"ახალი საქართველო" ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს
13:26 / 20.06.2016
"თუ ხელისუფლება ალტერნატიულ ადგილს არ მოძებნის, მშენებლობის
შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყება."
პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის
წარმომადგენლები, სოფელ ჭოგნარში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას
აპროტესტებენ. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზაალ
ხონელიძის განცახდებით, თუ ხელისუფლება ალტერნატიულ ადგილს არ
მოძებნის, ნაგავსაყრელის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო
აქციები დაიწყება.
"ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოსაწყობად ადგილის შერჩევის დროს, არავის
უკითხავს ადგილობრივი მოსახლეობის აზრი. თუ არ შეცვლის გადწყვეტილებას
ხელსუფლება, იქ ისეთივე მდგომარეობა იქნება, როგორც იყო ნიკეაზე
წლების განმავლობაში. გარდა ამისა, პრობლემები შეექმნება ქუთაისში
ახალგაზრდობის გამზირის მცხოვრებლებს, რადგან აღნიშნული ქუჩა ახალ
ნაგავსაყრელთან ახლოს მდებარეობს",- ამბობს ზაალ ხონელიძე.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი
მოსახლეობასთან ერთად ხელს შეუშლიან ადგილზე ტექნიკის
მუშაობას.
"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" კი ირწმუნებიან, რომ
ნაგავსაყრელი ყველა სტანდარტის დაცვით მოეწყობა. კომპანიის
წარმომადგენლის, ზურაბ მარდალეიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ნიადაგის
შესწავლა მიმდინარეობს.
"ეს არის უმაღლესი ტექნოლოგიის გერმანული პროექტი, სადაც ყველა ნორმა
დაცულია. არავითარ საფრთხეს ის მოსახლეობისთვის არ წარმოადგენს. თუ
გვაცდიან, წლის ბოლომდე ინფრასტრუქტურის მოწყობით სამუშაოებს
დავიწყებთ. ეს იქნება ნარჩენების გადამუშავების ისეთი ობიექტი,
როგორიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა", - ამბობს "მყარი ნარჩენების
მართვის კომპანიის" წარმომადგენელი, ზურაბ მარდალეიშვილი.
მისი თქმით, მოსახლოების პროტესტის მიუხედავად, ნაგავსაყრელი მაინც
აშენდება.
თერჯოლის რაიონში, ჭოგნარი-გოდოგანის გზაზე ახალი ნაგავსაყრელის
მოწყობა 2018 წელს უნდა დასრულდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები