ახალი ამბები
ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს
FaceBook
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი, რომელიც მერიაში მიმდინარე წლის 3 იანვარს წარადგინეს, შესაძლოა შეიცვალოს.

ამის შესახებ ქუთაისიპოტს მერიაში განუცხადეს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ არქიტექტურის სამსახურში ახალი რესტორნის მშენებლობის პროექტი განხილვის სტადიაშია.

"მიმდინარეობს პროექტის განხილვა და ვიდრე არ დასრუდლება ეს პროცესი, მშენებლობა ვერ გაგრძელდება,"– ამბობენ მერიაში.

თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერ აკონკრეტებენ როდის დასრულდება პროექტის განხილვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისიპოსტი შპს "თ&კ რესტორნებს" დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში "მაკდონალდსის" რესტორნების ქსელის მფლობელია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები კი ჯერ არ დაწყებულა.

პროექტის მიხედვით ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი ობიექტი 2 სართულიანი იქნება.

რაც შეეხება, მოედანზე არსებულ ისტორიულ საათს, მერიაში ამ დროისთვის არ იციან შეიცვლება თუ არა მისი ლოკაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე 1416 კვ.მ მიწის ფართობზე უფლების რეგისტრაცია შპს "თ&კ რესტორნებმა" გასული წლის 24 ნოემბერს მიიღო. აქვეა მითითებული, რომ 128კვ.მ ფართი დატვირთულია სერვიტუტით.

სააგენტოს მონაცემებითვე, მითითებული ტერიტორია 2016 წლის 13 დეკემბერს "საქართველოს ბანკში" იპოთეკითაა დატვირთული.



ტერიტორიის საკადასტრო რუქა, სადაც "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი შენდება
Print