ახალი ამბები
TI – ბაღდათის გამგებლის მოვალეობას არაუფლებამოსილი პირი ასრულებს
FaceBook
"დღესდღეობით ბაღდათის გამგებლის ყოფილი მოადგილე არ არის უფლებამოსილი შეითავსოს გამგებლის მოვალეობები".


ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას არაუფლებამოსილი პირი ასრულებს. გამგებლის მოადგილემ, გელა მშვილდაძემ საკუთარი თავი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყევტილების საფუძველზე აღიდგინა. 2016 წლის 25 მაისს მიღებული გადაწყეტილების თანახმად, ბათილად გამოცხადდა გამგებლის ირაკლი გეგეშიძის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვით მშვილდაძე სამასხურიდან გათავისუფლდა.

"შევუდექი უკვე საქმიანობას, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბათილად გამოაცხადა ის ბრძანება, რომელიც გამგებელმა გამოსცა", - ამბობს ბაღდათის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გელა მშვილდაძე.

თუმცა, იმის გამო რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტი 25 აპრილის შემდეგ ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა, საჭირო გახდა "თვითმმართველობის შესახებ კოდექსში" სასწრაფოდ ცვლილების შეტანა.

საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით მიმდინარე წლის 25 მაისს განიხილა. გელა მშვილდაძეს, სწორედ ამ ცვლილების დამტკიცებამდე, რაიმე სახის აქტის გამოსაცემად თავი უნდა შეეკავებინა. 

"დღესდღეობით, ბაღდათის გამგებლის ყოფილი მოადგილე არ არის უფლებამოსილი შეითავსოს გამგებლის მოვალეობები. მართალია, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე იგი გამგეობამ უნდა აღადგინოს თანამდებობაზე, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ახალი აქტი უნდა გამოსცეს კონკრეტულმა პასუხისმგებელმა პირმა. ყოფილი მოადგილის მიერ გამოცემული აქტი საკუთარი თავის აღდგენასთან დაკავშირებით მიჩნეულ უნდა იქნეს არარა აქტად, რადგან იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ არის გამოცემული", - განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ქუთაისის ფილიალის იურისტი, თამთა კახიძე.

გელა მშვილდაძემ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს მიმართა. თუმცა, მოსამართლემ ციცინო მოსიძემ საქმის აცილება გააკეთა.

"რადგან მოსამართლე მოსიძის მეუღლე მუშაობს გამგეობაში და ამიტომ მან საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადასცა", -   განმარტავენ ბაღდათის  მუნიციპალიტეტში.

გელა მშვილდაძე ბაღდათის გამგებელმა მიმდინარე წლის 25 აპრილს სამსახურიდან გაათავისუფლა. თავად, გამგებელი კი საკრაულა-ბაღდათის გზის რეაბილიტაციაში არამიზნობივად დახარჯული თანხების გამო, ანტიკორუფციულმა საბჭომ იმავე დღეს დააკავა.
Print