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ ძალიან ცუდია ის, რომ საკრებულოს სხდომაზე ითხოვს განმარტებებს უმრავლესობა", – განაცხადა გია უკლებამ.

საკრებულოს სხდომაზე "მაკდონალდსის" მშენებლობის დეტალებით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ქობალიანი დაინტერესდა, რის შემდეგაც საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა.

ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობისთვის შემოღობვითი სამუშაოები დაწყებულია.

ქალაქის მერის ინფორმაციით, ადგილზე, ასევე, აშენდება სასტუმრო. ყოფილი რესტორანი "თოლიას" ადგილზე კი ეკლესიის მშენებლობა იგეგმება.

Print