ახალი ამბები
უკრაინაში დამოუკიდებლობის 25–ე წელს აღნიშნავენ
FaceBook
უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 25 წლის წინ, 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

ამ დღეს ქვეყნის უმაღლესმა რადამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიღო.

დამოუკიდებლობის დღე უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებებით აღინიშნება. მთავარი ღონისძიება სამხედრო აღლუმია, რომელიც კიევის ცენტრში იმართება.

"მტერმა ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა. მან უკრაინის დაჩოქება ვერ შეძლო. ამისთვის ჩვენი 2 504 სამხედრო დაიღუპა. ქედს ვიხრით ამ გმირების წინაშე, რომლებმაც უკრაინის მშვიდობიანი მომავლისთვის სიცოცხლე გაწირეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სამხედრო აღლუმის მიმდინარეობისას.

დამოუკიდებლობის დღე ურაინას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოულოცა.

"დღევანდელ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას უკრაინელი ხალხის მიმართ. თანამედროვე გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში, უკრაინა იცავს და აძლიერებს თავის სახელმწიფოებრიობას. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.





Print