ახალი ამბები
"პარკინგი ფანჯრებში" - სადავო კედლის ორი მხარე
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ავტოსადგომის მშენებლობის ნებართვა შოთა მურღულიამ გასცა

შპს "ფარი" , რომელიც ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მფლობელია, ბაზრის ტერიტორიაზე ავტოსადგომს აშენებს. 25 სადგომიანი პარკინგი მოემსახურება როგორც ბაზრის ადმინისტრაციას, ასევე, მოქალაქეებს.

ავტოსადგომის მოწყობითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. გაკეთებულია პანდუსი და ტერასა, სადაც ავტომობილებმა უნდა იმოძრაონ.

პროექტის დასრულებას შპს "ფარი" მომავალი წლის 30 აპრილს გეგმავს, თუმცა, მანამდე, ბაზრის ადმინისტრაციამ სამართლებრივი დავა მოქალაქე ლეილა ბოჭორიშვილთან უნდა დაასრულოს.

მშენებარე ავტოსადგომის მიმდებარედ მცხოვრები ლეილა ბოჭორიშვილი, შპს "ფარის" დირექტორს, ოლეგ არგვლიანს, კერძო საკუთრების დარღვევასა და სახლის დაზიანებაში ადანაშაულებს.

ოლეგ არგვლიანი მოსარჩელე მხარის ბრალდებებს კერძო მოტივით ხსნის და ამბობს, რომ ბოჭორიშვილი ამ საქმიდან მატერიალური სარგებლის მიღებას ცდილობს.

მხარეების სასამართლო პროცესი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 3 მაისს არის ჩანიშნული.

ავტოსადგომი ფანჯრებთან

ფალიაშვილის #2-ში, 1 500 კვადრატულ მეტრზე, ავტოსადგომის მშენებლობა ოლეგ არგვლიანმა მიმდინარე წლის 6 იანვარს დაიწყო. მშენებლობის დაწყებამდე, ტერიტორიის გაფართოების მიზნით, მან ბაზრის მომიჯნავე მაღაზია "ფაგის" შენობაზე კონსტრუქციის დაშენების უფლება მოიპოვა.

შედეგად, მაღაზია "ფაგს", რომელიც თავის მხრივ, ლეილა ბოჭორიშვილის სახლს საერთო კედლით ესაზღვრება, შეეცვალა სახურავი და ავტოსადგომის ტერასას შეუერთდა.

ლეილა ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ მაღაზიის სახურავი ადრე მის ფანჯრებს არ წვდებოდა, შპს "ფარის" მიერ მასზე სახურავის შეცვლისა და კედლების ამაღლების შედეგად კი, შენობა მისი სახლის ფანჯრის რაფას მიუახლოვდა.

ახლა, ლეილა ბოჭორიშვილის ფანჯრიდან მშენებარე ავტოპარკინგის ხედი ჩანს, თუმცა, მალე ხედს ორმეტრიანი კედელი ჩაანაცვლებს. კედელს "ფარი" ბოჭორიშვილის სახლიდან ზუსტად 30 სანტიმეტრში აღმართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მშენებლობა პროექტის მიხედვით გაგრძელდა, ავტოსადგომი სრულად დაფარავს ბოჭორიშვილების სახლს.

სადავო კედელი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელში, რომლის განხილვასაც ლეილა ბოჭორიშვილი 3 მაისს ელოდება, მოსარჩელე მხარე წერს, რომ ავტოსადგომის მშენებლობის დროს დაირღვა მისი უფლებები, როცა შპს "ფარმა, მისი და მაღაზია "ფაგის" საერთო კედელი მშენებლობის გაფართოების მიზნით უნებართვოდ გამოიყენა.

"ეს არის პარკინგი ფანჯრებში. წარმოდგენაც რთულია, რაც აქ ხდება. ფანჯრებს ფუნქცია დაეკარგა. ფაქტიურად გამიუქმეს სამზარეულო. თვითნებურად აამაღლეს მაღაზიის კედლები და პირდაპირ რაფას გაუსწორეს ტერასა. რაც "ნაციონალებმა" ვერ გააკეთეს, იმას აკეთებს ახლანდელი ხელისუფლება. ასეთ უკანონო მშენებლობაზე ნებართვის გაცემა როგორ შეიძლებოდა?- ამბობს ლეილა ბოჭორიშვილი.

დოკუმენტში, რომლითაც "ფაგი", შპს "ფარს" კონსტრუქციული სამუშაოების განხორციელების უფლებას აძლევს, მართლაც წერია, რომ "ფაგს" არ აქვს საკუთარი გარე კედელი და მასზე ნებისმიერი სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარება გამოიწვევს სხვის საკუთრებაზე შეხებას.

ამის მიუხედავად, ოლეგ არგვლიანი ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია და მაღაზიის სახურავის შეცვლისთვის მოსარჩელე მხარის თანხმობა საჭირო არ იყო.

ამასთანავე, ადმინისტრაციული სარჩელის შესაგებელში არგვლიანი წერს, რომ "ფარს "არ აუმაღლებია მაღაზიის კედლები და ლეილა ბოჭორიშვილის ეს ბრალდება მხოლოდ მისი ვარაუდია.

