ახალი ამბები
ევროპული სამშენებლო სტილი ქუთაისურ არქიტექტურაში
FaceBook
ქუთაისში 274 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უმრავლესობა საცხოვრებელი სახლია.

ქალაქში 180-ზე მეტ შენობას გამორჩეული მემორიალური სტატუსი, განსაკუთრებული არქიტექტურა და საუკუნოვანი ისტორია აქვს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქუთაისის სახლებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ევროპული და ადგილობრივი სტილის ნაზავი. ეს გავლენა შესამჩნევია, როგორც სამშენებლო, ასევე დეკორატიულ ნაწილში.

ამ დროის სახლები ქვაში და იშვიათად, ხეში შესრულებული დეკორებით გამოირჩევა.

იშვიათი არქიტექტურული სტილითა და მრავალფეროვანი ხუროთმოძღვრული დეკორით გამოირჩევა, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ე.წ. "ჩინური სახლი".

უცნობია რატომ ქვია შენობას ჩინური, როცა ის არქიტექტურულად ფრანგული სტილისაა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სახელი ადგილობრივებმა ნაგებობას იმის გამო შეარქვეს, რომ მშენებლობაზე ჩინელი მუშები იყვნენ დასაქმებული.

ჩინური სახელით და ფრანგული სტილით ნაგები ერთსართულიანი, მაღალ ცოკოლზე მდგომ, ე.წ. "პაგოდას" მეზონინიანი ერთსართულიანი სახლი, მოდერნის სტილის ვილებისთვის დამახასიათებელი ხაზგასმული ასიმეტრიულობით იქცევს ყურადღებას. ქუთაისური სახლებისგან განსხვავებით, მას ორი პარადული მხარე აქვს. ახლანდელი მთავარი ფასადი ადრე ბაღში გადიოდა, რომელიც 1950-იან წლებში ქუჩის გაფართოებას შეეწირა, ძირითადი შესავლელი კი გვერდიდან იყო.

სახლი ყოველი მხრიდან ძალზედ დინამიკურია და ფასადის ნაწილები დამოუკიდებელ კომპოზიციას ქმნიან. მისი მარცხენა ტერასა, რომლის გადახურვა ქვის მაღალ ბოძებს ეყრდნობა, რკინის დაბალი ორნამენტიანი ღობით არის შემოსაზღვრული.

შენობის გარე ფასადი ახლა შეთეთრებული და მცირედ გადაკეთებულია, მაგრამ იგი მაინც ინარჩუნებს ქალაქში გამორჩეულ არქიტექტურულ სტილს და ფრანგული მოდერნის ნიმუშადაა მიჩნეული.

ქალაქის ცენტრში მდებარე "ჩინური სახლი" კულტული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

დავით ნაზარიშვილის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, როლანდ ისაკაძე ამბობს, რომ ქუთაისში უფრო მეტი კულტურული მემკვიდრეობაა, ვიდრე შესწავლილია სახელმწიფოს მიერ.

მისი თქმით, ქალაქში არსებული კულტურული ღირებულების ძეგლების აღრიცხვა ამ მომენტშიც მიმდინარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, ქუთაისის მასშტაბით ახალი ძეგლთა ნუსხის შესადგენად ობიექტების დასურათებას, მათზე შესაბამისი მონაცემების შეგროვებასა და ნუსხაში შესატანად მოსამზადებელ სამუშაოებას ატარებს.

შენობა-ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება.

ერთ-ერთი მთავარია ობიექტის ხანდაზმულობა, რაც ხშირ შემთხვევაში, საკმარისი საფუძველია, თუმცა არა გარანტირებული.

"სიძველე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში, ამას ექცევა ყურადღება. თუმცა, ექსპერტები აუცილებლად ინტერესდებიან შენობის უნიკალურობით, მისი ავთენტიკურობითა და არქიტექტურული ღირებულებით", - ამბობს როლანდ ისაკაძე.

შენობა-ნაგებობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების კონკრეტულ კრიტერიუმებს კანონმდებლობა განსაზღვრავს.

აქვს თუ არა შენობა-ნაგებობას კულტურულ-ისტორიული ღირებულება, ამას ექსპერტთა ჯგუფი ადგენს. თუმცა, მანამდე ობიექტის შესახებ დოკუმენტების მომზადებას სპეციალური კომისია უზრუნველყოფს, რომელიც შემდგომში ყველა საჭირო საბუთს რესტავრატორებისა და არქიტექტორების ჯგუფს გადასცემს.

სტატუსის მინიჭება პროცედურულად მარტივია. თუმცა, ზოგ შემთხვევაში დიდ დროს მოითხოვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ მიმართვას განიხილავს სააგენტო პარალელურ რეჟიმში.

როლანდ ისაკაძის თქმით, ქუთაისში მრავლადაა ავთენტიკური თვალსაზრისით ხელშეუხებელი შენობა, რომელსაც დღემდე აქვს პირვანდელი სახე შენარჩუნებული. ასევე, ბევრია გამორჩეული მემორიალური სტატუსის მქონე სახლი, სადაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სფეროში სახელგანთქმული ადამიანები ცხოვრობდნენ.

ქუთაისში გამორჩეული, ქართულ-ევროპული არქიტექტურის მქონე სახლების აღრიცხვა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.



Print