ახალი ამბები
ქუთაისის მერის მრჩეველი "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ვინ მკითხა მე?
FaceBook
ქუთაისის მერის მრჩეველი ურბანული განვითარების საკითხებში, ოთარ ჩიხლაძე ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობას არ ეთანხმება და პროექტს "საშინელს" უწოდებს.
ქუთაისიპოსტთან საუბარში ოთარ ჩიხლაძე განმარტავს, რომ მისთვის, როგორც მრჩეველისთვის არაფერი უკითხავთ, რადგან საკითხი არა ადგილობრივ დონეზე, არამედ, დედაქალაქში გადაწყდა.

მისივე თქმით, ქალაქის ხელისუფლება იძულებული იყო პროექტს დათანხმებოდა.

"ვინ მკითხა მე? ეს ყველაფერი გაკეთდა თბილისიდან, ტერიტორია იყიდა თბილისმა. მაქვს მე ეს საბუთები. ბატონი შოთაც გამოუვალ და უხერულ მდგომარეობაშია. პროექტიც თბილისელებმა გააკეთეს, საშინელი პროექტია. მე დიდი წინააღმდეგობა გავწიე. ეს არის სავიზიტო ადგილი ქუთაისისთვის. ყოველთვის ინახავდნენ ამ ტერიტორიას, ძალიან ბევრი საკითხი იყო რა აშენებულიყო იქ. პირადად მე, მუზეუმი და არქივი მინდოდა", – აცხადებს ოთარ ჩიხლაძე.

ქუთაისის მერის მრჩეველი ადასტურებს, რომ მერიას მშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ არ განუხილავს.

ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობისთვის ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მშენებლობას არ ეთანხმებიან ადგილობრივ პოლიტიკოსთა, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილი.

მათი თქმით, პროექტი ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს. გარდა ამისა, მათთვის ქალაქის ცენტრიდან ისტორიული საათის გადატანაც მიუღებელია, რაც "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო მოხდება.

ობიექტის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე წლის  17 იანვარს, დღის 12:00 საათზე ქალაქის ცენტრში საპროტეტსო აქციაა დაგეგმილი.



Print