ახალი ამბები
„მშენებლობას ვაპროტესტებდი და სამსახური დავკარგე“
FaceBook

თერჯოლაში, სადაც მდინარე ჩხარას მიმდებარედ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს, დავა უკვე მხოლოდ ობიექტის მშენებლობის კანონიერებას აღარ ეხება.


ეკა მაკარიძე, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტად მუშაობდა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამბობს, რომ სამსახური მას ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დაატოვებინეს.


მაკარიძის თქმით, მან ფეისბუკზე პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. მისი თქმით, პოსტში პროექტთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა და არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.


მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტმა მას უთხრა, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ამიტომ აღარ გაუგრძელებდნენ. თუმცა მაკარიძე ამბობს, რომ ხელშეკრულების ვადა ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამოწურული. მისივე თქმით, მისთვის არც გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაუბარებიათ.

ეკა მაკარიძე ამბობს, რომ 14 ივლისს  სამსახურში მისულს უთხრეს, რომ  ხელშეკრულება ამოიწურა და ახალს აღარ გაუფორმებდნენ.


„ქალაქის ადმინისტრაციაში წარმომადგენლის ასისტენტის პოზიციაზე ვმუშაობდი. მანამდე სხვადასხვა პოზიციაზე მიმუშავია, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე ვიყავი. ხელშეკრულებები პერიოდულად ფორმდებოდა და ბოლო ორთვიანი ხელშეკრულებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მითხრეს, რომ აღარ გამიფორმებდნენ“, — ამბობს ის.


მაკარიძის თქმით, იმავე დღეს თერჯოლის მერთან, მანუჩარ რობაქიძესთან მივიდა და სამსახურიდან გაშვების მიზეზი ჰკითხა.


„მითხრეს, რომ მერია არასათანადოდ მოვიხსენიე. კონკრეტულად მითხრეს, თითქოს კორუმპირებული დავწერე. მე ვუთხარი, რომ ასეთი რამ არ დამიწერია და ვთხოვე, ეჩვენებინათ, სად მქონდა ეს დაწერილი. ვერ მაჩვენეს, რადგან ასეთი რამ არ დამიწერია“, — ამბობს ის.

მაკარიძის თქმით, მერთან საუბარი ჩაწერილი აქვს და ჩანაწერი მის ხელთ არის.


მაკარიძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს სვამდა. მისი თქმით, კონკრეტულად არც მერი და არც სხვა პირი შეურაცხმყოფელი ფორმით არ მოუხსენებია.

პირიქით, როგორც თავად ამბობს, როდესაც სოციალური ქსელის კომენტარებში მოქალაქეები ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებლობას მერიას ან მერს აკისრებდნენ, თავად წერდა, რომ მისი შეფასებით, მერს სხვა გზა აღარ დაუტოვეს და სწორედ ამიტომ გაიცა ნებართვა.


„ჩემი აზრით, ახლა უკვე გასაგებია, რატომ დამემართა ეს ყველაფერი. მე საჯაროდ ვსვამდი კითხვებს პროექტთან დაკავშირებით და შემდეგ სამსახური დავკარგე. ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. არაფერი დამიშავებია და ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციის გამო გამომიშვეს სამსახურიდან“, — ამბობს ის.


მაკარიძის თქმით, მუნიციპალიტეტის მიერ დასახელებული ფორმალური მიზეზი — ხელშეკრულების ვადის ამოწურვა — სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, ხელშეკრულების ვადა იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული, როდესაც მას უთხრეს, რომ სამსახურში აღარ გააგრძელებდა მუშაობას.

ამასთან, მაკარიძე ამბობს, რომ მისთვის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ჩაუბარებიათ. სწორედ ამ გარემოებებს ასაჩივრებს ის სასამართლოში.


მაკარიძის თქმით, სასამართლოში ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისთვის ხელშეკრულების აღარ გაგრძელება არა უბრალოდ შრომითი ურთიერთობის ვადის ამოწურვას, არამედ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ მის საჯარო პოზიციას უკავშირდებოდა.

მაკარიძე ამბობს, რომ სამსახურის დაკარგვის მიუხედავად, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვების დასმას ისევ აპირებს და პროტესტს გააგრძელებს.

რაც შეეხება დაკარგულ სამსახურს, ეკა მაკარიძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და სამსახურში აღდგენას ითხოვს. მისი თქმით, სასამართლოში ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ სამსახურიდან გაშვება მცირეწლოვანი შვილების დედის ,მის მიერ გამოხატულ პოზიციას უკავშირდებოდა.


„ქუთაისიპოსტმა“ თერჯოლის მერიას დამატებით მიმართა კითხვით, რა გახდა ეკა მაკარიძის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზი და, მის გარდა, კიდევ ჰქონდა თუ არა სხვა თანამშრომელს იმავე პერიოდში ხელშეკრულების ვადა ამოწურული და შეუწყდა თუ არა მასაც მუშაობა.


მერიიდან გვითხრეს, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხს მოგვაწვდიდნენ, თუმცა პასუხის მიღების დაპირების მიუხედავად, მასალის გამოქვეყნებამდე თერჯოლის მერიიდან დამატებითი განმარტება ვერ მივიღეთ.

Print