მშენებლობა გეოლოგიური დასკვნის გარეშე

ფალიაშვილის # 2-ში, ავტოპარკინგის მშენებლობა, რომელიც მიწაში რამდენიმე მეტრის სიღრმეზე სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს, გეოლოგიური დასკვნის გარეშე დაიწყო.

დოკუმენტურად მტკიცდება, რომ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის მომენტში, პროექტზე გეოლოგიური დასკვნა არ არსებობდა.

შპს "ოპიზარში" შექმნილ პროექტზე, რომელიც ფალიაშვილის # 2-ში, 1 500 კვადრატულ მეტრზე, მიწის ქვეშ ერთ, მიწის ზემოთ კი სამსართულიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას გულისხმობს, ხელს ქუთაისის მერის მოვალეობის მაშინდელი შემსრულებელი გია შარაბიძე აწერს.

2013 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტით, შარაბიძე, შპს "ფარს" ადგილზე მშენებლობის დაწყების ნებართვას აძლევს (ნებართვის ნომერი 001019).

იმ დროს პროექტზე გეოლოგიური დასკვნა არ არსებობდა.

შესაბამისი დოკუმენტი "ფარმა" მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, 2013 წლის დეკემბერში მოამზადა.



კორექტირებული პროექტი

ნებართვის გაცემიდან მშენებლობის დაწყებამდე, ავტოპარკინგის პროექტმა კორექტირება განიცადა. პროექტის ახალ ვერსიას უკვე თან ახლდა გეოლოგიური დასკვნა.  

ცვლილებები შევიდა პროექტის ტექნიკურ ნაწილშიც. მათ შორის, ავტოსადგომის შესასვლელ-გასასვლელად ლერმონტოვ-ფალიაშვილის ქუჩების ნაცვლად, მხოლოდ ლერმონტოვის ქუჩა დატოვეს. კორექტირებულ ვერსიაში, ასევე შპს "ფარი", ავტოსადგომზე სამსართულიანი შენობის დაშენების პერსპექტივას ითვალისწინებს.

განახლებულ პროექტზე მშენებლობის ნებართვა უკვე ქალაქის მოქმედმა მერმა შოთა მურღულიამ გასცა.

2016 წლის 6 იანვრით დათარიღებული ნებართვით, (ნებართვის ნომერი 001885), მურღულიამ შპს "ფარს" ადგილზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნება დართო.

შპს "ერუდიტის" დასკვნა

ახალ, კორექტირებულ ვერსიას თან ახლავს შპს "ერუდიტის" 2015 წლის 20 ოქტომბრის დასკვნაც.

ოლეგ არგვლიანს ამ დასკვნის მომზადება მას შემდეგ დასჭირდა, რაც ლეილა ბოჭორიშვილმა, სამშენებლო სამუშაოების დროს, სახლზე დაზიანებების მიყენების მოტივით, მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. ლეილა ბოჭორიშვილის თქმით, ავარიული სახლი, სამუშაოების წარმოების დროს გამოწვეული ვიბრაციის გამო კიდევ უფრო დაზიანდა.

ობიექტზე მიმდინარე მშენებლობის გამო, საცხოვრებელი სახლის დაზიანებას გამორიცხავს თავად ოლეგ არგვლიანი, თუმცა, მისგან განსხვავებით, ამაში დარწმუნებული არ არის შპს "ერუდიტი", რომელმაც შენობის მდგრადობა შეისწავლა.

"ერუდიტის" დაკვნაში ვკითხულობთ:

"ავტოპარკინგის კონსტრუქციის მშენებლობას, სავარაუდოდ, არ შეეძლო განეპირობებინა მომიჯნავე შენობაში განვითარებული დაზიანებები, რადგან, ექსკავატორი სამუშაოებს აწარმოებდა შენობიდან 6 მეტრის მანძილზე".

მიუხედავად იმისა, რომ არგვლიანი უარყოფს მშენებლობის გავლენით სახლის დაზიანებას, ამბობს, რომ ბოჭორიშვილს საცხოვრებლის გამაგრება შესთავაზა, თუმცა, მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

"სახლის გამაგრებაზე უარი თქვა, შემდეგ კი  გვითხრა სხვა სახლი მიყიდეთო. გასაგებია რაც არის მისი ინტერესი. ვაპირებდით მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მაგრამ მან არ ისურვა. ჩვენ უკანონოს არაფერს ვაკეთებთ.  სასამართლო გაარკვევს ყველაფერს",-ამბობს შპს "ფარის" დირექტორი ოლეგ არგვლიანი.

საქმეზე სამართალწარმოების პროცესის პარალელურად, ქალაქის ცენტრალურ ბაზარში, ავტოპარკინგის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

სამუშაოების უმეტესი ნაწილი ღამით მიმდინარეობს, რასაც ასევე აპროტესტებს მოსარჩელე მხარე.

ოლეგ არგვლიანი კი ამბობს, რომ მას შესაბამისი ნებართვა მერიისგან აქვს აღებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.