ახალი ამბები
"მაკდონალდსი", სასტუმრო და ეკლესია – ქალაქის ცენტრში სამი ობიექტი აშენდება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" გარდა, სასტუმრო და ეკლესია აშენდება.

ქალაქის მერი, შოთა მურღულია, "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო, საზოგადოების პროტესტს არ იზიარებს. მისი თქმით, ქუთაისში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი შესაძლებლობა ინვესტიციაა.

"ყველამ ემოცია უნდა შეიკავოს და ძალიან მოწიწებით მოეპყრას ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ქალაქში მილიონობით ინვესტიციას ახორციელებს და ხალხს ასაქმებს. სოციალური ფონის გამოსწორების ერთდაერთი შესაძლებელობა არის ინვესტიცია. რა თქმა უნდა, ინვესტიცია ყველაფრის სანაცვლოდ არა. ის, რაც გაკეთდება, უნდა იყოს ლამაზი და საზოგადოებისთვის მისაღები. მიუღებლად მიმაჩნია ის გამოსვლები, რომ ინვესტორი თურმე ცუდია", – განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისივე თქმით, მხოლოდ "მაკდონალდსი" ქალაქში 2 800 000 ლარის ინვესტიას განახორციელებს, ხოლო რაც შეეხება სასტუმროს, მისი არქიტექტურა და საინვეტიციო მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.

ქალაქის მერის ინფორმაციით, "მაკდონალდსი" 1 400 კვ.მეტრ ფართზე აშენდება, რომელიც კომპანია "თ და კ რესტორნებმა" 800 000 ლარად შეიძინა. რაც შეეხება ეკლესიას, მისთვის ყოფილი რესტორანი "თოლიას" ტერიტორია გამოიყო.

"უკვე ვესაუბრეთ მამაოებსაც და გადაწყვეტილია, რომ ეკლესიის მშენებლობისთვის 800  კვ.მეტრი გამოიყო და ეს იქნება რესტორან "თოლიას" ადგილი", – განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქალაქის მერის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ინვესტიცია ჩაიდება ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ყოფილ შენობაშიც, თუმცა, იქნება თუ არა ინვესტორი ამ შემთხვევაშიც კომპანია "თ და კ რესტორნები", ჯერჯერობით უცნობია.

Print